ავტორი:

"ყველაზე უსახური, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით" - ექსპერტები მე-9 მოწვევის პარლამენტის მიღწევებსა და შეცდომებზე

"ყველაზე უსახური, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით" - ექსპერტები მე-9 მოწვევის პარლამენტის მიღწევებსა და შეცდომებზე

ვიტყოდი, რომ უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია - მორჩილი უმრავლესობა თავწახრილი ადასტურებდა მიცემულ დირექტივებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტის ერთადერთ მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი კონსტიტუცია, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, პროცესები პარლამენტში „საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელ მანკიერ სტილში“ მიმდინარეობდა.

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციასთან შეიძლება გვქონდეს პრეტენზიები, ეს მაინც შეიძლება რაღაც ტიპის მიღწევად ჩაითვალოს. დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ, იყო მანკიერ ჩვეულ სტილში - უაზრო კინკლაობა და დაპირისპირება, არა შედეგზე ორიეტირებული, არამედ დაპირისპირება დაპირისპირებისთვის. ამ პარლამენტმა თავი იმით „გამოიჩინა“, რომ ჩააბეტონა ის მანკიერი მართლმსაჯულების სისტემა, რასთანაც საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზიები, კიდევ „გამოიჩინა“ იმით, რომ თავისივე საჯაროდ გაცემული დაპირება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, უკან წაიღო. ასე რომ, საბოლოო ბალანსი ამ პარლამენტის, არის მკვეთრად ნეგატიური,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა მაინც მიიღო დაპირებულ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, ხუხაშვილი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით ხსნის და აღნიშნავს, რომ პარლამენტს ამ ნაბიჯის გადადგმა იძულებით მოუწია და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდს და საპარლამენტო უმრავლესობას საამაყო არაფერი აქვთ. მისივე თქმით, პარლამენტის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იქ არ მუშაობდნენ პოლიტიკოსები, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ერეოდნენ პოლიტიკაში და ელოდნენ დირექტივებს.

„გადაწყვეტილების მიღების მთავარი ცენტრი კანონმდებლობასთან დაკავშირებით, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არ არის პარლამენტში. პარლამენტში უმრავლესობაში არ გვყავს პოლიტიკოსები, უმრავლესობის უმრავლესობა ფაქტობრივად იქცა ვიღაცის წარმოდგენების, არც თუ კვალიფიციური პირების დამადასტურებლად, ანუ ნოტარიუსად. სწორედ ამ ფუნქციას უფრო ასრულებდნენ, ვიდრე რეალურად პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციას. რაც მთავარია, დირექტივები, რომელსაც იღებდნენ, არ იყო ინსტიტუციონალური. ტყუილად არ არის ეს ფრაზა მოგონილი - „მორჩილი უმრავლესობა“. მორჩილი უმრავლესობა თავწახრილი ყველაფერს ადასტურებდა. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო პარლამენტისთვის გავრილოვიც თემა, რამაც გარკვეული რყევები გამოიწვია. ეს პარლამენტი არ გავდა ცივილიზებული ქვეყნის საპარლამენტო ორგანოს ამ პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ეს იყო ყველაზე უსახური პარლამენტი, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით, - ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას.

როგორც ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის პარლამენტი, რომელსაც არცერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ეს არის პარლამენტი, რომელმაც სრულიად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა. ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაუშვა ოკუპანტის დაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ამით ჰქონდა მცდელობა მასხრად აეგდო არამცთუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, არამედ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველების და იმ ადამიანების დაღვრილი სისხლი, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა. ეს არის პარლამენტი, რომლის პირობებშიც არცერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ლაგაზიძე აცხადებს, შეუძლებელია დღეს იმაზე საუბარი, როგორი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი, თუმცა, მისივე თქმით, მომავალი პარლამენტი, ყოფილზე უსახური ვერ იქნება.

„მომავალი ერთი თვე განსაზღვრავს შემდეგი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას. ძალიან დინამიური იქნება ეს ერთი თვე როგორც შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო, ასევე იმის გამო, რომ რეგიონში ომია, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს რეგიონის გეოპოლიტიკა და ძირითადი აქტორების - რუსეთისა და თურქეთის გავლენები. ეს ყველაფერი მოახდენს უმნიშვნელოვანეს გავლენას მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზე. თუ რუსეთის გავლენები შესუსტებისკენ წავიდა და გუშინ უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს რუსეთის როგორც შუამავლის როლზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. ეს ისტორიული მასშტაბის ცვლილებაა, რამაც თავისი გამოხმაურება შესაძლოა, ჰპოვოს საქართველოს არჩევნებზე და მის შედეგზე. დღეს ძალიან რთული იქნება განვსაზღვროთ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა, თუმცა ამთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი უსახური როგორიც აწ უკვე წარსულს ჩაბარებული პარლამენტი იყო, მომავალი პარლამენტი ვერ იქნება, რადგან ბევრი ისეთი პარტია შევა მომავალ პარლამენტში, რომელიც ამ პარლამენტში არ იყო. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რა რაოდენობითაც იყო მე-9 მოწვევის პარლამენტში. ზოგადადადც, დიდი ძვრებია მოსალოდნელი. მომავალი პარლამენტის სიაც მორჩილებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ განსაკუთრებით მაჟორიტარებში ბევრი „შეცდომა“ დაუშვეს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი ოდნავ მაინც სასწორი ოპოზიციისკენ გადაიხარა, პირველ რიგში, ბიზნესიდან მისული მაჟორიტარები ოპოზიციისკენ გადახტებიან. დღესაც რამდენიმე მათგანი სულ მცირე ორმაგ მოლაპარაკებებშია ხელისუფლების პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ. ბევრი საინტერესო რამ გველის მომავალ პარლამენტში და ცალსახად არ იქნება ის ისეთივე უსახური, როგორიც მე-9 მოწვევის პარლამენტი იყო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

თუ დღევანდელ პარლამენტს რაიმე გამოარჩევს წინამორბედი პარლამენტებისგან, ეს არის გავრილოვის ფაქტორი და ის, რაც ამას შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხვა დანარჩენით დღევანდელი პარლამენტი წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდება და მათ ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი აქვთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერისადმი მორჩილებაში გამოიხატება.

„თუ დღევანდელ პარლამენტს რაიმე გამოარჩევს წინამორბედი პარლამენტებისგან, ეს არის გავრილოვის ფაქტორი და ის, რაც ამას შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს უკავშირდება საარჩევნო სისტემას და ამის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, მაშინ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომ მღელვარება ჩაეცხროთ, რასაც მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და განცხადება იმის თაობაზე, რომ იქნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა. საბოლოოდ, ეს მოხდა არა ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ხანძარი იმ წუთში ჩაეხშოთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას არჩილ თალაკვაძით, რომ გითხრათ, რომ ამის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალა პარლამენტში, ამას ვერ ვიტყვი. თუმცა, არც ის შემიძლია ვთქვა, რომ არჩილ თალაკვაძე ნაკლებად პროფესიონალურად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას, ძალიან კარგი, გაწონასწორებული პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და პრობლემა სხვაგან არის - მორჩილებაში.

უმრავლესობა დაკომპლექტებულია მორჩილი ადამიანებით, ასევე, ისინი უფრო ხშირად მოქმედებენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს პარლამენტი არაფრით განსხვავდება ყველა იმ დანარჩენი პარლამენტებისგან, რაც დამოუკიდებლობის მერე გვქონდა ამ ქვეყანაში. ყველა ამ პარლამენტში არსებობდა მორჩილი უმრავლესობა, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც გადაწყვეტდა ამა თუ იმ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ლიდერი, თანაც ერთპიროვნული ლიდერი. მე არ მახსენდება არც ერთი პარლამენტი, რომელიც ამა თუ იმ ლიდერის წინააღმდეგ აჯანყებულიყო და მისი საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღო,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, როცა ლიდერის წინააღმდეგ წასვლაზეა საუბარი, რა შეფასებას გააკეთებს ე.წ. ამბოხებული დეპუტატების თაობაზე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება, ძაბირაძე აცხადებს, რომ ის სპექტაკლებზე არ საუბრობს და რეალურად არც ერთ პერიოდში არც ერთი საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი ძალის ლიდერის წინააღმდეგ არ წასულა.

„მე სპექტაკლებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმაზე, რომ რეალურად არასდროს ყოფილა იქ ხალხი ამბოხებული ლიდერის წინააღმდეგ. მე არ ვთვლი, რომ ეს „ამბოხება“, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეთანხმების გარეშე მოხდა და უცებ გამოიჩინეს ფხა. რადგან არც მანამდე და არც ამბოხების შემდეგ ეს კატეგორია დეპუტატების დამოუკიდებლობით არასდროს გამოირჩეოდა. ასე იყო სააკაშვილის პარლამენტშიც და ასეა დღესაც,“ - აღნიშნავს ძაბირაძე.

მისივე თქმით, რეალურად მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში რეალური საპარლამენტო მმართველობა არ არსებობს, ამ პირობებში კი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ან ვერ ხერხდება, ან მისი აღსრულება არ ხდება.

„პარლამენტს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როცა არის საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ არის კი ჩვენთან საპარლამენტო მმართველობა?! ქაღალდზე ეს არის, მაგრამ რეალურად არის?! შეიძლება პარლამენტმა გარკვეული კანონები მიიღო და მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელი კონსტიტუცია უკეთესია, ვიდრე 2010 წელს მიღებული, მაგრამ არ მუშაობს ეს კონსტიტუცია, დევს თაროზე, რადგან რეალური მმართველი ქვეყნის არის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც კონსტიტუციაში საერთოდ არ ფიგურირებს. როცა რაიმეს გაკეთებაზეა საუბარი, აუცილებელია, რომ პარლამენტი იყოს დამოუკიდებელი. პროფესიონალიზმია ასევე, მნიშვნელოვანი. პოლიტიკურ დებატებს თუ ავიღებთ თუნდაც, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად წყლის ნაყვა გამოდის. მე მახსოვს, როცა პარლამენტში დეპუტატები, ავტორიტეტული პიროვნებები გამოდიოდნენ და გამოსვლას იწყებდნენ ასე - მე „პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ...“, შეიძლება პარლამენტის წევრმა თქვას პოლიტიკოსი არ ვარო? აბა ვინაა? - ჩაის მკრეფავი? ეს ფრაზა 90-იან წლებში იყო ძალიან მოდური, ახლა ამ ფრაზას აღარ იყენებენ, მაგრამ აქაც სისტემაა ასაწყობი, არ შეიძლება ადამიანი იყოს პარლამენტის წევრი და მას გარკვეული პოლიტიკური გზა არ ჰქონდეს გავლილი. ჩვენთან როგორ არის იცით? - თუ გყავს ახლობელი რომელიმე პარტიის ლიდერი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაში, შეიძლება სიაში აღმოჩნდე,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისათვის, მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, არჩევნების თვეს პლენარული სხდომები არ იმართება.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ სხდომაზე პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესს შეეხება.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას