ავტორი:

"ინფიცირებისას, ექიმის რჩევის გარეშე, ანტიბიოტიკებისა და სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება, დაუშვებელია!" - რას გვირჩევს ინფექციონისტი თუ კორონავირუსს შინ ვებრძვით

"ინფიცირებისას, ექიმის რჩევის გარეშე, ანტიბიოტიკებისა და სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება, დაუშვებელია!" - რას გვირჩევს ინფექციონისტი თუ კორონავირუსს შინ ვებრძვით

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ვითარება სულ უფრო იძაბება. ბოლო დღეებში სტაბილურად ნარჩუნდება ინფიცირების ოთხნიშნა მაჩვენებელი, რაც სპეციალისტთა შეფასებით, საგანგაშოა.

ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, პაციენტთა დიდ ნაწილს ვირუსის გადატანა სახლში მოუწევს.

შინ მკურნალობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE ინფექციური საავადმყოფოს ექიმს, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

- პირველ რიგში, განგვიმარტეთ, რამდენად მიზანშეწონილია COVID-19 -ის მქონე პაციენტების ბინაზე მკურნალობა და შეიცავს თუ არა შემდგომი გართულებების რისკს?

- რომ გვქონდეს არჩევანი, შესაძლებელია სჯობდეს, რომ ყველა პაციენტი მკურნალობდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, როგორიც იყო გაზაფხულზე ევროპის არაერთ ქვეყანაში, სადაც ვირუსი მასობრივად გავრცელდა. ზოგადად, როდესაც უკვე გვაქვს დღის განმავლობაში ინფიცირებულთა ოთხნიშნა ციფრი, ყველა საავადმყოფოში ვერ მოხვდება. ასეთ დროს დგება საკითხი, რომ მოხდეს პაციენტთა ტრიაჟი და მხოლოდ ის ავადმყოფები, რომლებსაც აქვთ ვირუსის გართულების რისკი, გადაიყვანონ საავადმყოფოში. ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, სახლში იმკურნალებენ და ამაში საგანგაშო არაფერია. მართალია, ამ კატეგორიის პაციენტებშიც ხდება დამძიმება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

- რა სახის გართულებების შემთხვევაში უნდა მოითხოვოს იმ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რომელიც ვირუსს შინ მკურნალობს?

- ახალი კორონავირუსი პირველ რიგში აზიანებს ქვედა სასუნთქ სისტემას და ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. ძლიერი საერთო სისუსტე, სუნთქვის მზარდი უკმარისობა, სიმძიმის შეგრძნება მკერდის უკანა ნაწილში, - ეს არის ჩვენებები, რომლებიც განაპირობებს პაციენტის მოთავსებას საავადმყოფოში. ასევე, თუ პაციენტს აქვს თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, მაღალი სიცხე, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევებს და ა.შ. დღის წესრიგში დგება მისი კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ?

- პირველ რიგში, ერთ რამეს ვურჩევ ყველა ინფიცირებულს - შეინარჩუნონ სიმშვიდე. სტრესი აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის დაავადების გართულების რისკს. განვეწყოთ პოზიტიურად და ვიფიქროთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც მარტივად შეგვიძლია დავამარცხოთ. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, დავლიოთ წყალი და სხვა სითხეები, რათა ორგანიზმს არ შეექმნას გამოშრობის საფრთხე. ასევე, ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობა, შეძლებისდაგვარად, ცხადია. მეტი ვიაროთ ოთახში თუ ეზოში, მაგრამ რაც შეიძლება მსუბუქად უნდა დავტვირთოთ ორგანიზმი. ხშირად გავანიავოთ ოთახი და რაც მთავარია, ყურადღება მივაქციოთ კვების რაციონს. ვიკვებოთ ჯანსაღად და ვეცადოთ, ცილოვან და სხვადასხვა ვიტამინებით მდიდარ სკვებზე გავაკეთოთ აქცენტი. მივირთვათ ცოტ-ცოტა და ხშირად, რათა ორგანიზმი არ გადაიტვირთოს. ზოგადად, ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ ეს საფრთხე. თუ ჩვენ ჯანმრთელობის ამ ზოგად პრინციპებს დავიცავთ, მსუბუქად გადავიტანთ ამ დაავადებას, ყოველგვარი სერიოზული გართულებების გარეშე.

- რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა და არ ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. რამდენად დიდია ასეთი გართულების რისკი შინ მკურნალობისას და ყველაზე მეტად რა კატეგორიის პაციენტები იმყოფებიან თრომბოემბოლიის განვითარების რისკის წინაშე?

- თრომბოებოლია და შემდედებელი სისტემის დაზიანება ხდება ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. მაგალითად: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბწონიანობა, მეტაბოლური დარღვევები და ა.შ. ამიტომაც ამ დაავადებების მქონე ინფიცირებულები მნიშვნელოვანია, იყვნენ ჰოსპიტალში ან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც შემდედებელი სისტემის დარღვევა ხდება ახალგაზრდა ადამიანებში, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. 30-40 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს, რომ თრომბოემბოლია განუვითარდება, რადგან ამის რისკი არის მინიმუმამდე დაბალი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, სახლის პირობებში ექიმის რეკომენდაცების გარეშე ისეთი პრეპატარების მიღება როგორებიცაა ანტიბიოტიკები და სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები, დაუშვებელია! შეიძლება ამ პრეპარატებმა უკურეაქცია გამოიწვიონ. მაგალითად, შედედების პრეპარატებს აქვთ სისხლდენის გამომწვევი უნარი.

- შინ დარჩენილი პაციენტების რა ნაწილი ამარცხებს კორონავირუსს მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე?

- უმრავლესობა ადამიანების, რომლებიც რჩებიან შინ, ისე ამარცხებენ ამ დაავადებას, რომ არანაირი გართულება არ აქვთ. შინ დარჩენილი პაციენტების 90 % დაავადებას ამარცხებს უპრობლემოდ და მარტივად. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ შინ რჩებიან შედარებით ახალგაზრდა და ქრონიკული დაავადების არმქონე ინფიცირებული პაციენტები.

- ერთი ოჯახის წევრებს შორის ვირუსის გავრცელების რა მახასიათებლები გამოიკვეთა თქვენს პრაქტიკაში? შესაძლებელია თუ არა, ოჯახის ერთი წევრისგან ვირუსი დანარჩენებზე არ გადავიდეს?

- კი. გვქონია შემთხვევები, როდესაც მთელ ოჯახს დამართია ვირუსი, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ერთი ოჯახიდან მხოლოდ ერთ წევრს ჰქონდა და დანარჩენებზე არ გავრცელებულა. ეს დამოკიდებულია იმუნიტეტზე, თავად ვირუსზე და რაც მთავარია, ჩვენს ქმედებებზე. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ოჯახშიც შესაძლებელია ისე დავიცვათ წესები, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გადადება. თუ ეჭვი გვიჩნდება შესაძლო ინფიცირების შესახებ, მაშინვე დავიცვათ დისტანცია ოჯახის წევრებთან, ხელები ხშირად დავიბანოთ, დავრჩეთ ჩვენს ოთახში სიმპტომები გამოვლენის შემთხვევაში, პირბადე ვატაროთ სახლშიც. თუ ამ წესებს ზედმიწევნით დავიცავთ, ოჯახშიც კი არ მოხდება ვირუსის გადადება ერთი პირიდან მეორეზე.

"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს

"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება