საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთს მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში სირიელი ჯიჰადისტების ჩართვაში ადანაშაულებს და მისი თქმით, ეს ცვლის სიტუაციას. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის წინ განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებების სირიელი მებრძოლები გაზიანთეფის გავლით (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) ჩავიდნენ მთიან ყარაბაღში. ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტი, რომელიც ცვლის სიტუაციას“, - ამბობს მაკრონი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა, ბრალდებას უარყოფს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრაგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს, რის შემდეგაც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ხუთშაბათს კი აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და მხარეებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკება.