ავტორი:

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა განმარტებას აკეთებს ცესკო?

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა განმარტებას აკეთებს ცესკო?

თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები იმართება. აქციებზე ხმაური და დაპირისპირებაა.

აქციები ისანში, გლდანში, საბურთალოზე, ბათუმში, ბოლნისსა და წყალტუბოში მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ხმაური და დაპირისპირება იყო საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ალეკო ელისაშვილი შესვლას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, დაპირისპირებისას საოლქო საარჩევნო კომისიასთან მდებარე ერთ-ერთი კომერციული ფართის მინა დაზიანდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე დაშავდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

"დაშავდა ოპოზიციის ლიდერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, საბედნიეროდ გადარჩა. ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ხმებს იპარავენ, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს უფლებებს. არ ვაპირებთ დაშლას, დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ ვის აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება გააჩნიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, აქციები საოლქო კომისიებთან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა. მისივე თქმით, საოლქო კომისიებში ხმების გადათვლის და დაზუსტების პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობაზე მეტყველებს.

მოგვიანებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ხვალ ეცნობება.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - რა აჩვენა Ambebi.ge - ის გამოკითხვამ, რომელშიც 14 851-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა

"Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში პენსიონერი ექიმები ჩაერთვებიან" - რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი