ავტორი:

არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში ამ დროისთვის 75 მანდატი აქვს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 76 წევრის შეყვანაა საჭირო.

75 მანდატიდან 61 პროპორციული სიით მოპოვებული მანდატებია, 14 კი მაჟორიტარული ოლქებიდან, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. ცნობილია, რომ საქართველოში არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16 - ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სწორედ მეორე ტურები გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა "ქართული ოცნებას“ უმრავლესობისთვის საჭირო 76 დეპუტატი.

დღევანდელი ვითარებით, როდესაც ის ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი დაძლიეს, აცხადებენ, რომ უარს იტყვიან მანდატებზე და ასევე არ მიიღებენ მათი კანდიდატები მეორე ტურში მონაწიელობას, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება“ ამ 16-ვე ოლქს ადვილად მოიგებს. ასეთ შემთხვევაში "ჩამკეტი მქენიზმის“ გამო, მას პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს და მისი დეპუტაცია საკანონმდებლო ორგანოში 90-კაციანი იქნება.

  • შეგახსენებთ, “ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.

კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება.

რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.

თუმცა თუ ოპოზიციის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ყველა ოლქის წაგების შემთხვევაში, "ქართული ოცნება“ უმრავლესობის გარეშე დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოიხსნებიან და ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

"რაც ხდება, წინასწარ დადგმული სცენარია, რაც მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს" - გივი მიქანაძე

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა განმარტებას აკეთებს ცესკო?