საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დავით გარეჯი გაყიდა და სანაცვლოდ ფული აიღო.
როგორც სააკაშვილი "ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ასეთი პროვოკაცია საქართველოს ისედაც შელახულ რეპუტაციას აზიანებს.
ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს ქაოსს და არეულობას, "რათა შემდგომში ბოლომდე გაანადგუროს საქართველო“.
"ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა, თუმცა, ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.
ამ სიტუაციაში, ამ პროვოკაციის გადმოგდება პირდაპირი დესტაბილიზაციაა საქართველოს ისედაც შელახული ურთიერთობების და რეპუტაციის ამ ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიაში. ეს ურტყამს თითოეულ ქართველს. როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან მაგარი განვითარება მოხდა ახალქალაქში, იქ აღდგა კანონის უზენაესობა, ავაშენეთ ახალი უზარმაზარი სარკინიგზო ქსელი, ძალიან ბევრი ბიზნესი შევიყვანეთ, მანამდე გაზი შევიყვანეთ, გზა ავაშენეთ თბილისიდან ახალქალაქამდე, რამხელა განვითარება მოხდა მარნეულში, ბოლნისში და სხვა რაიონებში.
ჩვენმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა კარგად იციან, რამდენი რაღაც აქვს ჩემ მთავრობას მათთვის გაკეთებული. ამათ გაკეთებული არაფერი აქვთ, სამაგიეროდ, არევაში მსოფლიო ჩემპიონები არიან. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა, ივანიშვილის დატოვება ნიშნავს ქაოსს, არეულობას, რათა შემდგომაში ბოლომდე გაანადგუროს საქართველო.
მთავრობის შეცვლა და ჩვენი მთავრობის მოსვლა ნიშნავს ერთა შორის ძმობას, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სრულ პატივისცემას და საქართველოში სრულ თანასწორობას, ასევე ნიშნავს სწრაფ განვითარებას, თითოეული ქართველის გამდიდრებას, საქართველოს ღირსების ყველაზე მაღლად დაყენებას“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.