გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ამჟამად 5 ადამიანია დაკავებული.
"შსს-ის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო ურნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი. მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის დავაკავეთ 5 პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულები. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ",-განაცხადა სირაძემ.
მან საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტი არ დაადასტურა.
"რაც შეეხება უბანზე იარაღის არსებობის ფაქტს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას",- განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის, ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.