ავტორი:

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

ხმის ჩამწერი სტუდის "ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი, პროდიუსერი, მელომანი ზაზა შენგელია "ფეისბუქის“ პირად გვერდზე საინტერესო, სახალისო ამბავს აქვეყნებს. ის ლეგენდარული მუსიკოსის, რეი ჩარლზის საქართველოში 1996 წელს ჩამოსვლის ამბავს იხსენებს, რომელიც თავად მას და მის მეგობარ ვათა ჯორჯიკიას უკავშირდება.

ამ მონათხრობით ჩვენს ქვეყანაში არსებული მაშინდელი კუტურულ-პოლიტიკური ვითარების ნათელი სურათი იქმნება - თუ როგორ რთულ სიტუაციაში უწევდათ ადამიანებს ცხოვრება და ამის გამო, რა პრობლემებს აწყდებოდნენ ნებისმიერ სფეროში... ზაზა შენგელიამ საკუთარ მონათხრობს "სახალისო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი: "როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში 1996 წელს“ - ასე უწოდა. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ამაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია და ამ ამბავს ახლა პირველად აქვეყნებს. დასაწყისში კი აღნიშნავს, რომ ამ დღეებში რეი ჩარლზის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა და სწორედ მუსიკოსის საიუბილეო დღეებშიც უპრიანია ამ ისტორიის გახსენება...

ტექსტს AMBEBI.GE მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

"ყველაზე დიდი მუსიკოსი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსებს შორის, რომელიც საქართველოში დღემდე ჩამოსულა, იყო და არის ლეგენდარული რეი ჩარლზი, რომლის ჩამოყვანის ბედნიერება და პატივი მე და ჩემს სტუდენტობისდროინდელ მეგობარს, იმდროინდელ პარტნიორს, ვათა ჯორჯიკიას გვხვდა წილად 1996 წლის 17 ოქტომბერს, ჩვენი კომპანიის "სინკოპა+“-ის მეშვეობით... გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მე და ვათა ერთად ვმუშაობდით სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროში (პრესსამსახურში), რომლის ხელმძღვანელი ბრწყინვალე პიროვნება, პროფესიონალი რამაზ საყვარელიძე გახლდათ...

ვათა იქ ჩემს მისვლამდე საქმიანობდა, მე 1994 წელს, ტელეკომპანია "იბერვიზიიდან“ წამოსვლის შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ გადავედი. "იმელის“ შენობის სხვენის ერთ პატარა ოთახში, რომელიც ზუსტად ედუარდ შევარდნაძის სათათბირო ოთახის თავზე მდებარეობდა, ერთროულად 12-მდე თანამშრომელი ვმუშაობდით. მთელ შენობაში და სახელმწიფოს მეთაურის აპარატში სულ 3 ფაქსი ფუნქციონირებდა (მაშინ არ არსებობდა არც ინტერნეტი, არც ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონები), მათ შორის, ერთ-ერთი ჩვენს სამუშაო ოთახშიც იდგა...

ურთულესი დრო იყო და ძალიან დაძაბული, თითქმის 14-16-საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა, ხშირად მთელი ღამითაც გვიწევდა მორიგეობა... თავისუფალ დროს (თუკი ასეთი იყო) "იმელის“ შენობის ბუფეტში ხშირად ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ადამიანებს გარდა სოციალური და ელემენტარული საარსებო პირობების მოგვარებისა, აუცილებლად სჭირდებოდათ რაღაც განსაკუთრებული, ისეთი, რაც მათ მძიმე ყოფას გარკვეულწილად შეამსუბუქებდა... ასე დავიწყეთ ფიქრი დამოუკიდებელ საქართველოში დიდი უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანაზე...

