“ქართული ოცნების” გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება, არჩევნების შემდეგ, “ლოქდაუნს” აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
კალაძის თქმით, მათ საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.
“კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი. აგზავნიან შეტყობინებებს და საუბრობენ, რომ, თითქოს, ჩვენ არჩევნების შემდეგ “ლოქდაუნს”ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედებები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია “ევროპულმა საქართველომ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
“ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან (2 ნოემბერი) "ლოქდაუნის" (ჩაკეტვა) გამოცხადებას გეგმავს. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფონის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის”, - აღნიშნულია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.