სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 34 წლის ნატალია ჩიტიაშვილს თბილისიდან.
"23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი - მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და იქიდან მოყოლებული, შვილს მარტო ვზრდი.
მალევე ვიშოვე ჩემი პირველი სამსახური, უნივერსიტეტში, დიპლომატიის ისტორიის და შემდგომ, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ჩემი დეპარტამენტი გაუქმდა, წამოსვლა მომიწია და 2016 წელს, გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო.
ჩემს მეგობარს ტანსაცმლის ბრენდი აქვს და მითხრა, მოდი, საბეჭდი აპარატი ვიყიდოთ, პირველ ეტაპზე მე შეგიკვეთავ და მერე სხვა კომპანიებისგანაც აიღებ შეკვეთებსო, თავისი ოფისიც დამითმო, ეს იყო ძალიან კეთილი ჟესტი მისი მხრიდან. ერთი პატარა საბეჭდი აპარატიდან დავიწყე და იმდენი შევძელი, რომ ამჟამად, საკუთარი სამკერვალო საწარმო მაქვს ყველა ტიპის მომსახურებით, რომელსაც სრულყოფილი შეკვეთების აღება შეუძლია. საწარმოში შვიდი ქალია დასაქმებული და სრულ განაკვეთზე მუშაობენ.
როგორც თითქმის ყველა სხვა კომპანიაზე, პანდემიამ ჩვენზეც იქონია გავლენა - რაღაც პერიოდი საერთოდ გაჩერებაც მოგვიწია, რაც დიდი ზარალი იყო, მაგრამ აგვისტოს თვიდან ისევ შევძელით სრულყოფილად ამუშავება. ჩვენს დამკვეთებს ეტყობათ, რომ ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ შეკვეთებს თამამად, თუმცა, რაღაცნაირად, ნელ-ნელა ისევ დგებიან ფეხზე.
პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე - თებერვალში, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო, მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად მაინც ძალიან რთული გადასატანი იყო. თებერვალშივე, მეგობართან, ირინკა კურტანიძესთან ერთად თურქეთში წავედი, სადაც ოპერაცია გავიკეთე.
როცა ეს დიაგნოზი გავიგე, პირველი ემოცია, რაც მქონდა, მკერდის დაკარგვის შიში იყო, რაც, ალბათ, ყველა ქალს აქვს, ვისაც ეს გამოუვლია. თურქეთში არაჩვეულებრივმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ, თვალი გავახილე თუ არა, მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინია, შენი მკერდი ადგილზეაო.
ასეთი ემპათიური ექიმი არასდროს მინახავს. თავიდან, როცა დიაგნოზი დამისვა და კვლევაზე გამიშვა, თავში მეტასტაზები გამოვრიცხოთო, დერეფანში ვიჯექი და უკვე მკერდზე ვეღარც ვფიქრობდი, იმდენად ცუდად გავხდი. ამ კაცმა ჩემი მეგობარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდა და სულ ბოდიშს ვუხდიდი, ამ ყველაფრის გავლა რომ მოუწია ჩემ გამო, გაიყვანა და უთხრა, ეს ძალიან რთული პერიოდია, მარტო ხართ აქ და იცოდე, რომ ახლა მე ვარ შენი ოჯახიო. მარტო ჩემთვის კი არა, ჩემ გვერდით მყოფისთვისაც რომ ემოციური იყო, ეს იცოდა და მასზეც იზრუნა. ეს მერე მომიყვა ირინკამ და ვიტირე.
მარტში ისევ წავედი თურქეთში, უკვე ქიმიოთერაპიის დასაწყებად. ამჯერადაც მეგობართან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად.
პანდემიის გამო უკვე საავადმყოფოები იკეტებოდა და კოვიდ-ცენტრები ეწყობოდა, ისეთი მდგომარეობა იყო, კლინიკაში საკუთარ პაციენტებს ვეღარ იღებდნენ ქიმიოთერაპიისთვის. ერთი კვირა სასტუმროს ნომერში ვიყავით გამოკეტილი, უიშვიათესი გამონაკლისი დაუშვეს - დისტანციურად დამინიშნეს ქიმიოთერაპიის სქემა და მომცეს რეცეპტი. წამლები იქვე ვიყიდე და რომ ჩამოვედი, პირადი ნივთების ჩემოდნის გარდა, ერთი დამატებითი ჩემოდანი პრეპარატებით მქონდა სავსე. ისე მოხდა, რომ თბილისიდან ბოლო ფრენით წავედი თურქეთში და იქიდანაც ბოლო ფრენით ჩამოვედი.
პირველი ქიმიოთერაპია ძალიან რთული იყო. რამდენიმე დღე არის ურთულესი გადასატანი - რაღაცნაირად, რეალობას წყდები, ვერ ხვდები, სად ხარ. ხმაურზე ისტერიკა მემართებოდა და იმდენად დასტრესილი ვიყავი, შოკისგან სულ მეძინა. ქიმიოთერაპიასა და ოპერაციაზე რთული, თმის დაკარგვის მომენტი აღმოჩნდა, რომლის გადალახვასაც რამდენიმე თვე მოვანდომე. თმა ჩემთვის ჩემი იდენტობის ნაწილი იყო, გრძელი თმა მქონდა, რომელსაც ხან ერთ მხარეს ვიწევდი, ხან - მეორე მხარეს. ამ ჩვევების მოშლამ გამაგიჟა, ხელს რომ მოვიკიდებდი და თმის ნაცვლად, ჩალმა მხვდებოდა. პარიკიც ვიყიდე, თუმცა ერთი დღეც ვერ ვიხმარე, საკუთარ თავთან მქონდა დისკომფორტი. ქიმიოთერაპია ავტომატურად უკავშირდება ამ პროცესს და უცებ ხვდები, რომ რაღაცის ნაწილი ხდები, რისი ნაწილიც გუშინწინ არ იყავი. ყველაფერს ვკითხულობდი თმის ცვენასთან დაკავშირებით, მანამდე წარმოდგენა მქონდა, რომ პირველ ქიმიოთერაპიას რომ გავიკეთებდი, იმავე დღესვე დამცვივდებოდა და თურმე, სტანდარტულად, ორი კვირის მერე იწყება ცვენა. ის ორი კვირა ყოველდღე ვისინჯავდი თმას და ორი კვირის თავზე, როცა მეგონა, რომ გადავრჩი და იშვიათი გამონაკლისი ვიყავი, ხელი მოვისვი და თოჯინას თმასავით დაიწყო ჩამოსვლა. იმდენი ვიტირე... მეგობრებმა შემომთავაზეს კიდეც, თუ გინდა, ჩვენც გადავიპარსავთ თმას, ოღონდ შენ არ ინერვიულო და კარგად იყავიო, მაგრამ კიდევ ერთი გადაპარსული თავის ყურება აღარ შემეძლო. აქ ყველაზე რთული იყო ის, რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და მეორე - საკუთარი იდენტობის აღქმა როგორც გაქვს, მანდედან რომ გამოდიხარ, ესაა ძალიან მტკივნეული.
ქიმიოთერაპიის პერიოდში ჩემი შვილი საოცრად მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე, მოდიოდა და მძინარეს მკოცნიდა ხოლმე, მგონი, ამ პერიოდმა ნინიკო ძალიან გაზარდა. ძალიან ვცდილობდი, რომ დედის დაკარგვის შიში რაც არის, ეს არ ჰქონოდა და სულ ვეუბნებოდი, რომ არაფერი მჭირს და საფრთხე არ მემუქრება და ვიცი, რომ სჯეროდა ამის. ჩემი ოჯახიც ძალიან მეხმარებოდა, მშობლები, დები...
ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ნოემბერში ისევ მიწევს გამოკვლევა და გადამოწმება და ცოტა ვნერვიულობ.
ეს ყველაფერი რომ მორჩა, ისევ მოვძლიერდი და აგვისტოში, მე და ჩემს მეგობარს - თათული წიფურიას, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ბრენდი - Eya. გვაქვს ძალიან საინტერესო ჩანთები, აბსოლუტურად ხელით გაკეთებული, გვაქვს ტანსაცმელიც, რომლის ყველა დეტალზე ჩვენ ვიზრუნეთ. ეს ყველაფერი უკვე გაყიდვაშია და ჩემი სამომავლო გეგმაც ჩვენი ბრენდის გაძლიერებას უკავშირდება. მინდა, საინტერესო აქსესუარები და ტანსაცმელი შევქმნა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.
პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.