რეი ჩარლზი, სასტუმრო "შერატონის“ მენეჯერი და ზაზა შენგელია

ერთხელ ვათამ მითხრა, რომ მას ჰყავდა ამერიკელი მეგობარი ქალბატონი - ბარბარა ქუქი, რომელიც თავის დროზე ბროდვეის ერთ-ერთ ცნობილი და სახელოვანი არტისტი იყო და კარგი კონტაქტები ჰქონდა ცნობილი უცხოელი მუსიკოსების მენეჯერებთან და პრომოუტერებთან... ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანი ცნობილ ბრაზილიელ ჯაზ-მომღერალზე, ტანია მარიაზე შევაჩერეთ. ჩვენი სამსახურებრივი ფაქსისა (მისი გამოყენებით კანონი ოდნავ კი დავარღვიეთ, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ეს დარღვევა გამართლებული აღმოჩნდა) და ვათას ამერიკელი მეგობრის დახმარებით, 6-თვიანი მუშაობის შემდეგ, შევძელით ტანია მარიას ჩამოყვანა 3 კონცერტით. 1995 წელს, სწორედ ტანია მარია იყო პირველი საერთაშორისო დიდი პოპულარობის მქონე და საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი არტისტი, რომელიც დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში ჩამოვიდა... ტანია მარიას და შემდგომ კი რეი ჩარლზის კონცერტების ორგანიზებაში გვეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები: ლიზა ბაგრატიონი და კახა გუნცაძე. ეს იყო ჩვენი კომპანიის, "სინკოპა+“-ს პირველი პროექტი, რომელიც სრული ფინანსური კრახით დამთავრდა, რადგანაც მაყურებელთა უმეტესობა უბილეთოდ ხვდებოდა კონცერტებზე და შედეგად, სამივე კონცერტზე, ბილეთების მხოლოდ 20% გაიყიდა.

ერთი მხრივ ლოგიკური იყო, რადგან გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა მეორე მხრივ, ტანიას 3 კონცერტი ნამდვილად ბევრი იყო იმდროინდელი თბილისელი მაყურებლისთვის“.

  • რეალური შანსი

როგორც ტექსტიდან ირკვევა, 1996 წელს ზაზა შენგელიას და მის მეგობარს ახალი რეალური შანსები გასჩენიათ რეი ჩარლზის საქართველოში ჩამოყვანის მიმართულებით: "უკვე სახელმწიფო მინისტრის, ბატონ ნიკო ლეკიშვილის მოადგილედ სახელმწიფო კანცელარიაში ვმუშაობდი. აპრილი იყო, რომ ვათამ მითხრა, - შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ბარბარა ქუქს (ამერიკელ მეგობარს) ველაპარაკე და რეალური შანსი გვაქვს, საქართველოში რეი ჩარლზი ჩამოვიყვანოთ, თანაც დიდი ბიგ-ბენდის თანხლებით.... წამიერად მეტყველების უნარი დავკარგე და ვათას გათიშული ვუყურებდი...

პირველი, რაც იმ საღამოს გავაკეთე, დავურეკე ჩემს გურუს, ინგლისური ენის ნომერ პირველ მცოდნეს იმდროინდელ თბილისში - რობერტ სულხანიშვილს, რომელიც მთაწმინდაზე ჩვენი მეზობელი იყო და რომელმაც ბავშვობიდან შემაყვარა ჯაზი, ამერიკული ლიტერატურა, მასწავლიდა, ამერიკის ისტორიას, რადიო "ამერიკის ხმაზე“ მასმენინებდა ვილი სკანოვერის გადაცემებს ჯაზის ისტორიაზე. მან ზედმიწევნით იცოდა ჯაზის ისტორია და გენიალური ჯაზმენების ბიოგრაფიები, მათ შორის, რეი ჩარლზის ცხოვრებისეული და კარიერული გზა, რომელიც ასევე მოყოლილი ჰქონდა ჩემთვის. მე რობერტს რეი ჩარლზის და მისი მენეჯერის თარჯიმნობა ვთხოვე და ამით ყველაფრისთვის ჩემი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატე, რაც მან მომცა და მასწავლა... მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა კი თვალები ოდნავ აუწყლიანდა...

რეი ჩაელზი და მისი როლის შემსრულებელი ფილმში "რეი“ - მომღერალი და მსახიობი, ჯეიმი ფოქსი

ცხადზე ცხადი იყო - ასეთი დიდი ვარსკვლავისა და მისი 30-კაციანი ბიგ-ბენდის ვიზიტს იმ პერიოდში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებდით და რა თქმა უნდა, ჩემს უშუალო უფროსს, სახელმწიფო მინისტრს, ბატონ ნიკო ლეკიშვილს მოვუყევი, რომელიც ძალიან გახარებული ჩანდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა რეი ჩარლზის მოსალოდნელი კონცერტით თბილისში და მკითხა - რაში შეეძლო მთავრობას დახმარება... ბატონ ნიკოს ვთხოვე, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან რეი ჩარლზის შეხვედრის ორგანიზება.

