"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" აყვანილ მძევლებს თავად ჩაენაცვლოს.
"თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს, ან პოლიცია, მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და შევთავაზო - რამდენადაც ვიცი, სამი მძევალია დარჩენილი და შეთავაზოს პოლიციამ მოლაპარაკება. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს, რამდენიმეს მე უკვე შევხვდი ვინც გამოვიდა, ადამიანები შოკში არიან, ერთი ჩვენი თანამშრომლის ბიძაშვილია, მე მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს.
თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი და თუ მას ხმაური სჭირდება, ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი იყოს და მე მზად ვარ ყოველგვარი, ზედმეტი ყალბი რაღაცების გარეშე, მზად ვარ თუ ამის შესაძლებლობა არის და ორხრივი თანხმობა, ყოველ შემთხვევაში, იქითა მხრიდან, მზად ვარ ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს, გაანთავისუფლონ ისინი და შემდეგ იყოს მოლაპარაკება.
მაქვს შეთავაზება გამტაცებელთან, რომ ამ სამი პირის ნაცვლად, მე, გიგი უგულავა დავრჩები მძევლად, მანამ სანამ სიტუაცია განიმუხტება.
თავისთავად ეს არის უმძიმესი ფაქტი და მიუთითებს, რომ ქვეყანაში ქაოსი გარდაუვალია, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, მაგრამ ახლა ეს უნდა დამთავრდეს მშვიდობიანად, არეულობისა და ტყვიის სროლის გარეშე, მე ვარ მზად ჩავენაცვლო მძევლებს და დანარჩენს პოლიციამ უნდა მიხედოს მოლაპარაკებით", - აცხადებს უგულავა.