ათეროსკლეროზი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესება და ლეტალური შედეგიც კი შეიძლება მოჰყვეს. ელასტიური და კუნთოვან-ელასტიური არტერიების ეს დაზიანება, ლიპიდური და ცილოვანი ცვლის დარღვევას უკავშირდება, შედეგად იწვევს სისხლძარღვში ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების ზოგიერთი ფრაქციების დაგროვებას.
ათეროსკლეროზი მიოკარდიუმის ინფარქტის მაპროვოცირებელიერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია;ეს დაავადება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 40 წუთში ერთ ადამიანს ემართება.
თოდუას კლინიკის კარდიოლოგი ნანო ემუხვარი ათეროსკლეროზზე, ამ პათოლოგიისპრევენციასა და იმ რეკომენდაციებზე გვესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც მოქალაქეებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
– ათეროსკლეროზის მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება მსოფლიოში და რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი ეს სტანდარტები საქართველოში?
– დაავადება მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ტაქტიკაც ყველგან ფაქტობრივად ერთნაირია. თოდუას კლინიკაში ევროპულრეკომენდაციებს მივყვებით, რომლებიც პაციენტების სწორად მკურნალობაში გვეხმარება.
უმთავრესი რეკომენდაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, რაც, თავის მხრივ, კვებითი რეჟიმის მოწესრიგებასა და ცხოველური ცხიმის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას გულისხმობს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ თუ კვების რაციონში გაიზრდება მცენარეული ცხიმის, თევზის, ხორცის, მსხვილმარცვლოვანი და უჯრედისის შემცველი პროდუქტები, პათოლოგიის განვითარების რისკი 15-20%-ით მცირდება. მაგ: შემწვარი ღორის ხორცი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ, ის კი ცხოველური ცხიმით, ქოლესტერინით გაჯერებულია, ამიტომ მისი მიღება ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს.
მედიკამენტოზური მკურნალობა მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამავდროულად ფიზიკურია ქტივობა არ არის დაცული. ამ შემთხვევაში ვიყენებთ სტატინებს - ჰიპოლიპიდემიურ, ყველაზე ეფექტიან პრეპარატებს.
– როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკისა და პათოლოგიის მკურნალობის ეტაპები თოდუას კლინიკაში?
– როდესაც პაციენტი მოგვმართავს, პირველ რიგში, ვადგენთ ანამნეზიდან გამომდინარე აქვს თუ არა მას ათეროსკლეროზისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ამის შემდეგ, სისხლში ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვიგებთ მასში მეტად საყურადღებო, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ასევე ვიყენებთ კორონარული არტერიების კტ (კონტრასტირების გარეშე) გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც სისხლძარღვთა კალციფიცირების დონის განსაზღვრააშესაძლებელი. ეს გახლავთ ათეროსკლეროზის ადრეული გამოვლინება, რაც, თავის მხრივ, ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განვითარებასთან.
დიაგნოსტიკის პროცესში აუცილებელია გულის ექოსკოპიისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა მოხდეს გულის ფუნქციური უნარის შეფასება.
ბოლოს, კარდიოლოგი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე სვამს დიაგნოზს და ნიშნავს შესაბამის ადექვატურ მკურნალობას, რაც ასევე მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
– ვინ ხვდება ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში და რას ურჩევდით ამ ადამიანებს?
სამწუხაროდ, ათეროსკლეროზის გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. დღეს ისეთი რისკ ფაქტორები, როგორიცაა მწეველობა, სიმსუქნე, ჰიპოდინამიურობა ქმნის ამ დაავადების გავრცელების პირობებს.
კვლევების მიხედვით, ჰორმონალური სტატუსი ქალებს კლიმაქტერულ ასაკამდე იცავს. დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 45-55 წლამდე ასაკის ქალებში შედარებით დაბალია და ამ ასაკობრივი ნიშნულის შემდეგ იზრდება. პათოლოგია, სტატისტიკურად, უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, თუმცა ორივე სქესის პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება რჩევებს: სასურველია ფიზიკური აქტივობა, დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის მანძილზე სწრაფი ნაბიჯით სეირნობა, კვირაში დაახლოებით 3,5-7 საათი საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ჯანსაღი საკვების მიღება: თევზი, მარცვლეული, შინ მომზადებული იოგურტები, მცენარეული ცხიმები, პარკოსნები, უჯრედისის შემცველი პროდუქტები. ამ საკვებში არ მოიაზრება შემწვარი, ცხარე და მარილიანი კერძები.
– პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა რამდენად დიდ როლს თამაშობს მკურნალობაში?
– ყოველთვის ვამბობ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია. თუ დროულად დავადგენთ, სისხლში ლიპოპროტეინებისა და ქოლესტერინის მომატებულ რაოდენობას, დავიცავთ ცხოვრების ჯანსაღწესს და ფიზიკურ აქტივობას მივმართავთ, პრობლემასთან ბრძოლა ნაადრევად დაიწყება და მის პროგრესს ხელს შევუშლით.
NS