ავტორი:

"ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში მოუწოდა მოსახლეობას, კოვიდი არაფერიაო... ნუ ახდენთ საფრთხის იგნორირებას" - ცერცვაძე

"ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში მოუწოდა მოსახლეობას, კოვიდი არაფერიაო... ნუ ახდენთ საფრთხის იგნორირებას" - ცერცვაძე

ვისაც კოვიდის არ გეშინიათ, ხვალ რომ დაგემართოთ, სულ სხვანაირად ალაპარაკდებით, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად კი, ახალგაზრდები, დემონსტრაციულად ახდენენ კოვიდის საფრთხის იგნორირებას.

"ზოგიერთისთვის ეს ერთგვარი თავის მოწონების და თვითდამკვიდრების საშუალებაც კი არის. სამწუხაროდ, ერთმა ძალიან ცნობილმა პოლიტიკოსმა პირდაპირ მოუწოდა ტელეეთერში მოსახლეობას, რომ კოვიდი არაფერი არ არის, მე თვითონ გადავიტანე რამდენიმე დღის წინ და არ მიგრძვნია არაფერიო. ამ პათოსით ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამბობენ, რომ „რა მოხდა, რატომ უნდა მოვიკლოთ კოვიდის გამო რამე? ჩვენ არ გვეშინია კოვიდის“. ბევრს ეამაყება, რომ არ ეშინია კოვიდის და ამიტომ უარყოფენ ყველანაირ შეზღუდვებს. ზოგი გამოწვევად და პრინციპულად არ ემორჩილება შეზღუდვებს, რათა დაამტკიცოს ძლიერი და ყოჩაღია. მოგიწოდებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ კოვიდის საფრთხის იგნორირებას - ეს არის ძალიან დიდი შეცდომა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ყველამ აუცილებელად უნდა დაიცვას რეგულაციები, მიუხედავად იმისა, ეშინია თუ არა კორონავირუსის.

"დავუშვათ, თქვენთვის არ არის საშიში, ახალგაზრდები ხართ და იოლად გადაიტანთ დიდი უმრავლესობა, მაინც არ არის გამართლებული ეს პოზიცია, რომ კოვიდს ანგარიშს არ უწევთ. გარანტირებულად გეუბნებით, რომ დაავადებთ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თქვენს დედას, მამას, ბებიას, ახლობლებს და სასიკვდილოდ გაწირავთ მათ. რა ვქნათ, იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ჟინით თუ რაღაც მოსაზრებებით გვინდა, ვაჩვენოთ სხვას, რომ კოვიდის არ გვეშინია და ამით სასიცოცხლოდ გავწიროთ ჩვენი ახლობლები, განსაკუთრებით ხანდაზმულები? ეს სწორია? ეს კარგია? ეს დაუშვებელია! ჩვენ ხომ უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით ვექცევით საქართველოში უფროსებს, ხანდაზმულებს, ეს ხომ ერთ-ერთი ქართული ტრადიციაა, რომ ქალის და ხანდაზმული ადამიანის კულტია საქართველში. ჩვენ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს უდიდესი პატივისცემით ვექცევით და ეს არის პატივისცემა? მივმართავ ყველას, დამოუკიდებლად იმისა, ვინმეს კოვიდის ეშინია თუ არ ეშინია, დაიცვას რეგულაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2358 პაციენტი