საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და მხოლოდ ლოკალური ხასიათი ექნება.
ამასთან, როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ქართული ჯანდაცვის სისტემა სუსტია, ქვეყანა პანდემიას კარგად გაუმკლავდა.
„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან ერთად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი ოდენობის სამართავად დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად.
„დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობენ ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ამ ეტაპების შემდგომ ეფექტურად მუშაობს ტესტირება... დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენისა და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე - ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები. ამით უნდა შეანელოს ვირუსის გავრცელება და შემდგომ კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს ჩვენს მოქალაქეებს, ისინი სწრაფად უნდა დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას.
მარტის თვეში ტესტს აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს არის 22 ასეთი ლაბორატორია. ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას. სწორედ აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ვირუსი არსად არ წასულა და მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება.
„ვირუსი არის ჩვენთან და როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო ნაკლები გვექნება გავრცელება და დაწოლა ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ აქაც მართვისა და ადაპტაციის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში შეიქმნება ვაქცინა", - განაცხადა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭის დღევანდელ სხდომაზე იმ ეტაპებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს.
„რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გახარიამ.