31 ოქტომბრის არჩევნების შედეგს ოპოზიცია კვლავაც გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს და მანდატებზე უარის თქმას აპირებს. გასული კვირის განმავლობაში ხმაურიანი აქციები იმართებოდა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან, 8 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი აპირებენ ეს აქციები პერმანენტულად გააგრძელონ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ეს მოთხოვნები კი ასე ჩამოყალიბდა: 1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; 2. გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს; 3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს და შენობის ბლოკირება სცადეს. მათ დამცავი ჯებირები მოარღვიეს, რის პასუხადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის წინ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად". ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვრცლად ისაუბრა გია ხუხაშვილმა. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:
- დღეს, როდესაც ქვეყანაში არაერთი თვალსაზრისით ურთულესი ვითარებაა, სწორია ოპოზიციის გადაწყვეტილება, უარი თქვას მანდატებზე?
- თუ არ იქნება სამართლიანობა, ვერ იქნება მშვიდობა. გეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დადგეს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არ უნდა გვქონდეს. ეს, უპირველესად, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომელმაც, ფაქტობრივად, თვითონ დააყენა ეჭვქვეშ საკუთარი ლეგიტიმაცია. ჩვენ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ოპოზიციასთან, მაგრამ არანაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან, რომელიც კი ცდილობს, ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას - პანდემია, ლარის კურსი და ყველაფერი მას გადააბრალოს, მაგრამ ეს აბსურდია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. თითის სხვისკენ გაშვერა არ არის სახელმწიფოებრივი ქცევა და ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.თუ ხელისუფლება არ გააჩენს სამართლიანობის განცდას, ისევ ეცდება საზოგადოების გახლეჩას და ილაპარაკებს ფარულ ჩანაწერებსა თუ სახელმწიფო გადატრიალებაზე, მისთვისვე იქნება ცუდი.
გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის ბიძას ელაპარაკება და ამაზე შეთქმულების თეორიის აგებას ცდილობ, ეს საქმის შეკერვის ძალიან დაბალი დონის მცდელობაა. აღარაფერს ვამბობ სალომე სამადაშვილის სატელეფონო საუბრის მოსმენაზე, რაც მართლაც ამაზრზენია. ამ ხელისუფლებამ ამაზეც კი არ თქვა უარი. ჩემი აზრით, დღევანდელი "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობად". არაფერზე თქვეს უარი გარდა ციხეებისა და ცოცხებისა...
დღევანდელი ვითარებით ისე გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც მოსწონდა ის სისტემა, ამიტომაც წაართვა სააკაშვილს და ახლა თვითონ თამაშობს. ჩემი აზრით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები - ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანაში მარტო ეს არ არის პრობლემა. მხოლოდ ეს რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა ილუზია, რომ მას სხვადასხვა მეთოდით გადატეხდა, მაგრამ ფონი ძალიან მძიმეა - პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარების პოზიტიური გეგმა მათ არა აქვთ. ეს ყველაფერი შექმნის კუმულაციურ ეფექტს, ამას დაემატება პოლიტიკური რყევები და ვერც ერთი ხელისუფალი, მით უფრო - ასეთი მყიფე ლეგიტიმაციის, ამას ვერ გაუძლებს. აქ მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ, ნაკლები ზიანის მომტანი რეკომენდაციები მივცეთ პოლიტიკურ სპექტრს. მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგით მისვლა შესაძლებელია ოპოზიციის პარლამენტში შესვლით. არ მესმის, რატომ არ განიხილავს ოპოზიცია ამ სცენარს. კი ბატონო, ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პარლამენტში შესვლით ოპოზიციას შეუძლია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოსაძიებლად კომისია შექმნას. იქ მათ უფლება ექნებათ, დაჰკითხონ ყველა - ჟვანიათი დაწყებული, სუს-ის წარმომადგენლებით დამთავრებული და ამ საგამოძიებო პროცესის შედეგად გამოაქვეყნონ შესაფერისი არგუმენტებით, დაკითხვის ოქმებითა და კონკრეტული რიცხვებით გამყარებული დასკვნა. ამის შემდეგ, თუკი დასაბუთებული ბრალდებები იარსებებს, მათ შეუძლიათ ბევრი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ...
ოპოზიციას შეუძლია წარმართოს ძალიან სერიოზული პროცესი, რომლის შედეგად გამოჩნდება, იყო თუ არა გაყალბება იმ მასშტაბის, რომ ის აისახა არჩევნების შედეგზე. თუ ეს დადასტურდება, შეუძლიათ პარლამენტშივე მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, მაშინ დატოვონ პარლამენტი. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც უფრო გასაგები და მისაღები ნაბიჯები იქნება. "ქართულ ოცნებასაც" შეუძლია დათმობა, მაგალითად, ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებით. შეიძლება ხელისუფლებამ შესთავაზოს ოპოზიციას, თუ მათ ეჭვი ეპარებათ რამეში, შექმნან კომისია, ოღონდ საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში და თუ ამ კომისიის მუშაობით გამოვლინდა, რომ დადასტურებული დარღვევები არსებითად ცვლის არჩევნების შედეგებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ცივილიზებულ ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, ამგვარ ქმედებას სხვა ძალა ექნება. ასე არც სახელმწიფო დაზარალდება. წინ ისედაც უმძიმესი ზამთარი გვიდევს, ეს პოლიტიკური რყევები კი საფრთხეს ზრდის და ეს, უპირველესად, მოქალაქეებზე აისახება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი ოპოზიციას დავაბრალო, მაგრამ ბოლოს ისე გამოვა, რომ ამაში მათი წილი ბრალეულობაც იქნება. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ოპოზიციის არგუმენტი ასეთია - ამბობენ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებსო, მაგრამ ამ მოსაზრებას მე არ ვიზიარებ.
სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ამომრჩეველი შეიძლება დღეს გაბრაზდეს, მაგრამ ხვალ პროცესის გაგრძელებას რომ დაინახავს, აღიარებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით მხოლოდ ეს არის სწორი გზა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება დღეს არის პოლიტიკურ ბუნკერში. ოპოზიციაც პრობლემურია, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტებს არ ელაპარაკებოდე. მეტიც - ხელისუფლება არც სამოქალაქო საზოგადოებას ელაპარაკება, პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვს, არ აქვს გეგმა არც პოლიტიკური კრიზის დაძლევის და არც - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების. ისინი არიან აბსოლუტურ თვითიზოლაციაში და მათი ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა.ხელისუფლება, რომელიც არავის ელაპარაკება, მხოლოდ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს და ვიღაცის შეშინებას ან მოსყიდვას ცდილობს, საშიშია. წაიკითხეთ სტატია სრულად