თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"7 ნოემბერი ხომ იყო უმძიმესი, მაგრამ, აი, რუსთაველზე მერაბიშვილმა რომ ჩამოიარა კმაყოფილმა, ბედნიერმა და მოგვახსენა სახელმწიფო შედგაო, ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი იმ დღეს. ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე. და კიდევ უფრო იმიტომ, რომ იყო ხალხი რომელიც კედელ კედელ დადიოდა სწორედ იმ გონორით და ემოციით როგორც იმ დღეს მერაბიშვილი. მაგრამ ახალი დღე გათენდა და კიდევ უფრო ნათელია ამ კვირის მთავარ დილემებზე პასუხი.1
1. როგორც პირველი წუთიდან ვამბობდი, ჯერჯერობით ნათელია, რომ მანდატებზე და მეორე ტურებზე უარი იყო სიშლეგე;
2. გათვლა იმაზე, რომ ამით ვინმე რამეს გაიგებდა, მგონი, წუხელ თვალნათლივ დავინახეთ, არ იყო სწორი;
3. ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება, რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან, რომ დარბევას ვიწყებთო, ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი;
4. როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ულტიმატუმის რეჟიმში მუშაობს, იქ სახელმწიფოებრიობაა პირველი მსხვერპლი და აგურ-აგურ დაშალეთ, აბა, თქვენ იცით, რაც დარჩენილია;
5. იქნებ გამოჩნდეთ ვინმე, ვინც რეალურ ნებას აჩვენებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკის კეთების და დიალოგის კარს გააღებთ. აზრიანი, კონსენსუსის ძიებით მოტივირებული დიალოგის;
6. გუშინ აქციის დაშლა, ოპოზიციის მიერ, (მომიტინგეებისთვის მოწოდება ღამე სახლში გაეთენებინათ) იყო სწორი, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იქნებ ეს გამოიყენოს "ოცნებამ" საწყისად;
7. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ მანევრი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს არ გაქვთ დარჩენილი. უფრო დიდი შეცდომების დაშვების შესაძლებლობა კი უსაზღვროა.