ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის მიზეზს ვერ ხედავს. მაგალითად. ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და მხარეებს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტური სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარდეს. აშშ-ს საელჩოს განცხადების პათოსიც ანალოგიურია, რომელშიც ნათქვამია: "ვიზიარებთ ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები - ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი". აირჩია თუ არა ოპოზიციამ სწორი და შედეგზე ორიენტირებული ტაქტიკა, მიაღწევენ თუ არა პარტიები პარლამენტის ბოიკოტირებით და აქციების გზით ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თუ მხოლოდ "ქართული ოცნება" ისარგებლებს და ერთპარტიული მმართველობით გააგრძელებს ფუნქციონირებას, ამ კითხვებზე ambebi.ge-ს ექსპერტები პასუხობენ.
თორნიკე შარაშენიძე:
- ჩემი აზრით, ჯობდა ოპოზიციას ჯერ მაქსიმალურად მოეპოვებინა და გაესაჯაროვებინა დარღვევის შემთხვევები და თუ ამას ხელისუფლების მხრიდან რეაქციები არ მოჰყვებოდა, მერე გასულიყვნენ ქუჩაში. გაყალბება რომ მოხდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ხელში უნდა გეჭიროს დოკუმენტი და მერე გახვიდე ქუჩაში. ისენი ახლა ორიენტირებული უნდა იყვნენ ხმების გადათვლაზე და იმაზე, რომ დარღვევებზე ჰქონდეთ კონკრეტული მტკიცებულებები. როცა ეუთოს მისია და აშშ-ს საელჩო მიუთითებს, რომ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგება, ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ნაწილობრივ დაკარგავს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას. ისინი მოუწოდებენ, რომ გავიდნენ მეორე ტურში, ესენი არ გადიან. ოპოზიციამ რომ თბილისში იბრძოლოს, აქვს წარმატების შანსი - თბილისში ხომ არ არის მარტივი მოსყიდვა, დაშინება და ა.შ.?
სრული ბოიკოტის რეჟიმს ვერ დავეთანხმები ჯერ ერთი იმიტომ, რომ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლით გამოჩნდა, რომ "ქარულ ოცნებას" 45,8 აქვს, ეს იმხელა სხვაობა არ არის, რომ ვინმემ არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს. ოპოზიცია ამით მხოლოდ თავს და ქართული დემოკრატიის საქმეს დააზიანებს. ადრეც, 2008-შიც იყო მსგავსი და რა მოიგო ოპოზიციამ? მერე მოვიდა ივანიშვილი, რომელსაც სწორედ ამ ნაბიჯმა გაუხსნა ხელ-ფეხი - პოლიტიკური ველი მოსუფთავდა და მერე ის ვაკუუმი მთლიანად ამოავსო ივანიშვილმა, რომელსაც დღეს ვერ აგდებენ პოლიტიკიდან. ამათ თუ ჰგონიათ, რომ გამარჯვებული ძალა კალთებს დაახევს, ძალიან ცდებიან. ვერც რიგგარეშე არჩევნებს მიიღებენ და საბოლოოდ შეგვრჩება ერთპარტიული მმართველობა. ერთის მხრივ, მმართველი პარტია სასაცილო გამოჩნდება, რომელიც მარტო ზის პარლამენტში და არც ოპოზიცია გამოჩნდება კარგად, რომელსაც ეუბნებოდნენ, გადით მეორე ტურში, ითანამშრომლეთო და ესენი ბოიკოტს აცხადებენ.
ან რომც მიაღწიონ და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ამით რას მოიგებენ? არჩევნებს დიდი ფული უნდა, ფული კი ივანიშვილს აქვს და ისევ ის გამოვა მოგებული, რადგან ოპოზიციას ამოუწურავი ფინანსები არ აქვს. ან ქუჩის აქციებით რა გამოვა, როცა საზოგადოებაში არ არის ისეთი მუხტი, როგორიც მაგალითად შარშან ზაფხულში იყო. პლუს ამას, პანდემიის ფონიც გასათვალისწინებელია. იმ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, ქვეყანას ელის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რასაც "ოცნების" ხელისუფლება ან გაუმკლავდება, ან - არა, ჯობია, ეს ლიდერები იყვნენ პარლამენტში და იქიდან აკრიტიკონ და ანჯღრიონ ხელისუფლება, ვიდრე ქუჩიდან იყვირონ. ისიც არის, რომ ნაცმომ დაამტკიცა, რომ უალტერნატივო ოპოზიციური ძალაა, 40 მანდატამდე იღებენ. გასაგებია, რომ მიშა მაქსიმალისტია და ამ არჩევნებში გამარჯვება უნდოდა, მაგრამ ჭკვიანურად თუ იმოქმედებენ, მართლა შეუძლიათ მიიღონ ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ "ოცნების" ხელისუფლება კრიზისს ვერ გაუმკლავდება. იმოქმედონ ისე, რომ არც თავი და არც ქართული დემოკრატია არ დააზარალონ - იყვნენ პარლამენტში და იქიდან გააკეთონ საქმე, საკრიტიკო ბევრი იქნება".
