ავტორი:

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო პროცესი 31 ოქტომბერს არ დასრულდა - გარდა იმისა, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, ასევე სრული ოპოზციური სპექტრი, გაყალბების მოტივით, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და მასშტაბური აქციებით იმუქრება. ამ ყველაფრის ორკესტრირებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, აშკარაა, მას სურს 2003 წლის რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ განახორციელოს ქვეყანაში, თუმცა ასე შორიდან მას ოპოზიციის ლიდერობა ნაკლებად გამოსდის, მით უფრო, რომ ოპოზიციური დღევანდელი ერთობის ერთი ნაწილისთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ მიუღებელია.

შესაბამისად, ოპოზიციას სჭირდება ლიდერი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრისთვის გამაერთიანებლის ფუნქციაც ექნება და პროტესტის გენერატორიც იქნება.

  • იქცევა თუ არა ასეთ ლიდერად ნიკა მელია?

რამდენიმე დღის წინ, "მთავარი არხის“ ეთერში მომხდარი ინციდენტი დღემდე განხილვის თემად რჩება. ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, როცა გუბაზ სანიკიძემ თქვა, - ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციიდან არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა დრო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდესო. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს. მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ სანიკიძეს პროვოკატორი და უნამუსო უწოდა.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ სანიკიძის განცხადებების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც ნიკა მელიას ერთპიროვნული ლიდერობის წინააღმდეგია. ამის თაობაზე "ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა:

"მიშას დავალებით აკეთებს. მიშა მელიაზე ეჭვიანობს და გუბაზს ალაპარაკებს, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია. არაფერი ახალი“.

ნამდვილად არის ამ განცხადებაში სიმართლის მარცვალი, სააკაშვილს ყოველთვის ერთპიროვნული მართვა მოსწონდა და სავარაუდოდ, დღესაც მოსწონს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ თემის წამოჭრით და ვითომ კონფლიქტის გათამაშებით, სააკაშვილი მელიას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის წარმოჩენას, უწყობდეს ხელს, რადგან დღეს მას ასე სჭირდება, ანუ იცის, რომ თვითონ საქართველოში ვერ ჩამოვა, არადა, აქ პროცესების მართვას სჭირდება წინამძღოლი. მან "ტვ პირველის“ ეთერში მელიაზე საუბრისას განაცხადა: "მე ნიკა მელია მაგონებს ჩემი საუკეთესო წლების, საუკეთესო ფორმას და უფრო მაგარიც არის. ძალიან ვამაყობ ნიკათი, ძაან მაგარი ტიპია, მართლა, აი, შემტევი, გამბედავი, შეუპოვარი, ნამდვილი მაგარი ქართველი, თავისუფლების მოყვარე“.

სააკაშვილი რას ცდილობს და რატომ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ, ფაქტია ის, რომ მელიას ლიდერობის შესაძლებლობა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. ოპოზციის დიდი ნაწილი კარგად იაზრებს, რომ დიდი ერთობის და ქარიზმატული ლიდერის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ნიკა მელია საერთო ლიდერად თითქმის ყველასთვის მისაღებია, მაგალითისთვის, როგორც წყარო გვიყვება, ნინო ბურჯანაძის პარტიის სიის მეხუთე ნომერი ბესო დანელია მთელი საარჩევნო კამპანია მელიას გვერდით იდგა, საპასუხოდ კი ვნახეთ, თუ როგორი თბილი სიტყვებით წარადგინა მელიამ პირველი ნოემბრის აქციაზე ნინო ბურჯანაძე. ასევე არ არის დამალული "ევროპული საქართველოს“ ლიდერების ასევე კარგი დამოკიდებულება მელიას მიმართ. მოკლედ, ამ ეტაპზე ნიკა მელია თითქმის ყველასთვის მისაღები ლიდერია.

ამ თემაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- არ მგონია, რომ ეს თემა აქტუალურია იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არ არის მარტო პარტია, გარკვეული რელიგიაა, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება და ეს არის სააკაშვილი. კი ბატონო, შეიძლება მელია გამოკვეთილი ფიგურაა, მაგრამ არა უმეტეს ამისა. არც დგას საკითხი ასე, არც ის მგონია, მელიას ჰქონდეს ლიდერობაზე პრეტენზია, უბრალოდ, ხდება ხშირ შემთხვევაში ამ თემაზე პედალირება და ამის აჟიტირება.

ზოგადად, ყველა პარტიის ლიდერი ეჭვიანია და ის ცდილობს აკონტროლოს სიტუაცია, ესეც ბუნებრივია და გასაგები. დაახლოებით მოდელი იგივეა, როგორც ბიძინა და “ქართული ოცნება”, მელია "ნაცმოსთვის" იგივეა, რაც გახარიაა “ქართული ოცნებისთვის” - ვითომ ლიდერი, ვითომ ავტორიტეტი, რეალურად კი, ძალაუფლება, ყველა პარტიული გადაწყვეტილების გასაღები არის აქ ბიძინას, იქ - მიშას ხელში.

საერთოდ, მე უკვე ვიბნევი ხოლმე, ვეღარ გამიგია, ბიძინა რომელია და მიშა - რომელი. “ნაციონალები” ხმას აძლევენ სააკაშვილს, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მელიას, ან სხვა "ნაციონალს“. კი ბატონო, მოსწონთ მელია, მაგრამ იქამდე მოსწონთ, სანამ არ უპირისპირდება სააკაშვილს. მელია არის პოპულარული, მაგრამ "ნაცმოს“ გასაღები ელექტორატთან კარგად უჭირავს სააკაშვილს და ეს ყველამ იცის.

ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას. ასევე ექცევა ივანიშვილი გახარიას - კარგია პოპულარობა, კარგია ავტორიტეტი, მაგრამ თავში არ აგივარდესო და ზოგჯერ გაუტყლაშუნებს ხოლმე. ესენი ერთნი არიან, ერთნაირად აზროვნებენ. ეს არის სიმბიოზი, შესაძლოა ანტაგონისტური სიმბიოზი, მაგრამ მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მიშა და ბიძინა ტყუპივით არიან, უბრალოდ, ერთი მაღალია და მეორე, მაინც და მაინც მაღალი არ არის.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კობახიძესთან, მდინარაძესთან, ან ნებისმიერ პოლიტიკურ "კლოუნთან" დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ" - გიგა ბოკერია

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი