ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჯო ბაიდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მასთან ურთიერთობის ისტორიას იხსენებს:

"მრავალი წელია, რაც პრეზიდენტ ტრამპთან ვმეგობრობ, თუმცა, სწორედ ამდენივე წელია, რაც ამერიკის უკვე ახლანდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეგობარი ვარ. ჩვენი ურთიერთობა 90-იანი წლებიდან იწყება - მაშინ ორივენი ჯონ მაკკეინის ახლო მეგობრები ვიყავით. მაკკეინი ბაიდენის უახლოესი მეგობარი იყო სენატში, ამიტომ, როცა არ უნდა მივსულიყავი მაკკეინთან, ბაიდენთან გადაკვეთა ყოველთვის მიწევდა.

როცა პრეზიდენტი გავხდი და 2007 წელს რუსეთმა ჩემს წინააღმდეგ მასობრივი აქციების კამპანია დააფინანსა, მაშინ ჩემი ახლო მეგობარი, ჯონ მაკკეინიც თვლიდა, რომ შეცდომებს ვუშვებდი. ბაიდენი ერთადერთი სენატორი იყო, რომელიც მაშინდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, (მაშინაც კენჭს იყრიდა) საჯაროდ მიჭერდა მხარს და ამბობდა, რომ ის, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა, მთლიანად რუსული ხელწერა იყო.

როცა ჩვენთან ომი დაიწყო, პრეზიდენტ ობამას პირველი განცხადება საკმაოდ ნეიტრალური აღმოჩნდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ ჩვენთან ბაიდენი ჩამოფრინდა და გამოიჩინა ინიციატივა, ამერიკული დახმარების სახით საქართველო მილიარდი დოლარით დაეფინანსებინათ. ჩვენ საერთო პრესკონფერენცია ჩავატარეთ და რამდენიმე დღეში, ამერიკაში დაბრუნებულ ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს, რადგან მისი განცხადების შემდეგ ობამას რეიტინგმა საგრძნობლად აიწია.

2008 წლის სექტემბერში, ობამასთან ერთად მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა მთხოვა, მინეაპოლისში ჩავსულიყავი. როცა ჩავედი, ამომრჩეველთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიმიწვია და ძალიან ამაყობდა იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაკკეინის უახლოეს მეგობრად ვითვლებოდი, ჩემი მეგობარი ბაიდენისადმიც გამოვხატავდი მხარდაჭერას. ჩემი მხრიდან ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რადგან არ შემეძლო, მხოლოდ ერთი პარტიისთვის დამეჭირა მხარი და არ გამომეხატა ჩემი უდიდესი ადამიანური მხარდაჭერა ბაიდენის მიმართ.

2009 წელს, როდესაც კრემლმა ჩემსკენ უმძიმესი წნეხის მორიგი ტალღა მომართა, ბაიდენი კვლავ ჩამოფრინდა და დემონსტრაციულად დამიჭირა მხარი. არასოდეს დამავიწყდება მისი შეხვედრა ქართველ დევნილებთან, რომელიც თითქმის 3 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლები, ემოციები და ინტერვიუ The Wall Street Journal-თან, რომელიც მან დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ჩაწერა. ბაიდენმა ინტერვიუში მთლიანად გადაუხვია ობამას მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის კურსს და კრემლს მთელი ძალით შეუტია.

2012 წელში მან აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი მიწოდა.

ბოლოს ბაიდენი 2015 წელს ვნახე, კოლორადო-სპრინგსის სამხედრო-საზღვაო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალზე, სადაც ქართველმა კურსდამთავრებულმა მიმიწვია (ამ დროს პრეზიდენტი აღარ ვიყავი). ბაიდენმა გაიგო, რომ აუდიტორიაში ვიყავი, სცენაზე ასვლა მთხოვა და, მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, ჩვენ ძალიან თბილად ვისაუბრეთ და გავიხსენეთ ძველი დრო.

მთელი გულით მიხარია მისი წარმატება, რადგან, პირველ რიგში, ის არის არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ კარგი, ემოციური და ნამდვილი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია. მისი არჩევა რეგიონალური პოლიტიკის ხელახალი გააზრების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ახლა, როცა ქართველი ერი იმ მოპარული არჩევნებისა და გამარჯვების დასაბრუნებლად იბრძვის, რომელიც ოპოზიციამ დამაჯერებელი შედეგით მოიპოვა, თეთრ სახლში ნამდვილად გვჭირდება მხარდამჭერები" - წერს მიხეილ სააკაშვილი და ჯო ბაიდენთან გადაღებულ ისტორიულ ფოტოებს აქვეყნებს.

"თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება" - რას წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქზე"

როგორ ულოცავენ დედის დღეს თავიანთ დედებს ცნობილი ქართველები - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა დედის დღე დედას?