"ასე, გაღიმებული დავხვდი და ღიმილითვე გავაცილებ!" - ეს სტატუსი მოდელ და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს ეკუთვნის. კოვიდინფიცირებულთა რიცხვს დღეს შეურთდა და ამბობს, რომ ოპტიმისტურად შეხვდა ვირუსს, რომლის გამოც, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა.
AMBEBI.GE მანიკა ასათიანს ესაუბრა:
- ჩემი სიძისგან გადამედო ვირუსი, მისი ერთ-ერთი კონტაქტი ვიყავი. როგორც კი ტესტირების შედეგად დაუდასტურდა, იზოლაციაში გადავედი და სიმპტომები ნელ-ნელა დამეწყო. დღეს უკვე მეოთხე დღეა და ჯერჯერობით სიცხე არ მაქვს, მაგრამ დავკარგე ყნოსვა, გემოს შეგრძნება ისევ მაქვს. ცოტა გულიც მაქვს აჩქარებული. თავიდან ყელი ჩამეხეხა, მტკიოდა.
- მეუღლე და შვილი როგორ არიან?
- უცნაურია, მაგრამ მეუღლის პირველი ტესტი უარყოფითია, არადა ორივე ჩემი სიძის კონტაქტები ვიყავით. უარყოფითია ჩემი დის ტესტიც. ჩემი შვილის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
- კლასტერი თუ გყავს?
- ჯერჯერობით არა, კვირას ვიყავი ბოლოს ტელევიზიაში და მაშინ ყველა ლოგიკით ჯერ გადამდები არ უნდა ვყოფილიყავი. თუმცა თანამშრომლებმა დღეს ტესტი მაინც გაიკეთეს.
- ექიმთან თუ გაიარე კონსულტაცია?
- დიახ და ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე გართულების შემთხვევაში. ამ ეტაპზე ვსვამ ბევრ სუფთა წყალს, ვიღებ D და C ვიტამინს. ასევე როგორც ჩაიში, ისეც მივირთმევ ლიმონს. მითხრეს, რომ ძალიან კარგია ამ დროს სიარული. კოვიდსასტუმროში გადაყვანაზე უარი ვთქვი, რადგან სახლში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. სრულიად იზოლირებული ვარ, ცალკე სველი წერტილი მაქვს და აივანი, სადაც ვახერხებ სიარულს.
- ამბობენ, რომ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რამდენად მომზადებული შეხვდი ვირუსს?
- სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ ღიმილით შევხვდი და ღიმილით გავაცილებ-თქო. იმდენად მივეჩვიეთ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, რომ პანიკა არ მაქვს, უბრალოდ, როდესაც მეკითხებიან როგორ ხარ? - ვპასუხობ, რომ უცნაურად. თითქოს გაგუდული ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ ვსუნთქავ. ვიცი, რომ მეექვსე დღეა რთული, ვაკვირდები ჯერჯერობით სიმპტომებს...