პარალელურად დავიწყეთ სპონსორების მოძიება და ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შემდეგ მივიღეთ საბოლოო თანხმობა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ბატონი თემურ ჭყონიასგან და "თელასის“ გენერალური დირექტორის, ბატონი აკაკი გაბრიჩისგან, რაშიც მაშინდელი თბილისის ვიცე-მერი, ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი ვანო ზოდელავა დაგვეხმარა... ვათამ უმოკლეს ვადებში თავი მოაბა ყველაზე მთავარ პრობლემებს: რეის მენეჯმენტთან კონტრაქტის გაფორმებას, ვიზების საკითხს, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო რაიდერების დამუშავებას, ანუ მუსიკოსის და მისი ბიგ-ბენდის მიერ კონცერტის გასამართად მოთხოვნილი ტექნიკური საშუალებების და მუსიკალური ინსტრუმენტების, აგრეთვე სასტუმროს, კვების და ადგილობრივი ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას...

სამი დღის შემდეგ ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა მითხრა, ელაპარაკა პრეზიდენტ შევარდნაძეს და რომ მე უნდა მომემზადებინა მოკლე წერილობითი ინფორმაცია მომავალი კონცერტის შესახებ და რომ იმავე საღამოს 20:00 უნდა შევსულიყავი პრეზიდენტთან“...

  • შეხვედრა პრეზიდენტთან

"19:55 უკვე შევარდნაძის მისაღებში ვიყავი. ჩემამდე პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო შესული, მათი შეხვედრა საკმაოდ გახანგრძლივდა, რის გამოც, პრეზიდენტთან ათის ნახევარზე მომიწია შესვლა. თავის კაბინეტში გრძელი სათათბირო მაგიდის თავში იჯდა, ძალიან დაღლილი ჩანდა, შესვლისთანავე სელექტორით ჩაი შეუკვეთა და მეც შემომთავაზა. მაგიდაზე, მასთან ახლოს გვერდითა მხრიდან დავჯექი და წინ დავუდე ინფორმაცია რეი ჩარლზის მომავალი კონცერტის შესახებ, რომელიც ძალიან მოკლედ და ლაკონურად, ერთ გვერდზე ამოვაბეჭდინე ჩემს მდივანს, თან დიდი ინტერვალებით, ვიცოდი, პრეზიდენტს არ უყვარდა მიჯრით, ახლო-ახლო ნაბეჭდი ტექსტების კითხვა. უცებ ეს ფურცელი გვერდით გადადო და მეუბნება - "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' და თან გულიანად გაიცინა...

ცოტა დავიბენი, რას გულისხმობთ-მეთქი? - ვკითხე... და სიცილით გააგრძელა:

"როგორ კაცო, რეიგანის ინაუგურაციაზეც მაგას უმღერია და კლინტონის ინაუგურაციაზეც“ (მერე გავარკვიე - თავის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ გელა ჩარკვიანთან ჩემს შესვლამდე უკვე უსაუბრია რეი ჩარლზის შესახებ და მისგან იცოდა ეს ამბები)... გულზე მომეშვა: "კი, ბატონო ედუარდ, სრული სიმართლეა და თუ მასე წავიდა, რეი ჩარლზი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ყველაზე საყვარელი მომღერლი იყო''-მეთქი.

რეი ჩარლზი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

მერე დეტალურად მომაყოლა რეის ბიოგრაფია. დიდი ინტერესით მომისმინა და ბოლოს 30-წამიანი პაუზის შემდეგ თქვა: "თუ ეს ნამდვილად ასეა, როგორც შენ ამბობ და ეს კაცი ამერიკის სიმბოლოა, მაშინ მისი კონცერტი საქართველოში შეიძლება იყოს პოზიტიური სიგნალი ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომ ნორმალური და სტაბილური ქვეყანა ვართ..."

მე ჩემი მხრიდან დავპირდი პრეზიდენტს, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ რეის თბილისის კონცერტი გაშუქებულიყო CNN-ზე და Euronews-ზე. როცა უკვე მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი კონცერტის თარიღი მკითხა. "სავარაუდოდ 17 ოქტომბერი, ბატონო ედუარდ“- თითქმის კაბინეტიდან გასულმა ვუპასუხე მე და მის მისაღებში კედლის საათს შევხედე... ღამის 11:00 საათს აჩვენებდა“...

