სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. შეიძლება დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებიც. ჩვენ მოვლენათა ყველა შესაძლო სცენარით განვითარებას განვიხილავთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა პარტია "გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის, დეპუტატ ედმონ მარუკიანის კითხვაზე პასუხისას.
ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა "ტვიტერზეც“ დაწერა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არცახის "უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტორია“.
"დღეს სომხეთი არცახის გვერდით დგას მისი სრული სახელმწიფო პოტენციალითა და მოსახლეობით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.