ავტორი:

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხრობს

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხრობს

„ვინ არის მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე ცნობილი ქართველი?“, - რთულია, ამ კითხვაზე უპასუხო, რადგან მსოფლიოში ცოტამ თუ იცის იმ ქართველების შესახებ, რომელთაც მსოფლიო ისტორიაში დიდი მიღწევები აქვთ.

ამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ დიდი ქართველების შესახებ ბევრი რამ თავადაც არ ვიცით. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა მტრის შემოსევებისა და ომის შემდეგ, ბევრი ქართველი ქვეყნიდან უგზო-უკვლოდ იკარგებოდა, შემდეგ კი შორეული ქვეყნების სანაპიროებზე მაღალი სამხედრო წოდებით იბრძოდა ან წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში.

ალბათ, ამ რთულ კითხვაზე პასუხს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორისა და ბევრი ჩვენგანის საყვარელი საავტორო დოკუმენტური ფილმების ავტორის გიორგი კალანდიას სამეცნიერო ნაშრომი - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ გვაპოვნინებს.

პროექტი გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ მზადდება და გამოცემა მკითხველისთვის 16 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. “ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ წარმოადგენს გიორგი კალანდიას სიღრმისეულ ნამუშევარს მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ღვაწლის შესახებ, რომელთა დიდ ნაწილსაც არათუ ვიცნობთ, მათ შესახებ არც კი გვსმენია.

ავტორი და გამომცემლობა უკვე ორი წელია მუშაობენ ამ პროექტზე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მიღმა მცხოვრებ ქართველთა უმდიდრეს ისტორიას. წიგნი-ალბომი სავსეა იშვიათი ფოტომასალით, უნიკალური დოკუმენტების ფოტოასლებით და მიმოწერიდან ამონარიდებით, რომლებიც ავტორმა, ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში, არქივებსა თუ სამუზეუმო საცავებში აღმოაჩინა, შეისწავლა და, საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაშრომად აქცია.

წიგნში ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი მასალები 40-მდე ქვეყანაში ქართველთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ქართველები ავღანეთში, ალჟირში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთსა და ეგვიპტეში.

რას შევიტყობთ წიგნიდან და როგორ მიმდინარეობდა მასზე მუშაობის პროცესი, ამის შესახებ თავად გიორგი კალანდიამ გვიამბო:

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი ნაშრომი შეგექმნათ და აქამდე თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი?

შეიძლება, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს, თუმცა არც არის დასამალი, რომ ამბიციური პროექტია, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ქართველთა ისტორიული კვალის ასახვას მთელ მსოფლიოში უძველესი დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე.

ხშირად მომისმენია კითხვა - რა გააკეთეს, რა მისცეს ქართველებმა მსოფლიოს?! ზოგჯერ გიწევს-ხოლმე ამ თემაზე დაფიქრება და ეს ნაშრომი სწორედ ამ ფიქრის შედეგია.ამ წიგნისათვის ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი მასალებს. ნაშრომში მოთხრობილია არამარტო ჩვენებურების შესახებ თურქეთში ან ინგლისსა და საფრანგეთში და ეგვიპტელი მამლუქების ისტორიები, არამედ ზოგიერთი ქვეყნის შესახებაც, რომელიც მკითხველისთვის მოულოდნელი იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემ მიერ არ არის აღმოჩენილი, გამორკვეული და ნაჩვენები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ქართველი ისტორიკოსები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, ერთიანი კვლევის საგანი არ ყოფილა. ნაშრომში 400-ზე მეტი ილუსტრაციაა გამოყენებული, 800-ზე მეტი გვერდია, რომელშიც უდიდესი შრომა ჩავდეთ. ამ თვალსაზრისით მე მაძლიერებს ისიც, რომ ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორია ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი მეცნიერი, შესანიშნავი ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე, რომლისთვისაც ქართველთა ისტორიული კვალის შესწავლა უცხო არ არის.

- როცა უცხოეთში ეცნობოდით ამ ნაშრომებს, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად დიდია მსოფლიო ისტორიაში ქართველების ღვაწლი?

ალბათ, თქვენც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა და მეც. მახსენდება, მიუნხენში ერთ-ერთ გაჩერებაზე ვიდექი ჩემს მეგობართან ერთად და ერთ-ერთმა გერმანელმა ქალმა ჩვენი ქართულად საუბარი რომ მოისმინა, გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო, ჩვენ ვუპასუხეთ - „ქართულად“. მოგვიტრიალდა და დაგვისვა ძალიან მარტივი შეკითხვა - „ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი მთელი მსოფლიოსათვის?“

პირველი, რომ ფიქრი მოგვიწია, შემდეგ პასუხი გავეცით, ალბათ, თქვენც ხვდებით რაც... ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, რომელთაც ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ კარგად, ამიტომაც ამ ნაშრომის უმთავრესი მიზანი არის ესეც, რომ სწორედ ასეთი თითქოს უწყინარი და ადვილი კითხვის დასმის დროს ნებისმიერს შეეძლოს პასუხის გაცემა. ყველას ჰგონია, რომ ეს არის სტალინი ან საბჭოთა ლიდერები.

