„საპარტნიორო ფონდი" არის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და მისი განვითარებისთვის. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს კაპიტალით დაფინანსებას სთავაზობს,“ - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ განაცხადა.
დანელიამ აღნიშნა, რომ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტრუმენტი არის ან სუბსიდია, ან გრანტი, ან სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილი სხვა ტიპის პროგრამები.
„საპარტნიორო ფონდი ფულს აბანდებს კომერციულად - ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. კომერციულად დაბანდება გულისხმობს, რომ ჩადებულ ინვესტიციას ფონდი უკან იბრუნებს. თუ ამ საკითხს რიცხვებში განვიხილავთ, გამოდის, რომ „საპარტნიორო ფონდს“ დაახლოებით, 15%-იანი ამონაგები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადებულ ინვესტიციაზე 15%-იან სარგებელს ვიღებთ ჩვენს არსებულ საინვესტიციო პორტფელში. თუმცა, ამასთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ისეთი პროექტებიც, რომლებშიც კაპიტალდაბანდება 19%-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია,“- განაცხადა გიორგი დანელიამ.
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა ფონდის ინვესტირების პრინციპებისა და ინსტრუმენტების ეფექტიანობას და აღნიშნა, რომ ამას ის შედეგებიც ადასტურებს, რომლებიც დღესდღეობით მიღწეულია.
„ჩვენი საინვესტიციო პორტფელი დღესდღეობით ჯამურად დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს სცდება, საიდანაც ფონდის კონტრიბუცია მთლიან პორტფელში დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს 1 დოლარ ინვესტირებაზე 6-7 დოლარის ინვესტირებას აკეთებს კერძო სექტორი, ბანკები და ა.შ. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია, ვინაიდან ზუსტად აქ ჩანს ფონდის როლი, რომელსაც მინიმალური ინვესტირებით ინვესტიციის მულტიფიცირება შეუძლია“,- აღნიშნა გიორგი დანელიამ.