ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 6 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია. როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
ამასთან, მარინა ენდელაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული ერთი თვის ბავშვიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადდამოკიდებულებით და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა ენდელაძემ.
მისი განმარტებით, საკმარისი საწოლები არსებობს იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. მარინა ენდელაძემ ეპიდვითარებაც შეაფასა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„ვხედავთ, რომ მატება სერიოზულია, ამისთვის საჭიროა ყურადღებით ყოფნა. ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტაციის დაცვა, ხელების დაბანა და რეგულაციების შესრულება. იცით, რომ წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. ადამიანები ვართ, უნდა მივხვდეთ, რომ რასაც გვეუბნებიან და რა რეგულაციებიც არსებობს, აუცილებელია“, - განაცხადა ენდელაძემ.