- დასმულ შეკითხვაზე თქვენ სტალინი უპასუხეთ?

არა, მე სტალინი არ მიპასუხია, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, ეს იყო პირველი, რაც თქვა და აბსოლუტურად მესმის მისი. ინსინტქურად უთხრა! ხშირად ასეა, რომ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჰგონიათ და ამის სისწორეზე არ დავიწყებ საუბარს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არ უნდა ვიცოდეთ კიდევ სხვა ქართველების შესახებ, რომელთაც ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაში თავიანთი როლი ითამაშეს, მათ შორის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. ის, რომ 20-მდე ქართველი გენერალი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, თავად ქართველებმა არ იციან.

„როგორი იყო ქართველების წვლილი მსოფლიოში?“ - ჩვენისთანა პატარა ერის შესაბამისობაში შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი. თუ თქვენ გაითვალისიწნებთ, თანამედროვებას შეხედავთ და ნახავთ, რამდენი ცნობილი ქართველია, მაგალითად, მსოფლიო სპორტში, მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში. ეს ყველაფერი გადაამრავლდეთ წინა საუკუნეზე და მიხვდებით, რომ არცთუ ისე ნაკლები ქართველო გვყავდა ბევრ დარგში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ.

- მსმენია, მოსაზრება, რომ საქართველოს ისტორია, ეს არის მეფეების ისტორია და არა ხალხის.როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ შექმნილი ნაშრომი სწორედ ხალხის ისტორიას გვიამბობს?

ეს მოსაზრება მეც ხშირად გამიგია და ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ყველა დიდ ისტორიას წერენ დიდი პიროვნებები.

საბედნიეროდ ამ წიგნში მეფეების ისტორია არ არის მოთხრობილი, თუმცა არც უმაგისობაა. ჩვენ გვყავდა ბევრი ქართველი მეფე, რომელიც ცხოვრობდა უცხოეთში და თავიანთი მოღვაწეობის იმ ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაამჩნიეს. თუნდაც ვახტანგ VI ან არჩილ მეფე, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვეულებრივი ქართველების ისტორიებია, რომლებმაც უმაღლეს საფეხურებამდე მიაღწიეს - ესენიიქნებიან მამლუქები თუ ირანში გატაცებული ტყვე ქართველები, რომლებმაც უმაღლეს ხელისუფლებას მიაღწიეს ან ისინი, ვინც ტყვედ გაიყიდნენ და შემდეგ ალჟირის ნაპირებთან იბრძოდნენ, როგორც ადმირალები. მაინც ალბათ ეს არის ჩვეულებრივი ხალხის ისტორია, არა მეფეთა და მთავართა.

- საინტერესოა, კონკრეტულად, რა ვიზუალურ მასალას ვიხილავთ თქვენს ნაშრომში, რაზე მოგვითხრობს ის?

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ ვიზუალურ მასალას, რადგან ინტერნეტში ხშირად, გაუგებარი გამოსახულებები ვრცელდება ხოლმე. საქართველოს ერთ-ერთი დიდი და წამყვანი მუზეუმის ხელმძღვანელი ვარ, აქედან გამომდინარე, წვდომა მაქვს ძალიან ბევრ ვიზუალურ მასალაზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ამასთანავე, ჩვენ ვართ Google-ის კულტურული ინსტიტუტის წევრები, რაცბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ბევრი მუზეუმის ძველი საცავიდან და არქივიდან მივიღეთ ექსკლუზიური მასალა და ექსკლუზიურად ბეჭდვის უფლება გვაქვს. ასევე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მსოფლიოში აპრობირებულია - „პალიტრა L”-თან ერთან, ბევრი ისტორიული ფაქტის რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, რაშიც მხატვრებიც იყვნენ ჩართულებით. შედეგად, მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა გვაქვს, რასაც მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ნამუშევარი ის, რასაც ელოდით, რაც გსურდათ, რომ ყოფილიყო?

ამ წიგნზე ფიქრი და მუშაობა 2007 წელს დავიწყე და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ტომად გამოვა. არ ვიცი როგორი გამოვიდა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელ სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაწყებული რედაქტორებიდან დამთავრებული მხატვრული კონცეფციის ავტორით - ყველამ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ გამოცემის მომზადებაში.

მაია ალუდაური - მთავარი რედაქტორი, და ნესტან მაღალაშვილი - მხატვრული კონცეფციის ავტორი და დიზაინერი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი იშრომეს. მათთვის მითქვამს და ახლა პირველად აღვნიშნავ: მეტი არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ჩვენი სამშობლოს წინაშე რაღაც წვლილი გავიღეთ და როგორც ვახტანგ ჯოხაძე ამბობდა: ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ვამჯობინე.

რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი

"ლიბერთინსი" ტრადიციული აქციით ბრუნდება - დიდი ფასდაკლება სერიის ახალ გამოცემაზე

სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?