“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები თბილისში დღეს რამდენიმე ადგილას საპროტეტსო აქციებს მართავენ. ისინი ავტომობილებით ე.წ. მოდულის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის გავლით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ გაემართნენ. "განვაახლოთ ქვეყნის აღორძინება“, - ამ სლოგანით შეკრებილი აქტივისტები ბიზნესცენტრთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცავები ამის უფლებას არ აძლევენ.
აქტივისტების თქმით, ბიზნესცენტთან, სადაც აქციას მართავენ, გასროლის ხმა იყო. როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა. შემთხვევის ადგილზე, ასფალტზე ყრია გასროლილი მასრები. პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.
"ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.