გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე მივიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ჩვენება გამოაქვეყნა. როგორც მამა კირიონი ჰყვება, გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა. კირიონის თქმითვე, 2014 წელს, გაზაფხულზე, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრას ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე და მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ესწრებოდნენ. არქიმანდრიტი ჩვენებაში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საკითხი მისი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა. არქიმანდრიტი 2015 წელს გამართულ გაფართოებულ სხდომას იხსენებს.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.