დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.
„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მობილობის შემცირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადაიანებმა ნაკლებად იმოძრაონ ისეთ ადგილებში, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია.
„ხანდაზმულებმა და ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ და ის სლოგანი რაც გაზაფხულზე გვქონდა - „დარჩი სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ასევე დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში ... როდესაც რესპირაციული ვირუსიების სეზონი მოდის და თანდართვა შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსისა კორონავირუსზე, სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში და დგება მთელი პროგრამა ე.წ. მოხალისეების მათი მხარდაჭრისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ადამიანებმა ნაკლები იმოძრაონ გარეთ, ნაკლებად მივიდნენ შეკრებებზე, სადაც გადადების დიდი რისკი შესაძლებელია იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის რეკომენდაციაა, აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.
„მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, "აჭარაში უკვე ოდნავ გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი, მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა წარმატებით მიმდინარეობს და მსგავსი მექანიზმის გამოყენება შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ ყველგან საჭირო იქნება".
„ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ზრდის ტემპი ისეთი არაა , როგორიც გვქონდა პირველ დღეებში, ეს პოზიტივია. ამავედროს, უკვე არავითარი პანიკა არაა, რადგან მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სახლში მართვა კარგად მიმდინარეობს, პირველადი ჯანდაცვის ექიმები უვლიან ადამიანებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ზრდა გვაქვს იმერეთში, განსაკუთრებით ქუთაისში და ასევე შემთხვევების ზრდა აღინიშნება თბილისში, ამიტომ მართვის და მოვლის ამ მექანიზმის გამოყენება დაგვჭირდება ყველგან. ეს არაა ახალი ველოსიპედი, გამოყენებულია ბევრ ქვეყანაში, სადაც შემთხვევების დიდი რაოდენობაა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ორივე ჯგუფში ინფექციის აღმოჩენის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია.
„ამ ეტაპზე ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო დიდ კოჰორტას პოლიციელების და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი ინფიცირების აღმოჩენის და შესაძლებელია, ამ ეტაპზე შემოდგომის გარკვეული პერიოდით გავაჩეროთ ეს და შესაბამისად ჩანაცვლდეს ისინი უფრო მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით.
ასევე, არ გვქონია თითქმის არც ერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების და ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების პროცესი გააქტიურდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცახდა.
მისი თქმით, გაძლიერდა ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და შედეგად კონტაქტების მოძიება მაქსიმუმ 1 დღეში მოხდება.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მეტად უფრო გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით, რაც დღეს საღამოდან დაიწყება. ეს მეტად ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას. კონტაქტების მოძიებას, როგორც იცით, ეპიდემიოლოგები ახორციელებენ და ჩვენ გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რის შედეგადაც მოხდება კონტაქტების მოძიება არაუგვიანეს 24 საათისა. ჩვენი გეგმაა, მეტად დავხვეწოთ და ჩავრთოთ მოძიების ეფექტიანობაში სხვადასხვა პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3000 საწოლია მობილიზებული და სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობაც გაუმჯობესებულია.
„სასუნთქი აპარატების დეფიციტი საქართველოში არც გაგვაჩნდა და არც ახლა გაგვაჩნია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობა, ვინაიდან შევიძინეთ არაერთი სასუნთქი აპარატი. დღესდღეობით დეფიციტი არ გაგვაჩნია ქვეყნაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის. ჩვენ გვაქვს სამი გრადაციის მზაობის კომპონენტი საწოლფონდთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მობილიზებულია 3000-ზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირიობები და იციან იმის შესახებ თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საწოლფონდის გათავისუფლება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.