ავტორი:

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.

„ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა - 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მეხანძრე-მაშველების მიერ მთელი ღამის განმავლობაში, აქტიური ქრობის სამუშაოების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სოფელი ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომლებიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავადაც არიან ჩართულნი ხანრძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ზოგიერთ მონაკვეთზე მეხანძრეების რაოდენობა საკმარისი არ არის.

"უბრალოდ რომ იცოდეთ ლატალს როგორ სჭირდება დახმარება, ამ კონკრეტულ ადგილზე სულ ოთხი ადამიანი ვართ, სახანძრო აქ ვერ ამოდის, სოფლის დიდი ნაწილიც სხვა ლოკაციაზეა, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია გვიპოვით, სიდიანარის, გუჰლის მხარეს ვართ, თავბრუსხვევა დაწყებული გვაქვს ყველას.

ეს იმიტომ რომ უბრალოდ ყველამ გაიგოს თუ როგორ გვიჭირს... არ შეიძლება დღეს სახლში მშვიდად ჯდომა, ხალხი მიწაწყლის დაცვას ეწირებოდა, დღესაც უჭირს ჩვენს მიწას" - წერს მადონა წერედიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში და ფოტოებსაც აქვეყნებს.

"გაიცანით ჩვენი დროის გმირი გოგონები, სიფრიფანა გოგონები, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან სტიქიას - მადონა წერედიანი, ლილუ ნანო გირგვლიანი და ისევ გენდერზე ნუ დამიწყებთ ღაღადს. თქვენ რომ არსებობთ ეს ძალაა, დიდი ძალა რომელიც ბევრ პოზიტიურ ცვლილებას დაატრიელებს და შეცვლის გარემოს უკეთესობისკენ", - წერს ადგილობრივი ელენე განაია.

ელენე განაიას პოსტის კომენტარებში წერენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უკვე ესაუბრა მადონა წერედიანს და ჯგუფებიც მივიდნენ კონკრეტლად იმ ლოკაციაზე, სადაც გოგონები მარტო მუშაობდნენ.

ცნობისთვის, ლატალში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე ღონისძიებაში ადგილობრივები დილიდან ვერტმფრენის ჩართვას ითხოვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ლატალის რწმუნებულმა თენგო ფარჯიანმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა.

„ცეცხლი გავრცელებულია დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. მობილიზებულია ყველა სტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა. ჩამოსულია რეგიონებიდან სამაშველო ჯგუფები, სახანძრო მანქანები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი, მაგრამ მარტო ამ ძალით არა მგონია, რამე ეშველოს. მიუდგომელი ადგილია, მთიანი და საჰაერო ძალის დახმარების გარეშე გაჭირდება ჩაქრობა. ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელია.

ცეცხლი სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყეზე მუშაობს, საქონელიც იქეთ ჰყავთ და როგორც ჩანს, დაუდევრობით მოხდა, ან სიგარეტს გადააგდებდა, ან კოცონს დაანთებდა. ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს“, - აცხადებდა ფარჯიანი.

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

"ეს ხდება მეტროში... მთავრობამ ბარები და რესტორნები აკრძალა და ხალხი მიაწყდა მეტროს" - ალეკო ელისაშვილი

"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე