N 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. N 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, კომისიის წევრების ახლით ჩანაცვლება მოხდება.
საუბარია კომისიის სამ წევრზე, საიდანაც 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მესამეს მეუღლეს დაუდასტურდა ვირუსი და ამის გამო, კომისიის მესამე წევრი თვითიზოლაციაშია გადასული.
"ერთი არის ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრი, ორი მათგანი არის პარტიის მიერ არჩეული. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ იქნებიან საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს, ამიტომ ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ კონკურსს.
ეს ადამიანი განცხადებით მოგვმართავს, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება და ასევე მოხდება პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე. პარტიას ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები. იმ უბნებში სადაც დაფიქსირდა ვირუსი, დავხურეთ ერთი დღით საარჩევნო უბნები და მოვახდინეთ დეზინფექცია,“- განაცხადა სალომე როდონაიამ.