გასულ შაბათს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად "დემოკრატების“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამოცხადდა და მას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა გამარჯვება, თუმცა ბევრია ისეთი ქვეყანაც, რომელთა პირველი პირებიც მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ვნახოთ, რომელია ეს ქვეყნები:
ოთხი წლის წინ პუტინი იმ ლიდერებს შორის იყო, რომლებმაც დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველებმა მიულოცეს, თუმცა ამჯერად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჯო ბაიდენთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მიზეზი ის სამართლებრივი გამოწვევებია, რომლებიც ტრამპის კამპანიამ წამოიწყო.
"გვჯერა, რომ სწორი იქნება დაველოდოთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. როგორც BBC წერს, არსებობს ეჭვი, რომ მოსკოვს აქამდე ბაიდენისთვის არ მიულოცია, რადგანაც არ არის აღფრთოვანებული არჩევნების შედეგით, რაც შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ბაიდენი კრემლის პოლიტიკას ხშირად მწვავედ აკრიტიკებს.
იანეზ იანშას არასდროს დაუმალავს, რომ ტრამპის მხარდამჭერია. მან ამერიკელი "დემოკრატები" არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ თაღლითობაშიც კი დაადანაშაულა. შაბათს, მისი ტონი უფრო შერბილებული იყო და განაცხადა, რომ აშშ სლოვენიის სტრატეგიული პარტნიორია და რომ ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდება. თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიულოცია გამარჯვება ბაიდენისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ დონალდ ტრამპის ცოლი, მელანია, სლოვენიელია.
მერთ ჰელმმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მან და მისმა ვაჟმა, ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმმა აშშ-ში არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრეს. მათ ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი, ჰანთერი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
"ყველა ნორმალურმა ადამიანმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს სავარაუდო გაყალბების შესახებ. აზრი არ აქვს რაიმე სახის დემოკრატიაზე, ან კანონის უზენაესობაზე საუბარს, თუ შესაძლებელია, რომ არჩევნები ასე უხეშად და მასიურად გაყალბდეს“, - განაცხადა მარტინმა.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკოსი მამა-შვილი (მერთ და მარტინ ჰელმები) გააკრიტიკა და ბაიდენს გამარჯვება მიულოცა.
ბოლსონარუ დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა და მას "ტროპიკების ტრამპსაც“ კი უწოდებენ. ამიტომაც ის, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ბაიდენისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცია, არავის გაჰკვირვებია. ბრაზილიური მედიის ცნობით, ბოლსონარუ ელოდება, თუ როდის დასრულდება აშშ-ში პრეზიდენტობასთან დაკავშირებული ტრამპის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავები.
კიდევ ერთი ლიდერი ლათინო ამერიკიდან, რომელსაც ბაიდენისთვის აქამდე გამარჯვება არ მიულოცია და რომელიც ცდილობდა, რომ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამ ორ ქვეყანას შორის იყო.
როგორც BBC წერს, მექსიკის ლიდერი მილოცვის საკითხს სიფრთხილით მოეკიდა და განაცხადა, რომ ის "იურიდიული საკითხების მოგვარებას“ ელოდება. "ჩვენ არ გვსურს, მსუბუქად ვიმოქმედოთ. მექსიკას ორივე კანდიდატთან კარგი ურთიერთობა აქვს“, - განაცხადა მედიასთან ლოპეს ობრადორმა.
ნათანიაჰუ კიდევ ერთი ლიდერია, რომელსაც არასდროს დაუმალავს თავისი მხარდაჭერა ტრამპის მიმართ. მან მართალია მიულოცა ბაიდენს გამარჯვება, თუმცა, საყურადღებოა, რომ მისალოც ტექსტში მას არ გამოუყენებია ფრაზები - "არჩეული პრეზიდენტი“ და "არჩეული ვიცე-პრეზიდენტი.“
"მე მინდა მივულოცო ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. თითქმის 40 წელია პირადი, ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობა მაქვს ჯო ბაიდენთან და მე მას ვიცნობ, როგორც ისრაელის დიდ მეგობარს“, - თქვა ბენიამინ ნათანიაჰუმ.
სი ძინპინი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2016 წელს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მაგრამ ამჯერად ჩინეთს არანაირი რეაქცია არ გამოუვლენია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისადმი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ პეკინი ყურადღებით აკვირდება არჩევნების შემდგომ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა 2016 წელს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ მიულოცა. ამასთან, საყურადღებოა, რომ კიმს ბაიდენმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს თაღლითი უწოდა და თქვა, რომ მასთან "პირადი დიპლომატიით“ დაინტერესებული არ არის. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბაიდენის შესახებ ამბობს, რომ მას "ინტელექტის დაბალი კოეფიციენტი აქვს".
ცნობისთვის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, "დემოკრატების" კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 279 ხმა მიიღო, ხოლო "რესპუბლიკელების" კანდიდატ დონალდ ტრამპს, კოლეგიის 214 ხმა აქვს. იმისთვის, რომ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო, საჭირო იყო, რომ რომელიმე მათგანს ამომრჩეველთა კოლეგიის სულ მცირე 270 ხმა მიეღო.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დაიწყო.