ავტორი:

"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ. იმედი მქონდა, რომ არჩევნების სამართლიანობა მოკლე დროში გადამოწმდებოდა, ხოლო მტკიცებულებების წარდგენა, თუ როგორ ჩატარდა პროცესი, სიტუაციას დაამშვიდებდა, თუმცა ის უფრო და უფრო იძაბება", - ამის შესახებ ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი პროცესებში შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს.

"მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ, თუ შესაბამისი მხარეები ამას დათანხმდებიან. ამას გარდა, მე ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ გაავრცელონ ისეთი ნაჩქარევი განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებს თავიანთი ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ ნდობას გაუქარწყლებს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარი "ინტერპრესნიუსს“ იმაზეც ესაუბრა, თუ რას ფიქრობს ხელისუფლების პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც პარლამენტში არ იმუშავებს, სახელმწიფო ფინანსებს არ უნდა იღებდეს.

"ჩემი მიმართვა ორივე მხარეს ეხება - ოპოზიციასაც და "ქართულ ოცნებასაც“. ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ ნაჩქარევი განცხადების მაგალითია, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და მათი კომუნიკაციის ნაწილი არ უნდა იყოს. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საერთო გამოსავლის პოვნა მოხერხდება, სადაც თითოეულ არჩეულ წარმომადგენელს ექნება საშუალება, რომ მისი როლი განახორციელოს და მოქალაქეების ნება აღასრულოს. ხოლო, თუ ისევ რჩება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორია მოქალაქეების ნება, ამას შესაბამისმა საარჩევნო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა გასცენ პასუხი“, - განაცხადა გრეგოროვამ.