კონცერტი მოახლოვდა. როგორც ზაზა შენგელია წერს, გენიალური მუსიკოსის ჩამოსვლის წინ თბილისში უზარმაზარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ჯერ რეი ჩარლზი და მისი მენეჯერი ჯო ადამსი ცალკე რეისით უნდა ჩამოფრენილიყვნენ ლოს-ანჯელესიდან ფრანკფურტის გავლით თბილისში და მერე რამდენიმე საათში ბიგ-ბენდიც ამსტერდამიდან მოფრინავდა...

კონტრაქტი უკვე გაფორმებული იყო და ავანსიც გადახდილი, "მაგრამ სულ გვღრღნიდა ეჭვები, რომ არ ჩამოსულიყო და „გადავეგდეთ“?.. მას მერე, რაც ფრენის განრიგი, საათების და წუთების დონეზე ვიცოდით, რომ რეი ჩარლზი და მისი მენეჯერი წესით, ლოს-ანჯელესიდან ფრანკფურტში უკვე ჩაფრენილები უნდა ყოფილიყვნენ და ყველანაირი ლოგიკით, უკვე აეროპორტის სატრანზიტო ზონაში უნდა ყოფილიყვნენ. ეჭვების გასაფანტად, მე და ვათამ, "ეარ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, ჩემი უახლოესს უნივერიტეტელ მეგობარს გია ოკუჯავას, რომელიც ფრანკფურტის აეროპორტში მუშაობდა ( დღესაც იქ მუშაობს) მაინც დავურეკეთ. გიას სტუდენტობიდანვე უყვარდა სპორტი, მაგრამ ჯაზისადმი მის დამოკიდებულებაზე კი რა მოგახსენოთ... მოკლედ, ვურეკავთ, ვურეკავთ, ნახევარი საათის შემდეგ ძლივს გავედით "ეარ ჯორჯიას“ ფრანკფურტის წარმომადგენლობის სატელეფონო ხაზზე ... "ოჰჰჰჰ! მუჭორექ ჩქიმი ჯიმა!“ - ჩვეული მეგრული აქცენტით მესალმება გია....

- გია, რეი ჩარლზი მოფრინავს ფრანკფურტიდან თბილისში თქვენი თვითმფრინავით, წესით, უკვე ლოს-ანჯელესიდან ჩამოფრენილი უნდა იყოს და მანდ სატრანზიტო ზონაში თუ არის, ეგებ მოძებნო. მაგრად ვნერვიულობთ და ეგებ გახვიდე და შენი თვალით ნახო ნამდვილად ხომ მანდ არის-მეთქი... გია მპასუხობს: ... და ეგ ვინ არის?.. ტელეფონში ძალიან ცუდი სმენადობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩავუტარე სატელეფონო მინი-ლექცია ჯაზზე, რეი ჩარლზზე და ვეუბნები - ახლა ძმურად გთხოვ, წადი და იპოვე, თორემ გავრეკავ ნერვიულობისგან-მეთქი... ახლავე კურო (ჩემი სტუდენტობის დროინდელი ზედმეტსახელით მომმართა) ოღონდ, შენ არ ინერვიულო...

რეი ჩარზი აშშ-ის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან - რონალდ და ნენსი რეიგანებთან ერთად

ნახევარ საათში კიდევ ვურეკავთ, ვეკითხებით: - რა ქენი გია ?.. გვპასუხობს, ცოტა ხანში ფრანკფურტი-თბილისის რეისზე ჩასხდომა იწყება და უკვე ყველა მგზავრი გასასვლელთანაა თავმოყრილი. არ მინდა, განერვიულო, მაგრამ შენ რომ აღმიწერე, ეგეთი მუსიკალური ვარსკვლავის მაგვარიც კი არავინ არის და რით გიშველო, ძალიან ვწუხვარ....წნევამ ამასხა და უეცრად ყველაზე ნაღდი და უტყუარი ნიშანი გამახსენდა... გია აფროამერიკელები არიან რეისზე? ორი აფროამერიკელი უნდა იყოს - ვუყვირი მთელ ხმაზე და ამასობაში ტელეფონის სმენადობა უფრო გაუარესდა და ვხვდები, გიას ძალიან ცუდად ესმის ჩემი ხმა... იქედან მეკითხება: - ვინა? ვინა? ვერ გავიგე... შავები ბიჯო, შავებიიიიიი, ორი შავი ტიპი არ არის რეისზეეეეეეე? ვღრიალებ ტელეფონში... გია მპასუხობს: - არა, არააა შავებთან და ქურდებთან მე რა მესაქმება ?..

სხვა გზა არ მქონდა და განწირული ხმით ვყვირი: ზანგები გია, ზანგები არ არიან რეისზეეეე?!. გია მპასუხობს: - აააა, ზანგები? კი არიან, ვიღაც ორი ზანგია - ერთი მაღალი შლაპიანი ტყავის "პლაშჩით“ და მეორე დაბალი შავი სათვალეებით, ჭაღარათმიანი კრემისფერი ზამშის პალტო აქვს შემოხურული და მგონი, მთვრალია, ბარბაცით დადის და ამ მეორეს, შლაპიანს სულ "პადრუჩკით“ დაჰყავს... შვებით ამოვისუნთქეთ, რადგანაც გიას მიერ აღწერილი ორი ადამიანის ნიშნები აშკარად ემთხვეოდა რეალობას, განსაკუთრებით შავი სათვალე და სიარულის თავისებური მიხვრა-მოხვრითი მანერა, რომელიც რეი ჩარლზს ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტის ავადმყოფობის შემდეგ დარჩა“...

  • ვარსკვლავის პირისპირ

"თბილისის აეროპორტში რეის დასახვედრად უამრავი, ყველა თაობის თბილისელი მელომანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი თუ უბრალოდ რეის მუსიკის თაყვანისმცემელი, ცნობილი თუ უცნობი ადამიანი მოვიდა. ყველას უნდოდა, თავისი თვალით ენახა უზარმაზარი სიდიდის მუსიკოსი და გენიალური პიროვნება - რეი ჩარლზი, რომლის მუსიკასაც სუხიშვილების მიერ ჩამოტანილი, ან საბჭოთა პერიოდში შავ ბაზარზე ნაყიდი ფირფიტების, უცხოური ფილმების და "მტრული“ რადიოსადგურების ("ამერიკის ხმა“, "თავისუფლება“) მეშვეობით ათწლეულების მანძილზე არალეგალურად უსმენდნენ.

როგორც კი თვითმფრინავს ტრაპი მიადგეს, გულის ბაგა-ბუგით პირველი მე ავვარდი თვითმფრინავის სალონში, მაინც მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ამ თვითმფრინავმა ნამდვილი რეი ჩამოიყვანა. თვითმფრინავში შესვლისთანავე მისი დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია, სალონის პირველივე რიგში მორიდებულად იჯდა თავის მენეჯერთან, ჯო ადამსთან ერთად....Wellcome to Georgia Mister Charles, we were waiting you for so many decades და ხელი გავუწოდე მას... ასეთი დონის ვარსკვლავის დასახვედრად და თბილისში ტრანსპორტირებისთვის იმ დროს ნორმალური ავტოპარკი ქვეყანაში არ არსებობდა და ჩვენი მეგობრის, გიორგი ხელაშვილის (უჯრას) კერძო სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებული ერთადერთი ლიმუზინი რომ არა (მთელს ქვეყანაში ერთადერთი!), ალბათ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით.

''Continental Town Car''-ის დიდი თეთრი ლაქშერი ლიმუზინი რეის და მის მენეჯერს პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა... ტრაპზე ჩამოსვლისას დამხვედრები მათ ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. კონტრაქტის მიხედვით, რეი ჩარლზი არ ატარებდა არანაირ პრესკონფერენციას, ან ფოტოსესიას ჟურნალისტებისთვის, არც არანაირ სხვა რაიმე სახის პომპეზურ ღონისძიებაში არ მონაწილეობდა და ეს პირობა ძალიან მკაცრად უნდა დაგვეცვა. მიუხედავად ამისა, სასტუმრო "შერატონის“ გერმანელმა მენეჯერმა (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს), სასტუმროს გაპიარების საშუალება ხელიდან არ გაუშვა და რეის სასტუმროში მისვლისას დაახვედრა ნაციონალ კოსტუმებში გამოწყობილი ქართველი მოცეკვავეები, რომლებმაც ლეგენდარულ მუსიკოსს ფიალით წითელი ქართული ღვინო მიართვეს.

წინასწარ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ და ამის გამო რეის მენეჯერის, ჯო ადამსისაგან პირველი საყვედური მივიღეთ... რობერტ სულხანიშვილმა, რომელიც რეისთვის და ჯო ადამსისთვის თარგმნიდა მითხრა, ჯო ცოფებს ყრის - ეს რა კარნავალი დაგვახვედრეთ სასტუმროში და გარდა ამისა, პირადად თავისთვის ცალკე ლიმუზინს ითხოვსო. მაშინ სახელმწიფო კანცელარიაში ტრანსპორტის საკითხებს არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი, ბატონი დიმიტრი კოტეტიშვილი კურირებდა. მას ვთხოვეთ დახმარება და კანცელარიის გარაჟიდან ყველაზე მაგარი შავი ფერის საბჭოთა "ჩაიკა“ მოგვამაგრა 2 დღით. ეს იყო ყველაზე მაგარი ლიმო, რომელიც იმ დროისთვის სახელმწიფოს გააჩნდა. "ჩაიკა“ გარეგნულად თითქოს ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძველი და სარემონტო, ხშირად ფუჭდებოდა ან ხანდახან საერთოდაც არ იქოქებოდა ხოლმე.

ქალაქში გადაადგილებისას ჩვენი კორტეჟი ასე გამოიყურებოდა: თავში და ბოლოში ავტოინსპექციის 2 "კანარეიკიანი“ მანქანა, რომლებიც შუაში 2 ლიმუზინს აცილებდნენ, თეთრ ამერიკულ ლიმუზინში რეი ჩარლზი იჯდა და შავი ფერის საბჭოთა "ჩაიკაში“ კი მისი მენეჯერი ჯო ადამსი, ჩვენ კი ვლოცულობდით, რომ ჯაგლაგ "ჩაიკას“ რაიმე არ მოსვლოდა და შუა ქალაქში არ გავჩერებულიყავით. საერთოდ, რეი "შერატონის“ ნომრიდან გარეთ სულ სამჯერ გამოვიდა: პირველად-სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან შესახვედრად; მეორედ - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საუნდ-ჩეკზე და მესამედ - საკუთრივ კონცერტზე“.

  • რეი თბილისში

"რეი ჩარლზი თბილისში მანქანით გადაადგილებისას ლიმუზინის უკანა სავარძელზე იჯდა და მუდმივად რაღაცას კითხულობდა ბრაილის შრიფტით. იმ დროს ის პრაქტიკულად ჩვენთან კონტაქტში არც კი შემოდიოდა და როგორც ჩანს, წაკითხულის შინაარსიდან გამომდინარე, ხშირად ეღიმებოდა... ძალიან გვინდოდა, რეის წაყვანა რომელიმე ქართულ რესტორანში, მაგრამ გადაღლილობის მომიზეზებით თავაზიანი უარი გვითხრა, იკვებებოდა მხოლოდ საკუთარ ნომერში და როგორც სასტუმროს მენეჯმენტისგან შევიტყვეთ, ძირითადად მხოლოდ სალათებსა და ქათმის ხორცს უკვეთავდა.

ერთ-ერთი მაშინდელი ქართული ბეჭდვითი გამოცემის უნიჭო ჟურნალისტის უკბილო ხუმრობა იმაზე, რომ ვითომდა ჩვენ რეი ჩარლზი მცხეთის დასათვალიერებლად წავიყვანეთ და ის აღფრთოვანებული დარჩა ნანახით, რა თქმა უნდა, არანაირად შეესაბამება სიმართლეს და სხვა არაფერი იყო თუ არა ფეიკ-ნიუსი (იმ დროში...) და უადგილო, არაეთიკური ხუმრობა ლეგენდარული მუსიკოსის ფიზიკურ ნაკლზე, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია. ამ ჟურნალისტის ვინაობას განგებ არ ვასახელებ.

