დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლატიპოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში მიღებული იქნება ყველა აუცილებელი ზომა, რათა არ დაუშვან დამნაშავის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა.
დღესვე, „რესპუბლიკის“ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თქვა, რომ არარეალურად მიიჩნევს დამნაშავის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას.
მისივე თქმით, დაკავების შემთხვევაში, დამნაშავეს ქართულ მხარეს გადასცემენ.