ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლ ამბერ ჰარდს შორის დაპირისპირების საგა უკვე წლებია გრძელდება. ამჯერად დეპმა წააგო სასამართლო დავა გამოცემა The Sun-თან, რომელიც შეეხებოდა გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჯონი "ცოლის მცემელად“ იყო მოხსენიებული.
57 წლის ჯონი დეპმა the Sun-ს მას შემდეგ უჩივლა, რაც დაწერეს, რომ მსახიობმა ყოფილ ცოლს ამბერ ჰარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯონი დეპი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას ითხოვდა. BBC-ის ცნობით, ლონდონის სასამართლოს თანახმად, გამოცემამ დაადასტურა, რომ სტატიაში მოცემული ამბავი იყო "არსებითად სიმართლე“.
სასამართლომ დაადგინა რომ ოჯახური ძალადობის 14 სავარაუდო ინციდენტიდან 12-ში დაზარალებული ამბერ ჰარდია. ჯონი დეპის ადვოკატის თქმით, მსახიობი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გამოცემამ სასამართლოზე წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ჯონის დეპის მხრიდან ყოფილ ცოლზე ძალადობას ადასტურებდა. ასევე წარადგინეს ამბერის ჩვენებაც, სადაც ის ამბობს, რომ ჯონისთან ცხოვრების დროს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლს შორის სასამართლო დავა არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ვარსკვლავური ყოფილი ცოლ-ქმარი უკვე წლებია სკანდალში არიან გახვეულნი.
წყვილი 2016 წელს დაშორდა, რის შემდეგაც ამბერმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა და ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდო ბრალი. საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგანაც ჯონი დეპმა ყოფილი ცოლი პირიქით, თავად დაადანაშაულა ფიზიკურ ძალადობაში. მისმა ადვოკატმა კი, აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს აუდიოჩანაწერები წარუდგინა.
ჯონი დეპის ადვოკატის თქმით, ჰარდი ყოფილ ქმარზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, ხოლო ჯონი მისგან გაქცევას და ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა - წაიკითხეთ დეტალურად ჯონი დეპისა და ამბერ ჰარდის სკანდალური დაპირისპირების ისტორია
აღსანიშნავია, რომ სკანდალს ჯონი დეპის ყოფილები, ვანესა პარადი და უაინონა რაიდერიც გამოეხმაურნენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯონი დეპისგან ძალადობის მსხვერპლნი არასდროს ყოფილან.