ვახტანგ ძაბირაძე:
- მანდატებზე უარის თქმას აქვს ორი ასპექტი - სამართლებრივი და პოლიტიკური. პოლიტიკური ასპექტი რომ ავიღოთ, ასეთი პრეცედენტი უკვე გვქონდა 2008 წელს, როცა მაშინდელმა ოპოზიციამ დემონსტრაციულად დაჭრა მანდატები და უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე. ამ მეთოდმა მაშინ პოლიტიკურად არანაირი შედეგი არ გამოიღო - არც ხელისუფლება გადადგა, არც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და არც არაფერი. ბოლოს კი მივედით 2012 წლამდე და მივიღეთ ერთპარტიული ნაციონალური პარლამენტი. ოპოზიცია მანდატებზე უარს თუ იტყვის, სამართლებრივი ხასიათის პრობლემები არ იქნება. ხელისუფლება 76 მანდატს აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი შემაჯამებელი ოქმი დაიწერება, პარლამენტის სხდომას მოიწვევენ, მას 76 კაცი დაესწრება და სხდომა იქნება უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილებები.
ის პირველ რიგში, მთლიანობაში აღიარებს ცესკოს მიერ აღიარებულ ყველა მანდატს და ოპოზიციას უნდა ეს თუ არა, მათ დეპუტატებად ცნობენ. კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ სრულუფლებიანი პარლამენტი ძალაში მას შემდეგ შედის, თუ 2/3 ცნობილია დეპუტატად. ჩემი აზრით, ასეთი 130 მაინც იქნება, თუ მეტი არა. ამის შემდეგ იწყება მეორე პროცედურა, მანდატზე შეუძლია ყველამ უარი თქვას, მაგრამ პარლამენტი სამართლებრივად იქნება ლეგიტიმური და თუ ოპოზიციონერები არ შევლენ, იმას ნიშნავს, რომ იქნება ნაკლოვანი პარლამენტი.
ამ ორომტრიალში მოგებული დარჩებიან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი, ეს ცალსახაა იმიტომ, რომ პატარა პარტიებს არ ექნებათ ტრიბუნა და ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესზე, ქუჩაში დარჩებიან. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ რჩება სამართლებრივ ჩარჩოებში და აკეთებს იმას, რაც 2003 წელს გაკეთდა, ეს სხვა თემაა. მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ 2003 წელსა და 2020-ს შორის დიდი სხვაობაა. 2003 წლის შემდეგ ჩვენ გვქონდა 2007 წლის ნოემბერი, 2011 წლის მაისი და 2019 წლის ივნისი. ხელისუფლება თუ დათმობაზე უარს იტყვის, მივიღებთ იმას, რაც ამ წლებში მივიღეთ. რჩება ერთადერთი გზა – 2003 წლის, ანუ - რევოლუცია, მაგრამ საკითხავია, ეს ქვეყანას რამდენად აწყობს.
არჩევნები მაშინ ჩაითვლება არალეგიტიმურად და მაშინაა რიგგარშე არჩევნების სამართლებრივად მიიღწევა შესაძლებელი, თუ იმდენი უბნის მონაცემი გაუქმდება, რომლის ამომრჩევლის რაოდენობა საერთო რაოდენობის 10%-ია. პარლამენტი და ქუჩა ერთმანეთს არ გამორიცხავს. ოპოზიციას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს პარლამენტში მოღვაწეობის პარალელურ რეჟიმში. ხალხში რევოლუციურ მუხტი არ ჩანს, ამას ემატება პანდემია და ის, რომ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, არ მესმის, რის იმედზეა ოპოზიცია?!
ამ სიტუაციაში გარდა იმისა, რომ დასავლეთი დაგვეხმაროს, არანაირი რესურსი არ გვაქვს. რეგიონში შექმნილია ისეთი მძიმე ვითარება, რომ არა მგონია, საქართველოში პროცესების გართულება დასავლეთში ვინმეს ინტერესში შედიოდეს. დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი თავის ტკივილი იქნება და ასეთ ვითარებში ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება, მხარდაჭერა მოიპოვოს. მეტიც, მათ თუ შეცდომები დაუშვეს, შესაძლოა, "ოცნება" და ივანიშვილი 2024-მდე კი არა, 2030-მდე დატოვონ ხელისუფლებაში. ახლა ფრთხილი მოქმედებებია საჭირო. არასდროს ვყოფილვარ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი, არც ახლა ვარ, მაგრამ სიტუაცია თუ ვერ შეფასდა, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ.
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008-დან 20011-მდე ოპოზიცია, ფაქტობრივად, ქუჩაში იყო, მან დაუშვა შეცდომები და ამ შეცდომების ხარჯზე მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ არც ოპოზიცია და არც ქვეყანა არ დაზარალდეს. ამათ თუ ერთპარტიული მმართველობა უნდათ, არ ვიცი, ან ქუჩიდან რას გააკეთებენ? დასავლეთი იმას არ იზამს, რომ ივანიშვილი და "ოცნება" დილემის წინაშე დააყენოს - თქვენ თუ ამას არ იზამთ, დახმარებას შეგიწყვეტთო. დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, გამიკვირდება იმ პარტიებმა, 4 და 3% რომ აიღეს, საერთოდ კიდევ აიღონ რამე. დღეს ახალი არჩევნები ნიშნავს შუის პირწმინდად გაკაფას და ასეც მოხდება.