ავტორი:

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ დღე რეკორდულად იზრდება და პრევენციის მიზნით ქვეყნები ახალ შეზღუდვებს აწესებენ. ეპიდვითარება თანდათან უფრო რთულდება კავაკასიაშიც. რეგიონში პანდემიას თან ერთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ამ ქვეყნებში შექმნილ ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

გავეცნოთ რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, სად არის ყველაზე რთული და შედარებით სტაბილური ვითარება.

  • სომხეთი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ბოლო დღეებია ახალი შემთხვევების რიცხვი ათასს აჭარბებს. გასული დღეების სტატისტიკა ასეთია:

  • 11 ოქტომბერი - 715 შემთხვევა;
  • 12 ოქტომბერი - 370 შემთხვევა;
  • 13 ოქტომბერი - 745 შემთხვევა;
  • 14 ოქტომბერი - 1058 შემთხვევა;
  • 15 ოქტომბერი - 1371 შემთხვევა.

სომხეთმა ვირუსის პრევენციის მიზნით კვლავ დააწესა გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, 14 ოქტომბერს სკოლები და უნივერსიტეტები ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმს დაუბრუნდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომი ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას. "ვირუსმა არ იცის საზღვრები", - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ჯარისკაცთა მობილიზაცია და ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა ისედაც რთულ ვითარებას, კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

საერთო ჯამში, ვირუსით სომხეთში 59 995 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 1 046 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 47 119 გამოჯანმრთელდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 11 830 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით კი, სომხეთი მსოფლიოს მე-60 ქვეყანაა.

  • აზერბაიჯანი

სომხეთთან შედარებით უკეთესი ეპიდვითარებაა აზერბაიჯანში, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვი იქაც იზრდება. ბოლო დღეების სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • 11 ოქტომბერი - 230 შეთხვევა;
  • 12 ოქტომბერი - 122 შემთხვევა;
  • 13 ოქტომბერი - 277 შემთხვევა;
  • 14 ოქტომბერი - 369 შემთხვევა;
  • 15 ოქტომბერი - 530 შემთხვევა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ხელისუფლებამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.19 ოქტომბრის 00:00 საათიდან 2 ნოემბრის 06:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტს ბაქოს მეტრო, 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადეგები ცხადდება, 65 წელს გადაცილებულ და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ სხვა პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, საცხოვრებელი ადგილები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ. გარდა ამისა, სამთავრობო ორგანიზაციებში თანამშრომლების რაოდენობა 30 პროცენტამდე მცირდება, დანარჩენები კი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

აზერბაიჯანში ვირუსის გამოვლენიდან დღემდე სულ 43 280 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 619 გარდაიცვალა, ხოლო 39 671 გამოჯანმრთელდა, ამჟამად ქვეყანაში 2 990 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანი მსოფლიოში 70-ე ადგილზეა.

  • რუსეთი

ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს რუსეთშიც. ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთია:

  • 11 ოქტომბერი - 13 634 შემთხვევა;
  • 12 ოქტომბერი - 13 592 შემთხვევა;
  • 13 ოქტომბერი - 13 863 შემთხვევა;
  • 14 ოქტომბერი - 14 231 შემთხვევა;
  • 15 ოტომბერი - 13 754 შემთხვევა.

მოსკოვის მერმა მოუწოდა მოხუცებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რომ დარჩნენ სახლში, ხოლო დამსაქმებლებს მიმართა, რომ პერსონალის მესამედი მაინც დისტანციურად უნდა მუშაობდეს. რუსეთში პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაამტკიცა კორონავირუსის პირველი ვაქცინა, ხოლო ახლახანს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ვირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა დამტკიცდა, თუმცა კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა შეიმუშავეს ბიოტექნოლოგიურ კომპანია Novosibirsk's Vekto-ში.

საერთო ჯამში, რუსეთში ვირუსის 1,3 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 23 491 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 048 097 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 282 575 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი გლობალური მასშტაბით მეოთხე ადგილზეა და მას მხოლოდ აშშ, ინდოეთი და ბრაზილია უსწრებს.

  • თურქეთი

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არ იზრდება. მართალია, ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი ათასს აჭარბებს, თუმცა ეს თურქეთისთვის შეიძლება სტაბილურ მაჩვენებლად ჩავთვალოთ, რადგანაც თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, აგვისტოდან ამ დრომდე ყოველ დღე მსგავსი რაოდენობის ინფიცირება ვლინდება და ვითარება გაზაფხულთან შედარებით უფრო მშვიდია.

ინფიცირების სტატისტიკური მონაცემები თურქეთში ბოლო დღეებში ასეთია:

11 ოქტომბერი - 1 502 შემთხვევა;

12 ოქტომბერი - 1614 შემთხვევა;

13 ოქტომბერი - 1 632 შემთხვევა;

14 ოქტომბერი - 1671 შემთხვევა;

15 ოქტომბერი - 1693 შემთხვევა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ქვეყანა ამ ეტაპზე არ განიხილავს კომენდანტის საათისა და სხვა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სტამბოლშია და როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, კარანტინის დაწესების ნაცვლად, გაზარდეს იმ ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც კონტაქტების გამოვლენაზე არიან ორიენტირებულნი. ეს კი, საშუალებას მისცემთ, რომ გადადების ჯაჭვი რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტონ.

სულ თურქეთში კორონავირუსით 342 143 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 9 080 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 299 679 გამოჯანმრთელდა. ამჟამად 33 384 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის კუთხით კი თურქეთი მსოფლიოს 21-ე ქვეყანაა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცმებით ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე 15 327 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის გარდაიცვალა 124 პაციენტი, ხოლო 7 613 გამოჯანმრთელდა. ამჟამად ჩვენთან კოვიდ-19-ის 7 590 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით საქართველო მსოფლიოს რუკაზე 96-ე ქვეყანაა.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 39 მილიონს გადააჭარბა, ვირუსით 1,1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 29 მილიონს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს პირველი 10 ქვეყანა ასეთია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, არგენტინა, კოლუმბია, პერუ, მექსიკა და საფრანგეთი.

კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

"ეს მომენტი უკვე შორს არ არის" - დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება

მინსკში საპროტესტო აქცია სპეცტექნიკის გამოიყენებით დაშალეს