ავტორი:

"იმ საშინელ დღეს მთელი უბანი შეიკრიბა, რომ ჩემთვის მათი სიკვდილის ამბავი ეთქვათ..." - როგორ იხსენებს ბელა ზალდასტანიშვილი გმირ ძმებსა და შვილებს, რომლებიც სოხუმში ერთ დღეს დაიხოცნენ

"იმ საშინელ დღეს მთელი უბანი შეიკრიბა, რომ ჩემთვის მათი სიკვდილის ამბავი ეთქვათ..." - როგორ იხსენებს ბელა ზალდასტანიშვილი გმირ ძმებსა და შვილებს, რომლებიც სოხუმში ერთ დღეს დაიხოცნენ

ზუსტად 27 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

1993 წლის 27 სექტემბერს ქართველებმა იძულებით დატოვეს ომის ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი. მას შემდეგ, ყოველი წლის ამ დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველებზე გამარჯვებას ზეიმობენ, მაშინ როდესაც, დანარჩენი საქართველოსთვის ეს თარიღი გლოვისა და ენითაღუწერელი დანაკარგის დღეა...

ომმა, რომელმაც ერთ დროს კეთილმეზობლურად მცხოვრებ ქართველებსა და აფზახებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შუღლი ჩამოაგდო, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვინაიდან მეომრები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, სამშობლოს თავისუფლების დაცვის იდეით იბრძოდნენ, 27 სექტემბერი გმირულად დაღუპულთა ხსოვნის დღეცაა.

AMBEBI.GE გიამბობთ ბელა ზალდასტანიშვილის ოჯახის ისტორიას, რომელიც ომში გმირულად დაღუპულთა ოჯახებისგან თავისი ტრაგიკულობით გამოირჩევა. მან ერთ დღეს დაკარგა ოჯახის ოთხი წევრი - ტყუპი ძმები, 28 წლის ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და შვილები - 23 და 24 წლის თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები.

ოთხივე მათგანი იყოფებოდა იმ თვითმფრინავში, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძის გამოსაყვან ოპერაციაში მონაწილეობის ფარგლებში, სოხუმში გაფრინდა. თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს.

ძმები ზალდასტანიშვილები და ძმები წიკლაურები 21 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. 2014 წლის 6 დეკემბერს დნმ-პროფილებისა და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალების შესწავლის შემდეგ, იდენტიფიცირებული 4 ნეშტი ოჯახს გადასცეს.

ბელა ზალდასტანიშვილი AMBEBI.GE-სთან გმირი ოჯახის წევრების შესახებ ისტორიებს იხსენებს. შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ იყვნენ ისინი, რომლებმაც მათ სამშობლო შეუნარჩუნეს.

"რამდნეიმე დღის წინ გაიხსნა ჩემი ძმების სახელობის სკვერი. სკვერში არის აბრა, რომელზეც წერია, რომ იგი ძმები წიკლაურების სახელობისაა, მაგრამ არ აქვს მიწერილი, ვინ იყვნენ ისინი. რატომ არის ეს სკვერი მათი სახელობის. შესაძლოა, ახლაც ბევრმა არ იცოდეს ვისი სახელობის სკვერში სეირნობს, ან ვისი სახელობის ქუჩაზე დადის. ნუცუბიძეზე არის ჩემი შვილების, ძმები ზალდასტანიშვილების სახელობის ქუჩა. კარგი იქნება, თუ ორი სიტყვით მაინც მიაწერენ, ვინ იყვნენ ისინი", - გვეუბნება შვილმკვადრი დედა.

ბელა ზალდასტანიშვილი გვიყვება, რომ სანამ ომი დაიწყებოდა, ზალდასტანიშვილები თბილისში ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახად ცხოვრობდნენ. ერთი ძმა სამხატვრო აკადმიაში სწავლობდა ფერწერაზე, ხოლო მეორე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ორივე მათგანს ჰყავდა მეუღლე და შვილები. ვიდრე ომში გაიწვევდნენ, ძმებმა ერთად მოიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსეთში.

"9 აპრილი დაემთხვა მათ ჯარში ყოფნას. მაშინ ამ ისტორიას ბიჭები როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ყვებოდნენ. მეც ასე აღვიქვამდი. ახლა რომ ვუკვირდები, ჩვეულებრივი არ იყო მათი საქციელი. მათ ადგილზე ბევრი ვერ გაბედავდა ასე მოქცევას. ზურა მომიყვა, 10 აპრილს დილის 5 საათზე ჩვენს ნაწილში განგაში ატყდა და რიგი მოაწყვესო. ჯარის მეთაურმა დაიძახა, ზალდასტანიშვილები ერთი ნაბიჯით წინ გამოდითო. მარტო ჩემი შვილები იყვნენ ქართველები იმ ნაწილში. მეთაურს ჩემი ბიჭებისთვის უთქვამს, თქვენმა მხეცმა ქართველებმა ჩვენი რუსი ძმები ჩახოცეს. თქვე უმადურებო და დაუნახავებო, ჩვენ გაჭმევდით და გასმევდით და ეს როგორ გააკეთეთო. ზურიკოს უთმენია, უთმენია და ბოლომდე მაინც ვერ მოუთმენია... გაბრაზებულა, ამოუღია კომკავშირის მანდატი, იქვე დაუხევია და სახეში მიუყრია უფროსისთვის - თქვენი სარჩენი ჩვენ რა გვჭირდა, თქვე ღორებო, ჩვენ გინახავთ დღესაცო, უთქვამს. რას უზამდნენ, წაიყვანეს და ჩასვეს "გაუბახტში". დამირეკა ჩემმა მეორე ბიჭმა, ჩამოდით, მიხედეთ საქმესო. საკმაოდ გავლენიანი ხალხი მყავდა ამ სისტემაში. გადავფრინდი მაშინვე, ჩავრიე ხალხი და საქმე მოგვარდა. გამოუშვეს ზურიკო "გაუბახტიდან", ის ჯარის მეთაური კი მოხსნეს თანამდებობიდან. თან მქონდა წაღებული გაზეთები, სადაც ცხრა აპრილის შესახებ ეწერა. რომ ვანახე ჩემს შვილებს, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ დაგვიჩეხეს ახალგაზრდები. გაოგდნენ.... იტირეს...", - იხსენებს ბელა ზალდასტანიშვილი.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ძმებმა მუშაობა უშიშროების სამსახურში დაიწყეს. მათათან ერთად მუშაობდნენ ვასიკო და ნუკრი წიკლაურებიც.

"მაშინ ავთო იოსელიანი მუშაობდა საპასუხიმგებლო პოზიციაზე უშიშროებაში. ძალიან მოეწონა ჩემი ძმები. ვაჟკაცი, რაგბისტი ბიჭები იყვნენ და სამსახური შესთავაზა. შემდეგ ჩემი ბიჭები გაიცნო და მათაც დააწყებინა მუშაობა. ოთხივე ერთად იზრდებოდნენ, როგორც ძმები, სულ ერთად იყვნენ და ერთადაც დაიხოცნენ. ჩემი ძმები რომ გაჩნდნენ, მე 16 წლის ვიყავი. შვილებივით გამოვზარდე. 1993 წლის 22 სექტემბერს, როდესაც ბოლოჯერ გაფრინდნენ სოხუმში. მე არაფერი ვიცოდი. არ მითხრეს, რადგან მანამდე კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და შეშინებული ვიყავი. ეს ტრაგედია ისე მოხდა, ისე გადაუხდიათ ორმოცი უბანში ბიჭებს ჩემი შვილებისთვის, ვერაფერი გავიგე. ჩემმა რძლებმაც იცოდნენ და არ მეუბნებოდნენ. როგორი სათქმელი იყო... მაგრამ როდემდე დამიმალავდნენ. იმ საშინელ დღეს მთელი უბანი შეიკრიბა, რომ ჩემთვის ეს ამბავი ეთქვათ. ორი უცნობი კაცი მომიახლოვდა, ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრაო. შენი ბიჭები დაიღუპნენო და ორივემ თავი ჩახარა. როგორ, ოთხივე მოკვდა, არც ერთი აღარ არის-მეთქი? რომ დამიდასტურეს, მას შემდეგ არაფერი მახსოვს...

შემდეგ იყო მრავალი ცრემლით, ტკივილით და მოლოდინით აღსავსე დღე და წელი. იმის მოლოდინით, რომ ოდესმე ჩემი საყვარელი შვილების საფლავი მექნებოდა. ამ ნატვრაში 20 წელი გავატარე. ახლა ჩემი ნუგეში მათი საფლავია და მათი შვილები. ოთხივეს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლეები, რომლებიც თავიანთ სფეროებში წარმატებულები არიან და კარგი სამსახურები აქვთ. არ მაკლებენ ყურადღებას და მზრუნველობას. ოთხივეს დარჩა შვილი. მამა ფიზიკურად არც ერთს ახსოვს, მაგრამ ზეპირად იციან ისტორიები მათ შესახებ და ძალიან ამაყობენ. მადლობა ღმერთს, რომ მათი შვილები წესიერი და შემდგარი ახალგაზრდები არიან", - ამბობს ბელა ზალდასტანიშვილი და გვთხოვს, განსაკუთრებით ხაზგასმით მისი ნაამბობიდან ეს ნაწილი დავწეროთ:

"ამხელა ტკივილით ვცოხოვრობ, არავის ვუსურვებ, მტერსაც კი, ჩემ ადგილზე ყოფნას, მაგრამ მადლიერი ვარ უფლის, რომ ისინი გმირულად დაიხოცნენ. ასევე, მადლიერი ვარ იმის გამო, რომ უფალმა დაუშვა და არ გავბოროტდი. ტელევიზიით რომ ვისმენ საშინელ ინფორმაციებს, სასტიკი მკვლელობის, როგორ იმეტებენ ახალგაზრდები ერთმანეთს, როგორ ხოცავენ ერთი ოჯახის წევრები ერთმანეთს, ნერვიულობისგან კიდევ უფრო ცუდად ვხდები. რა გაბოროტებთ ასე?! ისედაც რამდენი ვართ დარჩენილი... რა გაქვთ გასაყოფი... ნუთუ, არ შეიძლება გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს".

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი

"ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში" - ფაშინიანი