ავტორი:

5 სკანდალი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება

5 სკანდალი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება

სულ უფრო ცოტა დრო რჩება მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა 30 სექტემბერს შეწყდა და რამე მნიშვნელოვანი ამბავი თუ არ მოხდა, დეპუტატები მეტად აღარ შეიკრიბებიან. 2016 წელს, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის წევრებს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, განაცხადა: "საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას”. რამდენად გაუმართლა მოლოდინი დეპუტატთა კორპუსმა ამომრჩეველს, ეს ცალკე განხილვის თემაა. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ, მიუხედავად სერიოზული დაპირისპირებებისა, ამ მოწვევის პარლამენტმა შეძლო მიეღო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები და გაეუმჯობესებინა საარჩევნო კანონმდებლობა, რაც მის ყველაზე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ამასთანავე მას დაუკავშირდა არაერთი მასშტაბური თუ შედარებით მცირე სკანდალი, რომელიც ambebi.ge-მ ერთ სტატიად შეკრიბა.

  • სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მე-9 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში, არამედ "ქართული ოცნების" მთელი სახელისუფლო საქმიანობის განმავლობაში ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი გამოდგა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, როდესაც საქართველოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელში დანახვამ ქვეყნის მოქლაქეების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა გავრილოვი პარლამენტის შენობიდან გააძევა, ასამბლეა კი ჩაშალა. ქუჩაში გასულმა მოქალაქეებმა კი პარლამენტის წინ დაიწყეს შეკრება. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც მოგვიანებით პროპორციული არჩევნების მოთხოვნა მოჰყვა. საღამოსკენ ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქალაქეები პარლამენტის შტურმისკენ წააქეზეს, პროტესტანტებსა და სამართალდამცავთა რამდენიმესაათიან დაპირისპირებას, დარბევა მოჰყვა.

დაშავდა არარეთი სამართლადამცავი და დაშავდნენ პროტესტანტები. მაკო გომური - გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, ამ აქციების სიმბოლოდ იქცა.

21 ივნისს "ქართული ოცნება" იძულებული გახდა გადაეყენებინა ირაკლი კობახიძე, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ მომზადდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლებოდა და უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. როგორ შეასრულა მმართველმა ძალამ დაპირება, ეს კიდევ ცალკე სკანდალად იქცა, რაზეც მოგვიანებით გიამბობთ...

  • უვადო მოსამართლეები - ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება

ქვეყნაში არანაკლებ ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში უვადო მოსამართლეების გამწესების პროცესი, თუმცა პარლამენტში მომხდარმა ამბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თვითონ "ქართული ოცნების" უმრავლესობას გაუჩინა ბზარი. იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის პირველად წარდგენილ სიაში, სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის "გამპრავებელი" იმდენი მოსამართლე აღმოჩნდა, უმრავლეობის ნაწილმა ამის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი. განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდა იმჟამად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გუნდთან დაპირისპირება, რასაც საბოლოოდ მისი უმრავლესობიდან წასვლა მოჰყვა. მანამდე კი პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი განიხილეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამ პროექტის ჩაგდების შემდეგ ბესელიასთან ერთად, ამ დეპუტატებმაც დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ უვადო მოსამართლეობის დანაშვნის ბატალიები პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებების თანხლებით მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ზარდიაშვილი დღემდე მიიჩნევა ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეების ხელისუფლებასთან ურთიერთობის მედიატორად...

2019 წლის 26 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უჩვეულო სხდომა ჩატარდა - უკვე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და "ქართული ოცნების“ წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ეკა ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკას - "ბესელიას მორალი“ მოჰყვა, რის შემდეგაც მან ზარდიაშვილს სახეში ხელი გაარტყა. ამ ამბის მერე, მალევე ზარდიაშვილს მოუწია საერთოდ დაეტოვებინა პარლამენტი... არანაკლებ სკანდალური იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ სოფო კილაძის მიერ ამ ამბის შეფასება, რომელმაც ზარდიაშვილი "არაკორექტული მოქცევის მსხვერპლად" გამოაცხადა.

  • "ჩავარდნილი" დაპირება

ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც უკვე გითხარით, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილბების დაპირება გასცა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ერთადერთი მონაპოვარიც, სამი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ აქციებზე დგომის საფასურად, "გაქრა"...

2019 წლის მიწურულს საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც ხელისუფლების მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრისთვისაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ყველას გასაკვირად, საზოგადოებას "მეამბოხე დეპუტატებად“ ის მაჟორიტარი დეპუტატები მოევლინენ, ვისაც პარლამენტში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟის მიუხედავად, სხდომებზე არანაირი ინიციატივა არ გაუჟღერებია და არც აქტიურობით გამორჩეულან. მანამდე ერთ-ერთმა "უჩინარმა“, როგორც მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა უწოდეს, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო. მოკლედ, "ქართულმა ოცნებამ" ვითომ "მაჟორიტარების" ამბოხის შედეგად, ცვლილებები ჩააგდო, თუმცა ამ "ამბოხის" არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავინ დაიჯერა. კანონპროექტის ჩავარდნის კვლადაკვალ საპარალმენტო უმრავლესობა იმჟამინდელ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთნ ერთად დატოვა დაპუტატთა იმ ჯფუფმა, რომელიც "ქართული ოცნების" ე.წ. პროდასვლურ ფრთად მიიჩნეოდა. შედეგად მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამდენი კრიტიკული წერილი არცერთი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ არ დაწერილა. სწორედ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შეიქმნა მოლაპარაკებების მაგიდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელზეც მიღწეული შეთანხმების თანახმად, "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწია საარჩვევნო სისტემის შეცვლა. საკონსტიტუციო ცვლილბების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა შემცირდა 30-დე, საარჩევნო ბარიერად კი 1% გამოცხადდა. ასევე შემოიღეს ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი, ანუ თუ პარტია 40%-ზე მეტ მხარდაჭერას არ მიიღებს, ის ერთპიროვნულად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

  • "გამოდი გარეთ-მეთქი!"

ბესელია-ზარდიაშვილის კონფლიქტი ერთადერთი არ ყოფილა მე-9 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში. არანაკლებ სკანდალური იყო პლენარული სხდომა, რომელზეც "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ირმა ინაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს მმართველობის პერიოდს დანაშაულებრივი რეჟიმი უწოდა. ეს "ნაცმოძრაობის" დეპუტატს ნიკა მელიას უპასუხოდ არ დაუტოვებია. ინაშვილმა ჯერ ტრიბუნიდან მიმართა დეპუტატს: "დამშვიდდით, მიხედეთ თქვენს თავს, თქვენ და მიხეილ სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ, სხვათა შორის, და ყველა გასამართლდებით დრო მოვა. დამშვიდდით, თუ ვერ მშვიდდებით, შეგიძლიათ, იმკურნალოთ... ხმა ჩაიკმინდე ეხლა! გაჩუმდი და იჯექი მშვიდად! ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში. წყნარად იჯექი მანდ!" - უთხრა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას. დეპუტატებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ საქმეში გასაშველებლად სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერების შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა, მაგიდასთან მივიდა და მას ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურებმა განმუხტეს. "როდესაც ვუთხარი, გამოდი გარეთ-მეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, - განაცხადა ინაშვილმა.

  • გაყოფილი "ნაცმოძრაობა"

საკმაოდ სკანდალური გამოდგა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც" მე-9 მოწვევის პარლამენტი. რომლის ერთიანი სიით შესული დეპუტატები მალევე 2 ნაწილად გაიყვნენ.

ვითარება სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა და უთანხმოება პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკას შეეხებოდა. 2017 წლის იანვარში, რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" ორად გაიყო - ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21-მა დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა. მოგეხსენებათ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” აგრძელებენ. ამ პროცესის შედეგად "ნაციონალურ მოძარობას" პარლამენტში 5-კაციანი ფრაქცია შერჩა.

"სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?!" - რას ამბობენ გუგული მაღრაძე და ენძელა მაჭავარიანი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ

უკრაინული გამოცემა ავრცელებს კადრებს, სადაც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმაა გადაღებული

"მიხეილ სააკაშვილს რესტორანში თავს დაესხნენ" - რას წერს უკრაინული მედია