ავტორი:

"გალდავამ შესთავაზა, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას" - ირაკლი კვარაცხელია

"გალდავამ შესთავაზა, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას" - ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" თავდასხმის დროს, სხვა მოქალაქეებთან ერთად, მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს. ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის სამხარე პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას.

მისი თქმით, პოლიციას სრული ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმის შესახებ და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივიდეს გამოკითხვაზე.

"თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისო თქმით, თავდამსხმელს სამართალდამცავებთან მოლაპარაკება სხვა მძევლის ტელეფონის საშუალებით ჰქონდა.

"ჩანთა მოუტანეს, რომელიც ჩვენ თვალწინ გახსნა. ჩანთაში ხუთი შეკვრა იყო, მაგრამ რა იყო ეს, არ ვიცი. თვითონვე ნახა, რომ ხუთი შეკვრა იყო რაღაც, მაგრამ სათითაოდ არ დაუთვლია", - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება უკვე ბანკიდან მძევლებთან ერთად გავლის ფაქტს, როგორც კვარაცხელია იხსენებს, ორმა ადამიანმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ ქალბატონების წაყვანას აპირებდა თავდამსხმელი, თვითონ გაყვებოდნენ ქალების ნაცვლად. ხოლო მესამე პირი თავდამსხმელმა თავად აირჩია.

"რაც შეეხება პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას, თავიდანვე ისე იყვნენ შეთანხმებული,რომ დანარჩენი მძევლების სანაცვლოდ დარჩებოდა. თვითონ ის პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ძალიან ადეკვატური იყო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, "საქართველოს ბანკში" მისული იყო ბარათის ასაღებად, რომელიც გასულ კვირას შეუკვეთა . მისი თქმით, ბარათის აღებას ელოდებოდა და სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა.

"ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ან ფეხმძიმედ იყო ძალიან მალე გაათავისუფლა. ასევე მომლაპარაკებელი პოლიციელის თხოვნით კიდევ რამდენიმე ქალი გაათავისუფლა. ბოლოს კი დავრჩით 20 ადამიანი. შეარჩია ადგილი, სადაც უნდა დავლოდებოდით მოლაპარაკების დასრულებას. ამ 20-დან 12 თუ 13 პირი დავრჩით, საიდანაც უკვე ბანკიდან წასვლისას 3 დაიტოვა. გარდა ამისა, პირადად ავთანდილ გალდავას შეთავაზება იყო, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას ამისათვის", - განაცხადა კვარაცხელიამ.

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები