სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.