თორნიკე ათაბეგაშვილი სტუდენტია, ვეტერინარის პროფესიას ეუფლება. ამასთან, უკვე დიდი ხანია, ფერმერია. ასაკის მიუხედავად, მასზე უფროს ფერმერებს ტოლს არ უდებს და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.
თორნიკე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ცხოვრობს. მის ოჯახს 2008 წლიდან აქვს მესაქონლეობის ფერმა, რომლის გაუმჯობესება, საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვა, დღესაც გრძელდება. ჩვენი რესპონდენტი ფერმაში უმეტესად მამასთან ერთად მუშაობს, თუმცა ოჯახის სხვა წევრებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
"ძირითადად, მეხორცულ მესაქონლეობას მივდევთ, თუმცა მერძეული საქონლის მომრავლებასაც ვცდილობთ. 50-მდე სული მაღალპროდუქტიული ჯიშების საქონელი გვყავს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური.
ფერმის მენეჯმენტი მე მეხება, მამაჩემს - პროდუქციის რეალიზება, გვყავს დაქირავებული მუშახელიც. მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რთული დარგია, უდიდეს ადამიანურ რესურსს, უამრავი სირთულის დაძლევას მოითხოვს, მით უმეტეს, საქართველოში. მე მომავალი ვეტერინარი ვარ. ეს ფაკულტეტი ცხოველების სიყვარულის გამო ავირჩიე", - გვიამბობს თორნიკე, რომელმაც წლეულს სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ჩრდილოეთ დაკოტის შტატში, მეხორცული მიმართულების საოჯახო ფერმერულ მეურნეობაში.
აშშ-ში თორნიკე საქართველოს ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელშეწყობით მოხვდა. ერთი სემესტრი მინესოტის უნივერსიტეტში ისწავლა. ასე რომ, ამერიკაში წელიწადი და ოთხ თვე გაატარა.
თორნიკე ათაბეგაშვილი:
- უნივერსიტეტში, ძირითადად, ფერმის მენეჯმენტის საგნები ავირჩიე, რადგან საოჯახო ფერმერულ მეურნეობაში დიდი გამოცდილება შევიძინე.
- რით განსხვავდება იქაური ფერმა ჩვენი ქართული, ტრადიციული მეცხოველეობის ფერმისგან?
- განსხვავება ტექნოლოგიებში, ფერმერების ინფორმირებასა და მენტალიტეტშია. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ ისეთი, რასაც ჩვენ არ ან ვერ ვიყენებთ. მათი მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაფერი უცხო და გამორჩეული იყო. თითოეული ფერმერი განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად მუშაობდა. ფერმერს, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა და მიზანი აქვს, პროტოკოლს დარგის სპეციალისტები აძლევენ. ვეტერინარებიც ვაქცინაციის სქემებსა და გეგმებს მათთან შეთანხმებით ადგენენ. ფერმები დარგებად არის დაყოფილი: მეცხოველეობის, სანაშენე, საგამოფენო ცხოველების... სპეციალისტი ფერმაში თავისი ლაბორატორიით მოდიოდა. შეიძლება სულ არ ჰქონოდა საქმე ფერმაში, მაგრამ მაინც მოვიდოდა ექიმის თვალით პირუტყვის დასახედად. როცა პირუტყვი აუქციონზე გადიოდა, მას ყოველმხრივ ამოწმებდნენ - სისხლის ანალიზს უღებდნენ, ადგენდნენ, რა ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, რა პერიოდში იყო რეკომენდებული მისი დაკვლა და ბაზარზე ხორცის გატანა. პროტოკოლს ყველა ფერმერი მკაცრად იცავს. მე ამ ყველაფერს ვიწერდი და ვინიშნავდი.
- თქვენს საქმიანობაში იყენებთ ამ გამოცდილებას?
- რისი შესაძლებლობაც მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ, რაღაცები ჩემზე არ არის დამოკიდებული.
- ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ეჭვით უყურებს უცხოურ გამოცდილებას და ამბობს, მაგათ რა უნდა გვასწავლონ, როცა ჩვენი მამა-პაპა მესაქონლეობას ოდითგანვე მისდევდაო.
- მამა-პაპა რომ მისდევდა, გასაგებია, მაგრამ გამოცდილება ჩვენც ხომ უნდა მივიღოთ და ძველი და ახალი ერთმანეთს შევუთანხმოთ.
- ამერიკაში სტაჟირება პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ამან იქ პრობლემები შეგიქმნათ?
- კი, პანდემიას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი დაემთხვა. მაშინ მინესოტის უნივერსიტეტის მერძეული საქონლის საკვლევ ფერმაში ვმუშაობდი მენეჯერის ასისტენტად. ადმინისტრაციამ გადასაადგილებელი საშვი მომცა, რათა მაქსიმალურად ნაყოფიერი ყოფილიყო ჩემი იქ ყოფნა.
- სოფელს გასულ თვეში დაუბრუნდით. როგორია თქვენი ყოველი დღე ყანდაურასა და საკუთარ ფერმაში?
- ფერმაში ბევრი რაღაცის შეცვლა მიწევს, რადგან ამერიკაში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მეცხოველეობის დარგში ჩემს შეხედულებებზე. ყოველი ახალი დილა ახალი იდეის, არსებულის შეცვლისა და გაუმჯობესების მოტივატორია.
- ცხოველის მოვლა რთულია... პირუტყვი რომ ჯანმრთელი გყავდეთ, ამისთვის რას აკეთებთ?
- ქართული რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიცავ ფერმაში ბიოუსაფრთხოების ნორმებს, ვატარებ გეგმურ ვაქცინაციას და ცხოველებს სრულფასოვანი ულუფით ვკვებავ. დიდ ყურადღებას ვაქცევ პირუტყვის სიჯანსაღეს, ამიტომაც იშვიათად მიწევს ვეტერინარის მომსახურებით სარგებლობა, მათი მკურნალობა.
- რას ურჩევთ ფერმერობის მსურველებს?
- მაქსიმალურად გამოიყენონ დრო, ენერგია და რესურსები, როგორც პიროვნული, ისე საქვეყნო განვითარებისთვის. ეს ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.
- რა გეგმები გაქვთ?
- რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთანაც, რომლებიც საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე ზრუნავენ. ახლო მიზანი ბლოგის შექმნაა, სადაც მომხმარებლებს გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას და მივაწვდი სწორ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ფერმერებს ძალიან მწირი აქვთ. გარდა ამისა, ვარ ერთ-ერთი პროექტის მენეჯერი, ვთანამშრომლობთ მსხვილ ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიასთან, ვმუშაობთ სელექციის საკითხებზე, გვინდა როგორც ადგილობრივი, ისე ევროპიდან იმპორტირებული მაღალპროდუქტიული საქონლის ჯიშობრივი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და გენეტიკურად გაუმჯობესება. უფრო შორეული მიზანი უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაა. მინდა ისინიც გაეცნონ ჩვენი ფერმერების საქმიანობას, პრობლემებს და შემდგომ ერთობლივად დავსახოთ განვითარების გზები.