თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის საქმეზე ვალერიან ნემსიწვერიძე და კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. 2007 წლის 26 თებერვალს, სასამართლომ ისინი დამნაშვედ ცნო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობების, პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო.
მინდაძემ და ნემსიწვერიძემ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს. სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალერიან ნემსიწვერიძე 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეშიც ფიგურირებდა.
AMBEBI.GE გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს ნიკოლოზ წულეისკირს ესაუბრა, რომელსაც მკვლელობის ვერსიების დასახელება უჭირს:
- ვერსიებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ. ახლახან ბრალდების მხარეს ვესაუბრე იმასთან დაკავშირებით, სტატუსი რომ არ გვქონდა. ვალერიან ნემსიწვერიძე ბოლო 7 წლის განმავლობაში ნორმალური, წესიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებდა, რემონტი დაასრულა და დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ყველანი გაოგნებული ვართ და მიზეზს ვერ ვპოულობთ.
- იარაღით ხელში იპოვეს გარდაცვლილი, გამოდის, ელოდა თავდამსხმელს, ან მასთან შესახვედრად გავიდა და ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი?
- ამიტომ ვამბობ, რომ ჯერჯერობით ძნელია რამის თქმა. ხვალიდან, პირობა მომცა პროკურორმა, რომ საქმის დეტალებში ჩავიხედავ და ინფორმაციის მოწოდებაზე შეფერხება არ მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ გაირკვევა ეს ყველაფერი, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი შორს იქნება კრიმინალურ გარჩევასთან. ოჯახმა იცოდა, რომ კაცი საქმეზე გავიდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ჩაცხრილეს, თან მანქანაში მარტო... დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
- ეჭვმიტანილი ჰყავს გამოძიებას?
- არა, რა თქმა უნდა. თუმცა იქ კამერებია, ფირები ამოღებულია და მალე დაიდება შედეგი.
- გარდაცვლილის სახელი ციხის ბუნტს დაუკავშირეს...
- არა, ეს გამორიცხეთ. იმას გიდასტურებთ, რომ გარდაცვლილი ნასამართლევი იყო და სტრასბურგიდან გადაწყვეტილებაცაა ჩამოსული წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, სახელმწიფოს მისთვის 14 ათასი ევრო აქვს კომპენსაცია გადახდილი. სასამართლომ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მასთან დაკავშირებით, საქმე გადაიხედა და გამოვიდა, რომ ის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო, მტკიცებულებები კი გაყალბებული. მთლიანობაში, ნემსიწვერიძე გამართლდა და გამოვიდა, რომ 9 წელი ტყუილად იჯდა ციხეში.