რეი ჩარლზისა და მისი ვირტუოზული ბიგ-ბენდის სასწაულმა კონცერტმა სრული ანშლაგითა და ოვაციებით ჩაიარა და მეორე დღეს CNN-ზეც და Euronews-ზეც როგორც პრეზიდენტ შევარდნაძეს დავპირდი, მართლაც გავიდა სიუჟეტები რეი ჩარლზის თბილისური კონცერტის შესახებ, ოღონდ, სულ სხვა კონტექსტით. ჩვენი კონცერტის შესახებ სიუჟეტი მაშინვე მიაყოლეს სიუჟეტს ჩეჩნეთის ომის შესახებ და ეს გადასვლა დაახლოებით ასე ჟღერდა - ''....და ჩეჩნეთიდან სულ რაღაც 250 კილომეტრის დაშორებით, ქვეყანაში, რომელმაც ახლახანს ტერიტორიების 20% დაკარგა, გადალახა სამოქალაქო ომი და სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ჰუმანიტარული დახმარებით არსებობს, სადაც მოსახლეობის საშუალო ხელფასი 10 ამერიკული დოლარის ტოლფასია, ლეგენდარული რეი ჩარლზის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 200 ქართულ ლარს შეადგენდა, რაც დაახლოებით 160 ამერიკული დოლარის ტოლფასია''...

  • დამშვიდობება

"რეი ჩარლზი, მისი მენეჯერი ჯო ადამსი და ბიგ-ბენდი 28 ოქტომბერს თბილისიდან დილით ადრე უნდა გაფრენილიყვნენ. კონცერტის შემდეგ ძალიან დაქანცულები ვიყავით, მაგრამ ამასთან, იმდენად ამაყები, გახარებულები და ბედნიერები, რომ მთელი საორგანიზაციო ჯგუფი, ჟურნალისტები, მელომანები, "შერატონის“ ფოიეში დავრჩით დილამდე, ანუ სტუმრების აეროპორტში გამგზავრებამდე. რეი ჩარლზი და ჯო ადამსი თავიანთ ნომრებში ისვენებდნენ, ბიგ-ბენდის წევრები კი ჩვენთან ერთად, სასტუმროს ფოიეში ქართულ ღვინოს და კოქტეილებს მიირთმევდნენ.

ასე გავიდა მთელი ღამე და დათქმულ დროს, ანუ დილის 5:00 საათზე "იკარუსის“ ავტობუსი უნდა მოსულიყო 30-კაციანი ბიგ-ბენდის სასტუმროდან აეროპორტში გადასაყვანად, მაგრამ ავტობუსი არსად ჩანდა... შემდგომში გაირკვა, რომ ჩვენი "იკარუსის“ მძღოლი წინა დღეს შორ გზაზე იყო ნამგზავრი და სასტუმრო "შერატონიდან“ რამდენიმე ქუჩის მოშორებით, დილის ხუთი საათის მოლოდინში ავტობუსშივე ღრმად ჩასძინებია. მოკლედ, ავტობუსი არ მოვიდა და ჩემს მეგობრებს: გოგა კალანდაძეს, ვაჟა დურმიშიძეს, კოკო კაპანაძეს და გია ნაცვლიშვილს თავიანთი მანქანებით მოუწიათ ბიგ-ბენდის წევრების გადაყვანა სასტუმროდან აეროპორტში.

სანამ ბიგ-ბენდი მთლიანად არ იქნა გადაყვანილი აეროპორტში, რეი ჩარლზი და ჯო ადამსი თავიანთი ნომრებში რჩებოდნენ და მოგვიანებით გაემგზარნენ აეროპორტში. შექმნილი სიტუაციის გამო, თვითმფრინავის გაფრენა 20 წუთით გადაიდო... აეროპორტში რეი ჩარლზთან, მის მენეჯერთან და ბიგ-ბენდის წევრებთან დამშვიდობება ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელი იყო. ყველაზე მეტად გაგვაოცა გულქვა ჯო ადამსის მხრიდან კონცერტისა და მთლიანად ვიზიტის ორგანიზების უმაღლესმა შეფასებამ და ჩვენი მისამართით გამოთქმულმა თბილმა სიტყვებმა, რაც ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მან განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთ შორეულ და ახალ დამოუკიდებლობააღდგენილ ქვეყანაში, ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა გათვლილი და ორგანიზებული. ასე ჩაიარა ამერიკის და მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსის, ნამდვილი ცოცხალი ლეგენდის - რეი ჩარლზის ორდღიანმა მოგზაურობამ საქართველოში“...

  • 3 წლის შემდეგ

"1999 წლის აპრილში პრეზიდენტი შევარდნაძე აშშ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა - ჯეიმს ბეიკერმა ამერიკაში, ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ცენტრში მიიწვია... შევარდნაძის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მოქმედი და ადრინდელი პერიოდის კონგრესმენები, სენატორები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი ექსპერტები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ადამიანები იყვნენ საქართველოს ნამდვილი მეგობრები და გულშემატკივრები, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ საქართველოსთან.

