დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა. მან არ გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში საქმე ქუჩის პროტესტამდე მივიდეს.
ამასთან, ბურჯანაძემ დღევანდელი ხელისუფლება უნიათოდ და უტვინოდ შეაფასა და მას სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რადგან „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, „თუ ხელისუფლებას გეშინია, რომ ოპოზიცია რაღაც კადრებს გამოგიქვეყნებს, სწორედ სახლში უნდა წახვიდე“.
„მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, 5%-ს დამიწერს, 10%-ს, 55% თუ 115%-ს, თუ გააყალბებს, მე მაინც გავაპროტესტებ ამას და ძალიან ფრთხილად იყოს და არ იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ამდენ პროცენტს გადავუგდებ ბურჯანაძეს ან ვინმე სხვას და ის ხმას არ ამოიღებს ან ამაზე ნაკლებს დავუწერ და რაღაცის გამო უხერხულობას შევუქმნი რომ არ იყვიროსო. ყველა წავლეკავთ ერთად. ნუ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმას, რაც გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არანაირი სურვილი არ მაქვს ქუჩაში დადგომის. რა თქმა უნდა, შეიძლება მივიდეს ქუჩის პროტესტებამდე საქმე.
როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია გამომიქვეყნებსო, რა ხელისუფლება ხარ? ოპოზიცია გისმენს, ოპოზიცია გიქვეყნებს, ოპოზიცია გასწრებს დამნაშავის გამოაშკარავებას, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს და შენ ამის აღკვეთას ვერ ახერხებ მაშინ რა გინდა? წადი სახლში, დაისვენე, შენც დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე. მე ასეთი უტვინო, უგვანო და უნიათო ხელისუფლება არ მინახავს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მაგარი იმაში, რომ ნამდვილად წილები გადაინაწილა, ნამდვილად დიდი ფული გააკეთა, ნამდვილად ებღაუჭება ხელისუფლებას. ვაფრთხილებ ივანიშვილს, არანაირი სურვილი არ მაქვს არც თქვენი ჩამოშლის, იმიტომ კი არა, რომ თქვენთან რაიმე სენტიმენტები მაქვს, იმიტომ, რომ მინდა ქვეყანა ნორმალურად გადავიდეს სხვა რეჟიმში, არც ქუჩაში დგომის სურვილი მაქვს. დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული ცუდი გამოცდილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლება იმაზე „ორიგინალურს“ ვერაფერს მოიფიქრებს.
„მადლობა „ ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ისეთი აცრები გამიკეთეს, რომ თქვენ რა უნდა მოიფიქროთ, რაც იმათ არ მოაფიქრდათ. ასე რომ, შანტაჟი ჩემზე არ იმოქმედებს. მე დავიცავ ყველა ხმას, ვინც მისცემს ჩემს პარტიას ხმას,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
გადაცემაში "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა მმართველი გუნდის წევრების შეფასებისას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს არარაობა უწოდა.
ბურჯანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება, ირაკლი კობახიძე „გლავკანალსა“ და „პერვი კანალზე“ არ უნდა საუბრობდეს.
„შეხედეთ კადრები, ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც ისე გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და „გლავკანალსა“ და „პერვი კანალს“ რომ ამბობ, ივანიშვილმა სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა ? არ ვიცით სად იშოვა? არ ვიცით 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან ? ამ პირობებში „გლავკანალი“ და მსგავს სხვა რაღაცებს გვახსენებს, გაჩუმდე ჯობია,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.