„დიდი ალბათობით, საქართველოში ორ-სამ კვირაში ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები“, - ეს განცხადება ინფექსიური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. როგორც აღნიშნა, თითოეულის გარანტირებული ეფექტიანობა - რომ კორონავირუსს კურნავს - ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, „რემდესივირის“ გამოყენების შედეგად მოსალოდნელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდეს. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულებს, კოვიდის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი გამოცდა აშშ-სა და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში დაიწყო. საქართველოს საშუალება მიეცა, კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო. ახლა გამოყენების შესახებ ტრენინგები მიმდინარეობს და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
AMBEBI.GE მონოკლონურ ანტისხეულებთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეპიდემიოლოგს, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის მაგისტრს ეკატერინე ქარქაშაძეს ესაუბრა, რომელმაც განგვიმარტა თუ რა ანტისხეულებზეა საუბარი, როგორ მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმზე და კონკრეტულად, ისეთ ვირუსზე, როგორც „კოვიდ 19“-ია.
„მონოკლონური ანტისხეულები წარმოადგენს ლაბორატორიაში შექმნილ პროტეინს და პრაქტიკულად, ემსგავსება ორგანიზმში იმუნური სისტემის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ვირუსს ან სხვა გამომწვევს. COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები შექმნილია და ის ბლოკავს კორონავირუსის იმ ნაწილაკებს, რომლებიც ვირუსს უჯრედში შეჭრაში ეხმარება და შესაბამისად, იცავს ინფიცირებისგან. მონოკლონური ანტისხეულების ორგანიზმში შეყვანა განაპირობებს მოკლევადიან დაცვას (განსხვავებით ვაქცინისგან) და შესაძლოა COVID-19-ის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ვაქცინის შექმნამდე. მონოკლონური ანტისხეულებს გამოყენება მკურნალობის კუთხითაც ექნება, რადგან თავისი მოქმედების მექანიზმით, ისინი გართულებების რისკს ამცირებენ,“ - განმარტავს ეკა ქარქაშაძე.
ხოლო მსოფლიოს მასშტაბით თუ რა კვლევები და დაკვირვებებია მასზე ჩატარებული, ამაზე ასე გვპასუხობს: „COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, ამჟამად დაწყებულია ორი დიდი მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების ხელშეწყობით (ცნობისთვის, მე-3 ფაზის კლინიკური კვლევის დადებითი შედეგის შემდეგ უკვე ხდება პრეპარატის წარმოებაზე ნებართვის გაცემა). მსგავსი კვლევები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. კვლევის მონაწილეები ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებიც COVID-19-ის მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან სამსახურში ან კონტაქტი აქვთ ოჯახში ინფიცირებულ პირთან. ამ ეტაპზე დაწყებულია მონაწილეთა კვლევაში ჩართვა. კვლევების დასრულების სავარაუდო დროს 2021 წლის ზაფხული წარმოადგენს, თუმცა, კლინიკური კვლევის პრაქტიკაში, ეფექტურობის ან პირიქით, მომატებული რისკების შემთხვევაში, კვლევა დროზე ადრე სრულდება. დაველოდოთ შედგებს... როგორც იცით, საქართველოც განიხილება აღნიშნული კვლევების ერთ-ერთ მონაწილედ და უახლოეს მომავალში იგეგემება ამ კვლევის დაწყება ჩვენს ქვეყანაშიც. კვლევაში ქვეყნის ჩართულობას ის უპირატესობაც აქვს, რომ მონოკლონური ანტისხეულების წარმოებაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს აღნიშნულ საშუალებას“.
- როგორ ხდება მისი წარმოება?
- მონოკლონური ანტისხეულების წარმოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ტესტირება აქვთ გასავლელი ეფექტურობის და უსაფრთხოების კუთხით. დადებითი შედეგის და წარმოების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიები მის წარმოებას დაიწყებენ. ზოგადად, თითოეულ ასეთ კვლევას კონკრეტული ფარმაცევტული კომპანია უწევს ფინანსურ დახმარებას და ამ კვლევაში საკუთარ ფორმულას ცდის. რომელი პრეპარატიც დაწინაურდება კვლევაში, შესაბამისი კომპანია აწარმოებს მას. აღსანიშნავია, რომ მათი წარმოება ტექნიკურად საკმაოდ რთულია და ძვირი დაუჯდება კომპანიებს, ეს შესაბამისად ფასზეც აისახება.
- ე.ი. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება პრაქტიკაში ამ ეტაპზე გამოცდას გადის...
- დიახ და მისი გამოყენება მხოლოდ კვლევის ფარგლებში თუ იქნება შესაძლებელი და არა ფართო საზოგადოებაში. კვლევის დასრულება ოფიციალურად 2021 წლის ზაფხულშია ნავარაუდევი, თუმცა თარიღი (სიტუაციის მიხედვით) შეიძლება შეიცვალოს: თუკი მონოკლონური ანტისხეულები ეფექტიანი გამოდგება ინფექციისგან დაცვის კუთხით, კვლევა დროზე ადრე დაიხურება, როგორც ეთიკური რეგულაცია კლინიკურ კვლევებში; ანალოგიურად, თუ გამოჩნდება, რომ რისკის შემცველია მისი გამოყენება, ამ შემთხვევაშიც დროზე ადრე დასრულდება.
დავუშვათ, დროულად რომ დამთავრდეს კვლევა და დამტკიცდეს პრეპარატი, გარკვეული პერიოდი წარმოებას დასჭირდება და უკვე საუბრობენ, რომ მსოფლიოში დიდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, სამყოფი რაოდენობის და ხელმისაწვდომობის საკითხი გამოწვევა იქნება. ეპიდემიოლოგთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით კი, შესაძლოა, პანდემიამ ამ პერიოდისთვის უკან დაიხიოს, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.