შეხვედრაზე ასევე მრავლად იყვნენ ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საღამოს, ჯეიმს ბეიკერმა პრეზიდენტ შევარდნაძის პატივსაცემად მიღება გამართა, რომელსაც ასევე ყველა ზემოაღნიშნული საპატიო სტუმარიც ესწრებოდა. შესავალი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჯეიმს ბეიკერმა სიტყვა ედუარდ შევარდნაძეს გადასცა. პრეზიდენტის სფიჩრაითერმა და მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა გელა ჩარკვიანმა წინასწარ გამაფრთხილა - პატარა სიურპრიზი ჩავდე შევარდნაძის გამოსვლის ტექსტში და ყურადღებით მოუსმინეო.

შევარდნაძის გამოსვლა იყო საკმაოდ არაორდინარული და ემოციური, სადაც დიდ მადლობას უხდიდა ამერიკელ ხალხს და მის მთავრობას, იქ დამსწრე ადამიანებს - მოქმედ თუ გადამდგარ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ექსპერტებს საქართველოსათვის გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. თავის გამოსვლის დასასრულს თქვა - სამიოდე წლის წინ საქართველოში კონცერტი გამართა ჩემმა დიდმა მეგობარმა, ლეგენდარულმა რეი ჩარლზმა და კონცერტზე თავისი განუმეორებელი სიმღერა ''Georgia On My Mind'' ('' ჯორჯია ჩემს ფიქრებში'') შეასრულა, დღეს მე ყველა თქვენთაგანს (დამსწრეებს მიმართა) დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ შეძელით და ასე ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსთვის და რომ ჩვენი ჯორჯია ყოველთვის არის თქვენს ფიქრებში.

შევარდნაძის ამ სიტყვებმა დამსწრეთა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერის ეს ფრაგმენტი ყველა ამერიკული ტელეარხის ნიუსებში გადაიცა“.

  • ფილმი რეიზე

"2004 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ტეილორ ჰეკფორდმა, ჯერ კიდევ რეი ჩარლზის გარდაცვალებამდე დაიწყო ბიოგრაფიული ფილმის გადაღება რეის ცხოვრებაზე და შემოქმედებით გზაზე, მაგრამ 2005 წელს ფილმის პრემიერას თავად მუსიკოსი უკვე ვეღარ მოესწრო. კინოსურათში რეი ჩარლზის როლი ფენომენალურად შეასრულა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და მუსიკოსმა ჯეიმი ფოქსმა, რისთვისაც 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების საპატიო ცერემონიაზე ნომინაციაში "მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ გამარჯვებული გახდა. ფილმი 15-ჯერ მაინც მაქვს ნანახი, მაგრამ პირველად რომ ვნახე, ნამდვილად ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გენიალური მუსიკოსისა და ურთულესი ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის ჩამოყვანა საქართველოში საერთოდ შევძელით და ვფიქროდი, ნუთუ, ჩვენ ეს მართლა გავაკეთეთ?..

თეთრი შურით მშურს იმ ადამიანების, რომელთაც ფილმი "Ray“, უნიჭიერესი ჯეიმი ფოქსის მონაწილეობით, ჯერ არ აქვთ ნანახი. მათ წინ გენიალური ადამიანის არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული თავგადასავალი ელით", - წერს ზაზა შენგელია.

მონათხრობის ბოლოს ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ პერიოდში ამ პროექტის განხორციელებისას გვერდით ედგა. მადლობას უხდის ასევე მანანა შევარდნაძეს, რომელმაც 24 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ამ დღეებში, პირველად გამოაქვეყნა პრეზიდენტ შევარდნაძისა და ლეგენდარული რეი ჩარლზის შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი. ეს ვიდეო AMBEBI.GE-მ მაშინვე ატვირთა პორტალზე და მკითხველს მისი ნახვის საშუალება ჰქონდა. "უნდა ვაღიარო - სწორედ ამ ვიდეომ მიბიძგა დამეწერა ეს მოგონება,“- წერს ზაზა შენგელია თავის მონათხრობში.

ნახეთ, უნიკალური კადრები, რომელსაც ზაზა შენგელია აქვეყნებს: