ავტორი:

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 37 წლის თამარს, თბილისიდან. გოგონას უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი და დეტალურად იხსენებს, როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ, სენაკის პანსიონატში.

როგორც ამბობს, დაბადებისთანავე მშობლებმა ის ბავშთა სახლს მიაბარეს და მისი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპიც აქედან დაიწყო.

"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს.მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი, დიაგნოზი სპეციალურად დაამძიმეს, ადვილად რომ მოვეშორებინე. 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ვერ დავდიოდი - ძვლების არასწორი ზრდა მქონდა და მხოლოდ ხოხვით გადავაადგილდებოდი.

5 წლის შემდეგ, სენაკის პანსიონატში გადამანაწილეს და იქიდან დაიწყო ჩემი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი. ისე გავიზარდე, სითბო და სიხარული არ მინახავს. დღე ისე არ გავიდოდა, დირექტორს რომ არ ვეცემე. წერა-კითხვა ჩემთვის არავის უსწავლებია, უფრო იმ ბავშვებს აქცევდნენ ყურადღებას, ვინც დადიოდა. ცოტა მოგვიანებით, ამერიკელებმა ოპერაცია გამიკეთეს რაღაც პროგრამით და სიარული შევძელი.

სენაკში დირექციას ისე ჰქონდა საქმე დაყენებული, რომ უფროს ბენეფიციარებს მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე პატარებს. ამიტომ, სულ გვჩაგრავდნენ - სტუმრები რომ მოდიოდნენ და საჩუქრებს მოგვიტანდნენ, იმ საჩუქრებს უფროსები გვართმევდნენ და დირექტორთან მიჰქონდათ. სულ მშიოდა, გაურეცხავ და უგემურ საჭმელს გვაჭმევდნენ.

ლობიოს მოხარშავდნენ და მარილსაც არ უკეთებდნენ, არ შეჭამდი და დირექტორი თმაში ჩაგავლებდა ხელს, წაგათრევდა და გცემდა. ამიტომ ვჭამდი, მაგრამ მერე გავდიოდი და უკან ამომქონდა.18 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, მეგობართან ერთად გავქცეულიყავი სენაკიდან. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა - თბილისში გადავრჩებოდი. მე და გვანცა მეორე სართულიდან გადავხტით და ტრასამდე გავედით. მანქანები არ გვიჩერებდნენ, ვინ არიან ეს გიჟებიო, მაგრამ როგორღაც ჩამოვედით თბილისამდე. მახსოვს, მეტროში ამოვყავით თავი და სკამზე არც კი დაგვსვეს, ქვემოთ ვეყარეთ. მერე გვანცა ცუდად გახდა, კრუნჩხვები დაეწყო. ესეც იცით, რატომ? სულ სცემდნენ და თავში რაღაც დაუზიანდა. მე საჭმლის მოსაპარად გავიქეცი, გვანცა რომ გადამერჩინა. ამასობაში, ვიღაცამ გვიცნო - გვანცა და თამარი არ ხართო?!

თმა ორივეს ბიჭურად გვქონდა შეჭრილი და მოვიტყუე, არა, მე გიორგი მქვია-მეთქი. მაგრამ პოლიციამ მაინც დაგვიჭირა, ამოგვიცნო და იმავე საღამოს დაგვაბრუნეს სენაკში. არც კი უკითხავთ, რატომ გამოვიქეცით. მეორე დილით დირექტორი მოვიდა, ხელ-ფეხი შემიკრა, რადიატორზე მიმაბა და გონის დაკარგვამდე მცემა. თან ისეთი სიტყვებით მაგინებდა, მანამდე რომ არ მსმენია. ასეთი წესი ჰქონდა – ცემას რომ მორჩებოდა, გრაფინს აიღებდა და თავზე წყალს გასხამდა. იმ დღეს იმითაც დამსაჯეს, რომ თმა გადამპარსეს.

რომ ვეცემეთ, მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ. ხანდახან კითხვას რომ ვსვამდი, თუ რატომ მცემდნენ, მპასუხობდნენ, რომ ცელქი ვარ, მოუსვენარი და გრძელი ენა მაქვს. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც დირექტორთან დამიბარებდნენ, სულ მცემდნენ. დირექტორი ხან წვეტიან ფეხსაცემლს მირტყამდა, აი, ისეთს, პარლამენტარებს რომ აცვიათ-ხოლმე, ხან საფერფლეს ჩამარტყამდა, ხან - სკამს, ხან თავს მიმახეთქებინებდა კედელზე. თანამშრომლები დივანზე ისხდნენ და იცინოდნენ. ცემას ისე მივეჩვიე, ბოლოს აღარც მტკიოდა. მახსოვს, კაბინეტში მაცივარი ედგა, ცემის დროს ვცდილობდი, გამეღო – ეგებ, რამე ნორმალური საჭმელის აღება მომესწრო და უცებ შემეჭამა.

ცემა ერთადერთი დასჯა არ იყო. უფლება არ მქონდა, მელაპარაკა და ვინმეს მოესმინა. უფროს ბენეფიციარებს დირექციისგან ჰქონდათ უფლება, რომ პატარები დაეჩაგრათ და ეძალადათ. ერთხელ იმით დამსაჯეს, რომ ერთ მოძალადე ბენეფიციარ ბიჭთან ჩამკეტეს. ეს იმიტომ გააკეთეს, იმ ბიჭს რომ გავეუპატიურებინე. ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ გოგოების დასასჯელად, მაგრამ მე თავს ვიცავდი და გადარჩენისთვის ფიზიკურად ვიბრძობდი.

ამ ბიჭმა ვერაფერი მომიხერხა გარდა იმისა, რომ უმოწყალოდ მცემა.სულ ვცდილობდი, როგორც ქალი, ვინმეს არ მოვწონებოდი და ჩემთვის რამე არ დაეშავებინა. თმას განგებ ვიმახინჯებდი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი მეცვა, ხანდახან ყველას დასანახავად ხელს ნაგავში ვყოფდი და მერე პირში ვიდებდი, ბიჭებს რომ შევზიზღებოდი.არასდროს მიფიქრია, რომ ნორმალური ცხოვრება მექნებოდა. ვიცოდი, რაღაცას დამიშავებდნენ და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. კარატეს ილეთებიც კი ვისწავლე, თავი რომ დამეცვა.

ვისთანაც თავის დაცვა არ გამომივიდოდა და ჩემზე ძლიერი აღმოჩნდებოდა, რამით ხომ უნდა გამემწარებინა?! ამიტომ, ვიგინებოდი და ასე ვცდილობდი მის დაჩაგვრას. ბევრჯერ მიტირია - რა დავაშავე ასეთი, რატომ ამკიდეს მშობლებმა ეს ტვირთი და გამწირეს?25 წლის ვიყავი, სენაკის ბავშვთა სახლი რომ დაიშალა. დუშეთის პანსიონში გადამანაწილეს, სადაც იგივე გრძელდებოდა. ამიტომ, ხშირად გავრბოდი თბილისში და ქუჩაში ყოფნა მერჩივნა. ერთხელ, ერთმა ბენეფიციარმა კაცმა ისე მცემა, თმა ამომაგლიჯა და თავი კაფელზე მარტყმევინა. პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია, არ გამოუძიებიათ. მე დამაბრალეს, შენ გამოიწვევდიო.

ჩემი სისხლიანი და დახეული კურტკა ისევ პოლიციაშია.ამიტომ სულ გავრბოდი. ქუჩა-ქუჩა ვიყავი, რომ შიგნით, ამ სახლებში, არავის დაეშავებინა ჩემთვის რამე. სულ გაქცევა, გაქცევა, გაქცევა... დუშეთში დაუმსახურებლად მომანიჭეს ფსიქიკური დარღვევის მქონე პირის სტატუსი. არადა, ხომ უნდა გამსაუბრებოდა ვინმე?! მოვუყვებოდი, რატომ ვარ აგესიული, რატომ ვიცავ თავს. იმიტომ, რომ სულ მჩაგრავდნენ.

არავითარი თერაპია და სხვა დახმარება არ მიმიღია. რამდენჯერმე ძალით წამიყვანეს ფსიქიატრიულში და ძალით მიკეთებდნენ ნემსებს, როცა მე სულ სხვანაირი დამოკიდებულება და დახმარება მჭირდებოდა. მე გიჟი არ ვარ, მე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ჩემს აზრს არასდროს არავინ ითვალისწინებდა.ქუჩაშიც ყველა უნდობლად მიყურებდა - ვინ არის ეს ქალი, ნაგვიდან იღებს საჭმელს, იგინება, ძაღლებთან ცხოვრობს (ძაღლები ძალიან მიყვარს), მაგრამ ვინ ვარ და ასე რატომ ვცხოვრობ, არავის უკითხავს ჩემთვის. მაფურთხებენ, პანღურებს მირტყამენ, მცემენ... მაგრამ ჩემს შვილს არასდროს დაუნახავს, როგორ მამცირებენ.ჩემი შვილი, შეიძლება ითქვას, ქუჩაში გაჩნდა.

ბავშვის გაჩენა არასდროს მიფიქრია.ერთ ღამეს, ისევ უდანაშაულოდ, მთვრალმა კაცმა მცემა. ადამიანები თავს ამის უფლებას აძლევენ, როცა ღამით ქალს ხედავენ ქუჩაში. ისეთი ნაცემი ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. ცოტა რომ დამვიწყებოდა ეს ტკივილები, დავლიე და იქვე ქუჩაში მიმეძინა. დილით ვიღაცის სახლში გამეღვიძა, სულ სისხლიანი ვიყავი, ვერც კი მივხვდი, რა მოხდა. როცა გავიგე, რაც მოხდა, ძალიან შემრცხვა.

ჩემს მეგობრებს ვერ ვუთხარი, შემეშინდა - დაცინვას დამიწყებდნენ და მე გამამტყუნებდნენ.არაფერი ცოდნა მე არ გამაჩნდა, ისე გამებერა მუცელი, ბოლოსკენ გავიაზრე, ბავშვი რომ მეჯდა შიგნით. მეგობარმა ტესტი გამაკეთებინა, მაგრამ მაინც არ დავიჯერე. ისევ ქუჩაში ვცხოვრობდი და ვიღაცების დატოვებულ საჭმელს ვჭამდი, დუშეთში არ ვბრუნდებოდი, მეშინოდა, ისევ არ ვეცემე ვინმეს. თუმცა ბოლოს ექოც გამიკეთეს პანსიონში და საკეისროც დამიფინანსეს ''ღუდუშაურში.'' ასე გაჩნდა ალექსანდრე.ბავშვს სოციალური სამსახური მართმევდა. დიდი ბრძოლები გადავიტანე, რომ შემენარჩუნებინა.

არ მინდა, ჩემმა შვილმაც ისეთივე უდედო ცხოვრება გაიაროს, როგორც მე. არ მინდა, ის რომ „დედა“-ს დაიძახებს, ვიღაცამ უპასუხოს - „შენი და შენი დედაც“-ო. მეგობრების დახმარებით და რჩევით, ბავშვი არ დავთმე. ხელს არ ვუშვებდი. სამშობიაროდან კახეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაგვიშვეს. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო, ამიტომ ერთ თვეში განცხადება დავწერე და მოვითხოვე, დედათა და ბავშვთა პანსიონში გადავენაწილებინე. დუშეთში აღარ აბრუნებდნენ - ბავშვიანებს იქ აღარ ვიღებთო.ისევ მეგობრების დახმარებით გადმოვედი თბილისში „ბავშვთა სოფელში.“

იქაც ისეთივე სისტემა დამხვდა - ძველი ბენეფიციარები ახლებს გვჩაგრავდნენ – მთხოვდნენ, სიგარეტი და ფული მიმეცა მათთვის. მეც თავს ვიცავდი და დამნაშავე ისევ მე გამოვდიოდი. რამდენჯერმე ძიძებს შევჩივლე და მითხრეს, უნდა მოითმინო და ამ სახლის წესებით იცხოვროო.ერთი წლის მერე „ბავშვთა სოფელში“ ცხოვრების უფლება დამიმთავრდა და მე და ჩემი შვილი ისევ ქუჩაში წავედით. ახლა, ხან სად ვათევთ ღამეს, ხან - სად. ერთ ბებოს შევეკედლეთ, მაგრამ იქაც სულ მიკონტროლებს, რამდენი დენი და წყალი დავხარჯე. ამიტომ, ვცდილობ, სახლში ღამე დავბრუნდე, არავინ რომ არ შევაწუხო.

სოციალური სამსახური დროებით შემეშვა და შვილის წართმევით აღარ მემუქრება. ახლა, მეგობრების დახმარებით, ერთი პატარა დროებითი თავშესაფარი მექნება და სიცივისაც არ შეგვეშინდება მე და ჩემს შვილს. „ვორლდ ვიჟენი“-ს ბაღში ჩავწერე ბავშვი და იქ კარგ გარემოში იქნება, სანამ მე „ვიმუშავებ.“ ჩემი მუშაობა, ფულის თხოვნაა. ხან 20 ლარს ვაგროვებ, ხან - 50-ზეც ავსულვარ.

სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს. რა მინდა? მინდა, როგორც დაზარალებულსა და მარტოხელა დედას, უსაფრთხო თავშესაფარი მომცეს, მჭირდება ფსიქოლოგის თერაპია და არა ძალადობრივი მკურნალობა ფსიქიატრიულში. ასევე, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, შვილი როგორ წამართვას, არამედ იმაზე, როგორ შემასწავლოს რამე პროფესია და დამასაქმოს. არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მშობლის გარეშე.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.