სამართალდამცავებმა მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.