ავტორი:

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგენდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგენდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"დრო დგას და მიდის და ჩვენც თანმიმდევრობით, მხოლოდ არა ერთმანეთის მიყოლებით, გავდივართ წრებრუნვიდან, ვტოვებთ სცენას, სადაც ჩვენი როლი და სიმართლე გვერგო..." - რეზო ჭეიშვილი, "ცისფერი მთები".

მან თითქოს დაარღვია წრებრუნვის კანონზომიერება და "სცენიდან" ადრიანად გავიდა... თუ დავუკვირდებით, ამგვარად, ძირითადად, გამორჩეულები იქცევიან - თავისი ცხოვრებით სახსოვრად ე.წ. დიდ როლს გვიტოვებენ და მიდიან... მისი გარდაცვალებიდან აგერ უკვე რამდენი წელიწადი გავიდა, იგი კი მუდამ ყურადღების ცენტრშია, მისი ცხოვრებაც მუდამ საინტერესოა და მისი შექმნილი კინოსახეებიც... მე რომ დღეს კვლავ მასზე ვწერ, ესეც კიდევ ერთი დასტურია ამ ამბის... ბატონი თემიკო ჩირგაძე მსახიობი არ იყო, მაგრამ ოთხ ქართულ ფილმში მაინც გადაიღეს, აქედან სამი - "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და "ექსპრესინფორმაცია“ მის მეგობარს, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეკუთვნის, მეოთხე - "მე პელეს ნათლია“ კი უმცროს მიშა ჭიაურელს. ამ ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მისი ვაჟა ზაზაევიჩი აღმოჩნდა - აბსურდული დაწესებულების აბსურდული ხელმძღვანელი "ცისფერი მთებიდან", დირექტორი თავისი გაუთავებელი თათბირ-ბანკეტებითა და ფრთიანი ფრაზებით:

"ძალიან კარგი", რომელიც მისი საავტორო ფრაზა ყოფილა, "ყუფარაძეს რომ არ დაერეკა... მაგრამ დარეკა და..." ან კიდევ - "მიშაც აქ არის, გრიშაც აქ არის", "მიდექი, მოდექი, შეაწუხე ვინმე", "მომკლავს ეს ორი სათაური", "გავდივარ ახლა, დამაწიეთ გზაში საშტატო განრიგი და წლიური ბალანსი", "ცხენბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, ეს მოტობურთი რა არის, ვერ გავიგე?!" და რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ბევრმა იცის, რომ თემიკო ჩირგაძე ექიმი გახლდათ, ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მას პირისპირ ერთადერთხელ შევხვდი, თავისივე კაბინეტში, თანაც ისე, რომ ყუფარაძის (აბსურდული პერსონაჟი "ცისფერი მთებიდან") ჩარევაც არ დამჭირდა, ჩემმა სატელეფონო ზარმა გაჭრა, თუმცა მერე კი ვინანე - ალბათ აჯობებდა, მისვლამდე ჩემს ვიზიტზე მისთვის ყუფარაძეს დაერეკა, ეგებ შეხვედრას უკეთესი დასასრული ჰქონოდა. ახლა რაღა და, ის ხანმოკლე შეხვედრა-გასაუბრება კი, მაშინ რომ გამანერვიულა, დღეს მეტად ძვირფასია და ყოველთვის ღიმილით მახსენდება. იმხანად რადიოს პირველი არხის დამწყები კორესპონდენტი ვიყავი. მახსოვს, რომ დავურეკე, ჩაწერაზე უყოყმანოდ დამთანხმდა. შეხვედრის დროზეც შევთანხმდით და მეორე დღეს მე და ჩემი კოლეგა სიხარულით გავფრინდით მასთან, სამსახურში. კაბინეტში რომ შევედით, მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ამოგვხედა, წამოდგა, ერთმანეთს მივესალმეთ და, დაბრძანდითო, სკამებზე მიგვითითა. მორიდებით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რადიოინტერვიუს ჩაწერა რომ გვინდოდა. ისევ ამოგვხედა, დაგვაკვირდა, ასაკით აშკარად ვეპატარავეთ, მე კი ასევე აშკარად ვიგრძენი, რომ სავარძლიდან ვაჟა ზაზაევიჩი მიყურებდა - მზერა ზუსტად იმგვარი იყო, მაგრამ ამას კიდევ რა უშავდა! უცებ მოგვიჭრა, იცით რა, გენაცვალე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მერე სხვა საქმეზე უნდა გავიქცე, ამიტომ ინტერვიუს ვერაფრით ჩავწერთო. შევცბით და ძალიან ზრდილობიანად ჩავეკითხეთ, კი მაგრამ, თუ არ გეცალათ, ბატონო თემიკო, რატომ დაგვიბარეთ-თქო? - უარი ვერ გითხარით, მაგრამ არ მცალია და, აბა, რა ვქნაო? - ხან ღიმილით, ხან სერიოზულად, ხან ტკბილად, ხან გაბრაზებულები ვცდილობდით მის გადარწმუნებას, მას კი წარბიც არ შეუხრია, ისე განაგრძობდა, - აბა, მე რა გიყოთ? ბევრი საქმე მაქვს, მერე უნდა გავიქცე, რომ დავბრუნდები, ხალხი მყავს საქმეზე დაბარებული, იმათ უნდა მივაქციო ყურადღება, მერე ისევ გასაქცევი ვარ... არ გამოვა ჩაწერა, რა ვქნაო? რას ვიზამდით, ცივად ვუთხარით, ნახვამდის-თქო და გამოვბრუნდით. კართან მისულებს გვეძახის, - არ გეწყინოთ ახლა თქვენ ეს ამბავი, არ გაბრაზდეთ, მაგრამ, აბა, მე რა ვქნა? სულ საქმეები მაქვს, მაგრამ...

თქვენ მაინც დამირეკეთ ხოლმე და სხვა დროს გამომიარეთო... ბოლო სიტყვებმა სულ გამაგიჟა და მახსოვს, გასვლისას ჩემთვის ჩავიბურტყუნე, მართლა ვაჟა ზაზაევიჩია, აქ მეტად არ ვარ ფეხის მომდგმელი-მეთქი... არადა, დღემდე ვნანობ, კიდევ რომ არ დავურეკე და არ მივედი... რას წარმოვიდგენდი, მალე თუ გარდაიცვლებოდა... მისმა გარდაცვალებამ კი, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელ თბილისს, მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. სიხარულის მატარებელი კაცი იყოო, - ასე ახასიათებს ყველა. წლები გავიდა და ბატონი თემიკოს ამბებს ხან რომელი რესპონდენტი მიამბობს, ხან რომელი. და შეუძლებელია, არ გაიღიმო, არ გაგეცინოს ან ცრემლებამდე არ იხარხარო. მართლა საოცარი კაცი იყო, როგორც ამბობენ, ბუნებით არტისტი! … თავის მსახიობობაზე უთქვამს, მართალია, რამდენიმე სურათში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ, რომ არ მიმაჩნია თავი პროფესიონალ მსახიობად. სულ სხვა პროფესია მაქვს, სხვა დარგში და საკმაოდ – კარგი თანამდებობა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ხელოვნების ადამიანებთან ერთად ვიყავი - ლიტერატორებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთანო... ვფიქრობ, უპირველესად, სწორედ ეს ურთიერთობები იყო მისი პოპულარობის მიზეზი და არა მხოლოდ კინო ან წარმატებული ექიმობა, ან მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორობა. 1995 წელს იგი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, 1997 წელს კი ღირსების ორდენი მიანიჭეს. ჭეშმარიტად ღირსეული კაცი იყო და ორივე წოდებას იმსახურებდა. სამწუხაროდ, ამ ამბების შემდეგ, მალე გარდაიცვალა, 1999 წელს.

პირველი როლი "არაჩვეულებრივი გამოფენიდან" მართლაც მისეული იყო - თამადის. თავადაც ხომ დიდებული თამადა ყოფილა, სახელგანთქმული. ფილმიდან უეჭველად გემახსოვრებათ აგული ერისთავის თანაკლასელთა შეხვედრის სადღესასწაულო სუფრა და მისი ომახიანი თამადა - როლი არ იყო დიდი, მაგრამ ბატონი თემიკოს "თამადა" იყო დაუვიწყარი ისევე, როგორც მთელი ფილმი. ცხოვრებაშიც საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონია და ნებისმიერი სუფრა მისი თამადობით, თურმე, მონოსპექტაკლად იქცეოდა ხოლმე. თავისი თამადობით ბატონ თემიკოს საქართველოში თამადობით სახელგანთქმული პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძეც კი აღუფრთოვანებია. თურმე, როდესაც ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სახალხო არტისტის წოდება მიუღია, 500-კაციანი ბანკეტი ფუნიკულიორზე მოუწყვიათ და სუფრის თამადად თემიკო ჩირგაძე აურჩევიათ. ძვირფასი საზოგადოება შეკრებილა და მათ შორის იმყოფებოდა ირაკლი აბაშიძეც. ბატონი თემიკო ისე გაძღოლია სუფრას, პოეტ აკადემიკოს უთქვამს, აქ ყველაზე უფროსი მე ვარ, რამდენ თამადას მოვსწრებივარ, ვინ არ მინახავს, მაგრამ თემიკოს მსგავსი არავინ შემხვედრიაო.

კინორეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა სიცილით მიამბო ერთხელ:

- ელდარ შენგელაიას მოწაფეები - მე, ლევან ერისთავი, დიტო ცინცაძე და გია ბარაბაძე "ცისფერი მთების" გადაღებისას მეორე რეჟისორის მოვალეობას ვასრულებდით. მსახიობების სასინჯ ტურებს მე ვატარებდი და კარგად მახსოვს, ვაჟა ზაზაევიჩის როლისთვის, დაახლოებით, 22 კაცი გაისინჯა. ბოლოს მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა - ბატონი ედიშერ მაღალაშვილი და თემიკო ჩირგაძე. სხვათა შორის, ედიშერი ძალიან კარგი იყო დაწესებულების დირექტორის როლში, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ, ელდარი თემიკოზე შეჩერდა. პროფესიონალი ედიშერი ძალიან კარგად, მაგრამ მაინც ვიღაცას თამაშობდა, თემიკო კი არაპროფესიონალი იყო და საკუთარ თავს თამაშობდა. ერთადერთი იყო სესილია თაყაიშვილი, რომელიც სინჯების გარეშე აიყვანეს როლზე. მაგარი იყო თემიკო ჩირგაძისა და ქალბატონი სესილია თაყაიშვილის შეხვედრა. თემიკო იმხანად ხელმძღვანელობდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, სადაც აბარებდნენ შარდს, განავალს და ა.შ. სესილია კი ერთხანს ვასო გოძიაშვილის მეუღლე იყო, თუმცა იმ პერიოდში - კარგა ხნის გაშორებული. მოკლედ, თემიკო და სესილია გადაღებაზე რომ შეხვდნენ, თემიკომ სიამაყით გამოაცხადა: იცით, საიდან ვიცნობ ქალბატონ სესილიას? ერთხელ შვილიშვილის განავალი მოიტანა ჩვენთან ასანთის კოლოფით. მე დიდი პატივით და ოვაციით შევიპატიჟე კაბინეტში, ლექსებიც წავუკითხე და ბოლოს ვკითხე: ქალბატონო სესილია, კოლოფს რა დავაწერო, თაყაიშვილის შვილიშვილი-მეთქი? - ნეტ (რუსულად მომიგო)! კოგდა ია პრინოშუ კალ, პიშიწე გოძიაშვილიო! (არა! როდესაც განავალს მოვიტან, გოძიაშვილი დააწერეთო! - ავტ.) - ბავშვი გოძიაშვილი იყო. - არა, მომიგონა, მომიგონაო! - გააპროტესტა სესილიამ. მოკლედ, გადასაღებ მოედანზე ხომ გადასარევი ამბები ხდებოდა, აქეთაც - არანაკლები. უამრავი რამ შესძინა ფილმს თემიკო ჩირგაძემ. მაგალითად, სცენარის ავტორს, მწერალ რეზო ჭეიშვილს არ დაუწერია ფრაზა: ერთი-ორი მარკშეიდერი ხომ უნდა გვყავდესო! - ეს თემიკომ ექსპრომტად თქვა გადაღებაზე და კინაღამ ჩაგვეშალა ყველაფერი. ასევე მოულოდნელად ჰკითხა სოსოს: რად გინდა ეს ორი სათაურიო? - კარგია, დატოვეო, - მოეწონა ელდარსაც და შემდეგ დუბლში უკვე გაიმეორა, მერე კი ტვინი წაიღო ამ "ორი სათაურით".

სიყვარულით იხსენებს ბატონ თემიკოს ამავე ფილმიდან ვაჟა ზაზაევიჩის 1,77 მეტრის სიმაღლის და 11-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, გამხდარი, ქერათმიანი და კიკინიანი "სეკრეტარშა", მსახიობი ნინო თუთბერიძე:

"თემიკო ჩირგაძის გაცნობა ძალიან გამიძნელდა - გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო". როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..."

ელდარ შენგელაია ბატონ თემიკოს დიდი გულის ადამიანს უწოდებს. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ, რომლის ამქვეყნიდან წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა. უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულაო.

მისი ბავშვობის მეგობარი, ექიმი ბესიკ იაშვილი კი მის ჩვევებს იხსენებს:

"სუფრიდან გამომივლიდა შუაღამეს და ეზოდან მეძახდა, ბესოოო. ვეუბნებოდი, ზარი დარეკე-მეთქი და მაინც მეძახდა, - დიდხანს არ შეგაწუხებთ, ორ სადღეგრძელოს ვიტყვი და წავალო. ვისკების კოლექციის შეგროვებით ვიყავი გატაცებული და ვისკის მომთხოვდა, - რომელიც ორი გაქვს, ის გამოიტანეო. მე კი ვეუბნებოდი, - შენ თემიკო ჩირგაძე ხარ და ერთადერთიც რომ მქონდეს, დაგალევინებ-მეთქი. მოსვამდა, დაჯდებოდა ფორტეპიანოსთან და უსასრულოდ უკრავდა ჩარლი ჩაპლინის მუსიკას"

თურმე, ეს მუსიკა გამორჩეულად უყვარდა და რომ გარდაცვლილა, სწორედ იმ მელოდიით გამოუსვენებიათ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე