"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ცენტრალური ფილიალი სამართალდამცველებს კვლავ ალყაში ჰყავთ. თავდაპირველად ითქვა, რომ დასაყაჩაღებლად ბანკში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა, თუმცა ბანკის იმ თანამშრომლის თქმით, რომელმაც მოახერხა შენობიდან გამოსვლა, იქ ერთი მძარცველია. მას თანამშრომლები და ბანკში მყოფი სხვა სამოქალაქო პირები მძევლად ჰყავს აყვანილი, რომელთა ნაწილი გაათავისუფლა.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან ტერასის მეშვეობით სამშვიდობოს გამოღწეული ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლეს დავუკავშირდით ზუგდიდში. მან მეუღლის მონათხრობი გვიამბო.
- მეუღლე შოკურ მდგომარეობაში იყო, როცა გამოვიდა. ახლა ნელ-ნელა მშვიდდება. ერთადერთი ის თქვა, რომ მძარცველი ერთი იყო, შეიარაღებული და ყვიროდა, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთ, თორემ ყველას დაგხოცავთო. თურმე, შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია.
- გამოდის, რომ იცნობდა ამ ადამიანებს, რაკი სახელებით იხსენიებდა, ხომ?
- შეიძლება იცნობდა ან უბრალოდ სახელები იცოდა, ამდენი ნამდვილად არ ვიცი. თურმე, პირველ სართულზე მყოფებიდან იარაღის მუქარით ყველა ძირს დაუწვენია, არ გაინძრეთო, ჩაუკეტავს იქ, თვითონ კი რამდენიმე მძევალი გაუყვანია და არავინ იცოდა, რომელ ოთახში იმალებოდა. იქიდანაც ისროდა, თურმე, მაგრამ მაინც ვერავინ ხვდებოდა, სად იმალებოდა. ეს ამბავი რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე მეორე სართულზე იმყოფებოდა. იქ მყოფებს რომ გაუგიათ, პირველ სართულზე რაც ხდებოდა, ჯერ რომელიღაც ოთახში დამალულან, მაგრამ ერთ-ერთს უთქვამს, აქ რომ მოგვაგნოს, ჩაგვცხრილავსო და ყველა შენობის ზედა სართულისკენ გაქცეულა. იქიდან სახურავზე უნდა ასულიყვნენ. რომელიღაც თანამშრომელი, მგონი, მენეჯერი არ უშვებდა სახურავზე, მაგრამ დაუჩოქიათ, გაგვიშვი, თორემ აქედან გადავხტებითო და მერე, როგორც იქნა, გაუშვია ტერასაზე, საიდანაც უკვე გარეთა კიბით მოახერხეს ჩასვლა და გაქცევა.
- თქვენი მეუღლე როგორ მდგომარეობაშია, ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ არ მიუყენებიათ მისთვის ან დანარჩენი მძევლებისთვის?
- არა, მსგავსი არაფერი უთქვამს, თუმცა ის არ იცის, დაბლა რა ხდებოდა. ახლა ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, ღვთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ მათზე ნერვიულობს, ვინც შენობაში დარჩა.
ავტორი: ირმა ხარშილაძე