ავტორი:

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

პირველად ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი, ღრმა ბავშვობაში - მე ეკრანს მივშტერებოდი, თვალცრემლიანი, ის კი ნელ-ნელა ზღვაში იკარგებოდა... მას შემდეგ ის კადრი არასდროს ამომშლია მეხსიერებიდან. რომ წამოვიზარდე, უკვე სხვა თვალით დავინახე, ცხადია, ისევ ეკრანიდან - ახალგაზრდა კაცი, საოცარი, მომნუსხველი გარეგნობის... ძლიერ მოვიხიბლე, თუმცა ვიცოდი, ჩემზე მეტისმეტად უფროსი იყო. მაშინ უკვე კონსტანტინე გამსახურდიაც კარგად ვიცოდი, "მთვარის მოტაცებაც" და თარაშ ემხვარიც, გურამ რჩეულიშვილიც და მუცალიც... და მისი სახელიც გავიგე, ქართველებისთვის იშვიათი სახელი - გეიდარი.

  • "მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!"

პირველი ნამდვილი შეხვედრა კარგად მახსოვს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, "საქწყალპროექტის" გენერალურ დირექტორს გეიდარ ფალავანდიშვილს სამსახურში, მის კაბინეტში ვესტუმრე, ინტერვიუსთვის, მის ფილმებსა და როლებზე უნდა გვესაუბრა. ოთახში უკვე ჭაღარათმიანი მამაკაცი დამხვდა, ძალიან მკაცრი გარეგნობის, კუშტი, მაგრამ... კვლავ ძალიან სიმპათიური. მართალია, არ იღიმოდა და მეც ძალიან დაძაბული ვიჯექი, მაგრამ შესანიშნავი მოსაუბრე კი გამოდგა. ვუსმენდი და თან ვფიქრობდი, რა ჰოლივუდი, აი, ვინ იქნებოდა ჭეშმარიტი კინოვარსკვლავი-მეთქი! იგი მსახიობი არ იყო, მაგრამ რამდენიმე როლითაც კი დამკვიდრდა ქართულ კინემატოგრაფიაში, ეს კი იოლი არავისთვის ყოფილა და არც ახლა არის. მას მართლაც ყველა მონაცემი და პირობა ჰქონდა, შესანიშნავი სამსახიობო კარიერა შეექმნა, მაგრამ... ჰქონდა პროფესია, რომელიც აირჩია, რომელიც უყვარდა და ამიტომ მსახიობობაზე საბოლოოდ თქვა უარი.

მახსოვს, ჩავეკითხე, ვინ იცის, კიდევ რა როლებს გთავაზობდნენ რეჟისორები, რატომ არ გაჰყევით ამ გზას-მეთქი და მოკლედ მომიჭრა: "მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე და მეტი რაღა უნდა მნდომოდაო?!

გეიდარ ფალავანდიშვილი 1937 წელს დაიბადა და მიუხედავად იმ პერიოდში გამეფებული უღმერთობისა, მოუნათლავთ და სახელად გიორგი უწოდებიათ. დიდი და ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავდა - გიორგი შენგელაია, გოგი ოჩიაური, დათუნა მაჭავარიანი, კოკა იგნატოვი... იმხანად მათი თაობის 25-მდე გამორჩეული ბიჭი მაინც იყო თბილისში, რომელთა უმრავლესობა რუსთაველზე ცხოვრობდა და მთელ დროს ერთად ატარებდა. ბატონი გეიდარისა და მისი მეგობრების ბავშვობა რეპრესიებს, ახალგაზრდობის წლები კი - ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა, ასე რომ, იმ გამორჩეულმა ბიჭებმა გაჭირვებაც ბევრი ნახეს და ტკივილიც, მაგრამ... კაცობა და ღირსება მაინც შეინარჩუნეს. როგორც ჩანს, დიდად არც ბატონი გეიდარის ოჯახს ულხინდა და ამიტომაც იყო, რომ მომავალ მეუღლეს - დიდი ივანე ჯავახიშვილის დის შვილიშვილსა და ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, ტრაგიკულად დაღუპული 26 წლის გურამ რჩეულიშვილის დას, ქალბატონ მარინე რჩეულიშვილს რომ უნდა შეხვედროდა, კარგი პალტო დათუნა მაჭავარიანს უთხოვებია, კიდევ ერთ მეგობარს თავისი ქუდი მიუცია, მეორეს - ფეხსაცმელი და ასე წასულა პაემანზე. ტყუილად კი არ უთქვამს პოეტს - "თბილისი იყო ურთიერთობაო"...

რეჟისორი გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, უფრო მეტიც - ძმასავით მყავდა. ამ გამორჩეულ კაცს ძარღვებში "ცისფერი სისხლი" უჩქეფდა, მისი დედისა და მამის თავადური წარმოშობა აისახებოდა მის გარეგნობაზეც, ქცევაზეც, ლაპარაკზეც, კეთილშობილებაზეც და განათლებაზეცო. რეჟისორს ძალიან გასჭირვებია თავისი სადიპლომო ნამუშევრისთვის - ფილმ "ალავერდობისთვის" მთავარი გმირის - გურამ რჩეულიშვილის როლის შემსრულებლის შერჩევა - ჯერ ერთი, ეს უკანასკნელი ახალი გარდაცვლილი იყო და მეორეც - უკვე იმხანად გიორგი შენგელაია გურამ რჩეულიშვილს სამაგალითო მწერლად და დიდ ადამიანად მიიჩნევდა. მიუხედავად მცირე ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრობდა კიდეც მასთან, ექსპედიციებშიც ხშირად ერთად დადიოდნენ. რეჟისორმა საერთო წრეში ბევრი ვაჟი მოსინჯა როლისთვის, მაგრამ არჩევა გაუჭირდა, რადგან ერთი მომენტი უნდა გაეთვალისწინებია - ამ როლის შემსრულებლის თავის ფორმა რაღაცნაირად ცხენს უნდა მგვანებოდა, რადგან ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდებოდა, გმირი და ცხენი ერთ სხეულად უნდა გადაქცეულიყვნენ. საბოლოოდ, გეიდარ ფალავანდიშვილი აირჩია, მაგრამ იმ ზაფხულს ის და მისი ახლადშერთული მეუღლე მარინე ზღვაზე, საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. როგორღაც მაინც დაითანხმა და სასწრაფოდ ჩამოიყვანა. თურმე, პირდაპირ ალავერდის გუმბათზე აიყვანა სინჯის გადასაღებად და დაამტკიცა კიდეც როლზე.

რადგან ბატონი გეიდარი უკვე რჩეულიშვილების ოჯახის წევრი იყო და მათთან ცხოვრობდა, მისთვის, ალბათ, პატივიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც გურამის როლის შესრულება. გიორგი შენგელაია ამბობდა, - გარდა იმისა, რომ გეიდარი ნიჭიერი კაცი იყო, მას ძალიან საინტერესო გარეგნობა და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა, რაც აუცილებლად მიიპყრობდა ნებისმიერი რეჟისორის ყურადღებასო. მას სცოდნია, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი მანამდე ცხენზე არასდროს მჯდარიყო, ამბობდა, მე შევსვი პირველადო. არადა, ბატონმა გეიდარმა წლების წინანდელ ინტერვიუში სხვაგვარად მიამბო.

მახსოვს, მითხრა, მოჯირითე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ერთხელ კი მყავდა ცხენი გაჭენებული, ხევსურეთში, გოგი ოჩიაურთან ერთად. ხევსურეთიდან მოვდიოდით და ხისუნაგირიანი ცხენები იმდენ ხანს ვაჭენეთ, გვარიანად დაგვაზიანაო. რაც შეეხება ფილმში ჭენებას, იქ, თურმე, მასწავლებლები ავარჯიშებდნენ, თანაც - დიდხანს გაუგრძელდა ვარჯიში, რადგან გადაღებებმა წელიწადზე მეტხანს გასტანა. გიორგი შენგელაია იხსენებდა, გეიდარი რამდენჯერმე გადმოაგდო ცხენმა, სულ დაჟეჟილი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც დაიჯერა, რომ ცხენის დამორჩილებას შეძლებდა. გადაღებებს შორის, პაუზების დროს ალაზანზე დადიოდა ხოლმე საბანაოდ და ერთხელაც ცხენით შევიდა, მაგრამ ისეთ დღეში ჩავარდა, ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდაო. ერთხელ კიდევ ბატონ გეიდარს ალავერდის წინ მოუნდომებია ცხენის გაჭენება. გიორგი შენგელაიას თქმით, გამოუცდელი იყო და ვერ განსაზღვრა, რომ ტაძრის შიგნით თავლა იყო და ცხენი იქით გაიქცეოდა. მართლაც ასე მოხდა, ცხენი სწორედ იმ შესასვლელისკენ გაჭენდა. კიდევ კარგი, გეიდარმა შეჩერება მოახერხა, თორემ იმ შესასვლელში ცხენიანად ვერაფრით შეეტეოდა და, ალბათ, მძიმედ დასრულდებოდა ეგ ამბავი. ამ შემთხვევაში მხოლოდ გადმოვარდნას დასჯერდაო.

ამ ფილმს თენგიზ აბულაძის "ვედრებაში" მუცალის როლი მოჰყვა, შემდეგ - "ფერისცვალებაში" გივის, "ჯვარცმულ კუნძულში" სოსოს და ბოლოს - "მთვარის მოტაცებაში" - თარაშ ემხვარის. საოცარია, მსახიობი არ იყო, მაგრამ ყველგან განსხვავებული, საკუთარი სახე შექმნა, მათ შორის - "ალავერდობაშიც", სადაც რეალურ პიროვნებას - გურამს განასახიერებდა.

  • გეიდარი და მარინე

რას წარმოვიდგენდი, რომ იმ პირველ ნამდვილ შეხვედრას შეხვედრების კასკადი მოჰყვებოდა, თანაც - მის ოჯახში. ეს კი, უპირველესად, ჩემი დიდი სიყვარულის - გურამ რჩეულიშვილის დამსახურებაა. მან და მისი წიგნების გამოსაცემად სამზადისმა მიმიყვანა რჩეულიშვილ-ფალავანდიშვილების ოჯახში და მას შემდეგ იმ სახლის ხშირი სტუმარი გავხდი... ლამის, ოჯახის წევრივით. შესაბამისად, ნელ-ნელა აღარც ბატონი გეიდარი მეჩვენებოდა ძალიან კუშტ ადამიანად, ქალბატონი მარინეც ახლოს გავიცანი და უკვე დამატებითი კითხვები გამიჩნდა მორიგი ინტერვიუსთვის.

უპირველესად მაინც მათი გაცნობის ამბავი მაინტერესებდა. ერთმანეთს ბაკურიანში შეხვედრიან, 1957 წელს. გურამ რჩეულიშვილი ბაკურიანში ყოფილა და თბილისში დაბრუნებული მარინეს დაჰპირებია, კიდევ უნდა წავიდე და შენც წაგიყვანო. მართლაც შეუსრულა დანაპირები და მალევე წაიყვანა. მარინე გურამის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ იმ წრეში გაიცნო გეიდარიც. როგორც ჩანს, ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ... უფრო კი, მგონი, შეუყვარდათ... ერთი ნახვით.

მერე თბილისშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალე დაქორწინებაც გადაწყვიტეს. მარინემ გეიდარი შინ მიიყვანა და თავის დიდ ბაბუას წარუდგინა, ეს უკანასკნელი, თურმე, ადამიანების შეფასებისას გვარიშვილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და, როგორც ჩანს, გეიდარის გვარმა აშკარად იმოქმედა, რადგან იმწამს კეთილად განეწყო. ამ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი დაიღუპა და, შესაბამისად, რაღაც ხნით გეიდარისა და მარინეს ქორწინებაც გადაიდო. რომ დაქორწინდნენ, გეიდარი ოცდაერთი წლის ყოფილა, მარინე - ოცისა.

ბატონი გეიდარი მართლაც უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა. რაც გიამბეთ, ზღვაში წვეთი იყო: თურმე, პროფესიულად ცურავდა; ფარიკაობდა; თხილამურებით სრიალებდა; 40 წლის ასაკში შესანიშნავად შეისწავლა ჩოგბურთის თამაში და დღეს ჩოგბურთში მისი სახელობის ტურნირიც კი ტარდება; ხიდიდან წყალში ხტებოდა (სხვათა შორის, 74 წლის ასაკშიც კი), ვიდრე... მისი ავადმყოფობის ამბავი ქალბატონი მარინესგან შევიტყვე, თურმე, ამბობდა, ღმერთს უნდა შევთხოვო, სიყვარულის უნარი ბოლო წუთამდე არ დამიკარგოსო და ბევრს ლოცულობდა.

რა არ სცადეს, საზღვარგარეთაც უმკურნალეს. რომ ჩამოვიდნენ, მათთან მისვლა მომიხდა და... გული შემეკუმშა. სადღა იყო ის კუშტი მამაკაცი... ავადმყოფობას შეეცვალა, თითქოს გულჩვილიც გამხდარიყო. მომიჯდა, თბილად მომიკითხა, კარგა ხანს მესაუბრა... მკაცრი იერი სადღაც გამქრალიყო... მერე კი, ძალიან მალე... თავადაც "გაქრა"... 2012 წელი იყო... თურმე, 6 მაისს მიაბარა სული უფალს, გიორგობის დღესასწაული 5 წუთის დამდგარი რომ იყო...

ავტორი: ირმა ხარშილაძე