უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს დიდი სტიმული ინფექციის გავრცელებისთვის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სკოლებში, დაწყებით კლასებში სწავლის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან მშობლებს მოუწოდა არ გაუშვან სიცხიანი ბავშვები სკოლაში და იმოქმედონ ოჯახის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სკოლაში დაფიქსირდება ინფექცია, ამ შემთხვევაში სტანდარტული რეკომენდაცია არ არსებობს და ეპიდემიოლოიგები და ექიმები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ უნდა იმოქმედოს სკოლამ.
„სწორედ პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს უჭირთ დისტანციური სწავლა, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ვთხოვ ყველა მშობელს, რომ არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. თუ სიცხიანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე.
ასევე, აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს და დარწმუნებული ვარ, იქნება თერმოსკრინინგი, ასევე ის რეგულაციები დაცული, რაც ჩვენ ერთობლივად განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა, თვითონ პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები იქნებიან მოტივირებული და მაქსიმალური ყურადღებით, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება. თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით.
სტანდარტული რეკომენდაცია ამ დროს არ არის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული, ვინ, რომელ კლასში და ა.შ და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ექიმები და ეპიდემიოლოგები ერთად სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში.
ამიტომ მოგეხსენებათ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდა არის, შემდეგ ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, უფროს კლასებში სწავლის დაწყება და იქ უკვე საშუალება იქნება, რომ აირჩიონ მოსწავლეებმა და ოჯახებმა ონლაინ სწავლა თუ დასწრებული სწავლა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს კიდევ დიდი სტიმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, დღეს სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით კლასებში სწავლების პროცესი განახლდა.