10 აგვისტოს ქართულ ჯარში საშემოდგომო გაწვევები ოფიციალურად გამოცხადდა. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა, საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება.
სამხედრო სავალდებულო სამსახური 1-წლიანია. როგორც მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსმა გოჩა ხარშილაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს გაწვევა მშვიდად და გეგმურად მიმდინარეობს:
- გაწვევა 18 აგვისტოს დაიწყო და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება, უკვე 300 წვევამდელი გავიწვიეთ. თავდაცვის სამინისტროს კვოტა ამ გაწვევაზე 738 წვევამდელია, შინაგან საქმეთა სამინისტროსი - 1350, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსი - 1300.
- ბატონო გოჩა, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში განაწილებისას თუ ითვალისწინებთ წვევამდელთა სურვილს?
- პირს, სურვილის მიხედვით, საკონტრაქტო სამსახურში შეუძლია წასვლა, მაგრამ სავალდებულო სამსახურში გაწვევისას ყოველთვის ვერ ვითვალისწინებთ მათ სურვილს. წვევამდელი იგზავნება იმ სახეობის ჯარში, საიდანაც მოთხოვნაა მოსული.
- რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან?
- სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან პირები:
1. რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნეს;
2. რომლებმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარეს;
3. რომლებიც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გასამართლდნენ;
4. გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;
5. სწავლობენ ასპირანტურაში;
6. რომელთაც მინიჭებული აქვთ სამეცნიერო ხარისხი და ეწევიან პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;
7. ერთადერთი ვაჟია ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
- რა შემთხვევაში გადაუვადდება წვევამდელს გაწვევა?
- წელს ამ კანონში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. პირებს გადაუვადდებათ სავალდებულო-სამხედრო სამსახური შემდეგ შემთხვევებში: ჯანმრთელობის პრობლემების; სამართლებრივი დევნის გამო, თუ პირი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; თუ გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსაკრებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი; პატრონობს შრომისუუნარო ოჯახის წევრს ან წევრებს;
ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; არის დედისერთა; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ჰყავს სამ წლამდე შვილი. თუ პირი მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში, მას სავალდებულო სამსახური გადაუვადდება არჩევნების დასრულებამდე, საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
- ბატონო გოჩა, გასაწვევი ახალგაზრდების რესურსი ძალოვანი უწყებების მოთხოვნებზე გაცილებით მეტია. ამბობენ, რომ ამ ზედმეტი რესურსისგან გადასავადებლის მოსაკრებლით ბიუჯეტში დიდი თანხა შედის...
- გაწვევას ექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე 18-დან 27 წლამდე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. უწყება ეგზავნება ყველა წვევამდელს, რომლებიც არ სარგებლობენ გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევისაგან გადავადების უფლებით. გაწვევა ჩერდება იმ ეტაპზე, როდესაც დაკმაყოფილდება მოთხოვნილი კვოტები.
- გადავადების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხომ არ არის ცვლილებები?
- ამ მხრივ 2006 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. წელიწადნახევრიანი გადავადების თანხად 2.000 ლარია დადგენილი. 25 წლის ასაკამდე გადავადების ასეთი უფლების გამოყენება წვევამდელს მხოლოდ 2-ჯერ შეუძლია.
- 2006 წლამდე მოსაკრებელი 200 ლარი იყო, ამ თანხის გადახდის შემდეგ ახალგაზრდა ერთი წლით თავისუფლდებოდა ჯარისაგან. სამართლიანად მიგაჩნიათ თანხის 10-ჯერ გაზრდა?
- მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. გადავადების მოსაკრებელი, ჩემი აზრით, ბიუჯეტის შესავსებად არ არის გამიზნული.
- თავის არიდების შემთხვევაში რა სახის სასჯელი ეკისრება პირს?
- უწყების მიღების შემთხვევაში წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს გამწვევ კომისიაზე უწყებით მითითებულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კანონი ითვალისწინებს 1.000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან.
- უამრავი ადამიანი დიდი ხანია ელის სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი კანონის დამტკიცებას, რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?
- ახალი კანონი ერთხელ უკვე მოისმინეს პარლამენტში, შემდეგი მოსმენა შემოდგომაზე იგეგმება. 21 ივლისს განხორციელდა ცვლილება უკვე არსებულ კანონში, რომლის მიხედვითაც სარეზერვო სამსახურის 18-დღიანი ვადა გახანგრძლივდა 45 დღემდე.
რეზერვისტთა გაწვევის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ მოუმართავს.
- რა ბედი ეწევა იმ რეზერვისტებს, რომლებსაც სარეზერვო შეკრება ერთხელ ან ორჯერ აქვთ გავლილი?
- კანონის ახალ პროექტში გარდამავალი დებულების მიხედვით, თუ წვევამდელმა ერთი შეკრება მაინც გაიარა, მას სამხედრო-სარეზერვო სამსახური მოხდილად ეთვლება. ეს ყველაფერი მაინც განხილვის სტადიაშია.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, საქართველოს ეყოლება შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ უკეთ გაწვრთნილი და აღჭურვილი სარეზერვო დანაყოფები. რეზერვი იქნება როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი და მოხვდებიან მხოლოდ ჯარგამოვლილი პირები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 27 წელი. ასაკის ზედა ზღვარი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
პროგრამა 5-წლიანი იქნება. პირველ წელს პროგრამა 45-დღიან სწავლებას ითვალისწინებს, მეორე წელსაც - ამდენივეს. მომდევნო წლებში დღეების რაოდენობა შემცირდება. რეზერვისტებს გაიწვევენ სეზონურად. თუ პირველ წელს ერთ ნაწილს ზაფხულში მოუწევს გაწვევა, მეორე წელს ზამთარში წაიყვანენ, რომ ყველანაირ კლიმატურ პირობებში ბრძოლისათვის იყვნენ მომზადებული.
5 წლის შემდეგ, თავისი სპეციალობითა და კონკრეტული მიმართულებით სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ რეზერვისტი იქნება აღრიცხვაზე და მას საგანგებო შემთხვევებში გამოიძახებენ.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ხუთშაბათობით)