პარტია "სამართლიანი რუსეთის“ ლიდერი, სერგეი მირონოვი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რუსული "სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ. ამის შესახებ გამოცემა ria.ru წერს.
მირონოვის თქმით, დაძველებულ კონფლიქტს ნატო-ს წევრი თურქეთი ხელოვნურად აღვივებს.
"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი აღვივებს დაძველებულ კონფლიქტს.
ვთვლი, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმების შემდეგ, რუსეთის მხრიდან შესაძლოა, სამშვიდობო ძალების შეყვანა გახდეს საჭირო“, - ამბობს რუსი პოლიტიკოსი.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.